ას-251-582-07 14 მაისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ი. ჩ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ქ. ფოთის ს...
სს “მ...” (მოპასუხეები)
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმის გაუქმება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ჩ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ქ.ფოთის ს...ისა და სს “მ...ს” მიმართ და მოითხოვა სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმის გაუქმება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 ივლისისა და 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სს “მ...ს” სამეთვალყურეო საბჭოს 2005 წლის 23 მაისისა და 27 მაისის სხდომის ოქმები. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა ფოთის ს...ს, როგორც სამეწარმეო რეესტრის მწარმოებელ უფლებამოსილ ორგანოს, მაგრამ საგადასახადო ინსპექციისგან უარი მიიღო იმ მოტივით, რომ პირველ რიგში ბათილად უნდა ცნობილიყო ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 3 ივნისის დადგენილების ცალკეული პუნქტები. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ ფოთის საგადასახადო ინსპექციას სს “მ...ს” სამეთვალყურეო საბჭოს 2006 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმის შესაბამისად განუხორციელებია სამეწარეო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაცია, რომელსაც უკანონოდ მიიჩნევს. მოსარჩელემ მოითხოვა, რომ გაუქმდეს ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 3 ივნისის დადგენილებაში სს “მ...ს” დირექტორად და წარმომადგენლად ა.კ-ს დანიშვნის შესახებ ჩანაწერი, აღდგენილ იქნას დირექტორად და გაუქმდეს სს „მ...ს“ სამეთვალყურეო საბჭოს 2006 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმი.
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 3 ივნისის დადგენილებაში ჩანაწერი სს “მ...ის“ დირექტორად და წარმომადგენლად ა.კ-ს დანიშვნის შესახებ; მოსარჩელის მოთხოვნას სს “მ...ს” სამეთვალყურეო საბჭოს 2006 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმის გაუქმებასთან დაკავშირებით უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჩ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს “მ...ის” დირექტორ ა. კ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება; არ დაკმაყოფილდა ი. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება.
ზემოთ მითითებულ სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ი. ჩ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ი. ჩ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწვეტილება და დაინიშნა სააპელაციო საჩივრის არსებითი განხილვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს “მ...ს” დირექტორის – ა. კ-ს შუამდგომლობა; მიღებულ იქნა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება; არ დაკმაყოფილდა ი. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 იანვრის განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ი. ჩ-მ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვტილებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ იგი (ი. ჩ-ე) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით მოწვეული არ იყო სასამართლო სხდომაზე. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, დარღვეულია სამართლის ნორმები; გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი და იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ასევე გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მათი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია და შესაბამისად, არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით დადგენილი გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მარტის განჩინებით ი. ჩ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ი. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ი. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მარტის განჩინებით ი. ჩ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 155-156).
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე ი. ჩ-ს გაეგზავნა 2007 წლის 2 აპრილს (ს.ფ. 157); კასატორს განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 16 აპრილს (ს.ფ. 158), მას შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 26 აპრილის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 იანვრის განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.