ას-25-380-07 5 მარტი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ნ. ჯ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – .. .. .. (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ჯ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს .. .. .. მიმართ, სადაც მიუთითა, რომ გაზეთ „მ-ს“ 2005 წლის ... ივლისის ნომერში მე-5 გვერდზე .. .. .. პრესცენტრის სახელით გამოაქვეყნა წერილი, სადაც გაუანალიზებლად, აშკარად ცრუ ბრალდებით, შელახა მისი პატივი და ღირსება; .. .. .. მიერ მის მიმართ გამოქვეყნებული წერილი ცილისწამებლურია, შეგნებულადაა შეთითხნილი მისი დისკრედიტაციის მიზნით, რითაც შეილახა მისი პატივი და ღირსება. გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელემ მოითხოვა .. .. .. მის სასარგებლოდ დაეკისროს 5000 ლარის გადახდა მორალური ზიანის მიყენებისათვის.
მოპასუხემ .. .. .. წარმომადგენელმა ა. კ-მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მათი წერილი პასუხია ბატონ ნ. ჯ-ს მიერ 2005 წლის ... ივნისის გაზეთ „მ-ში“ გამოქვეყნებულ წერილზე. .. .. .. ამ პასუხით არ ჰქონდა გამიზნული ბატონ ნ. ჯ-ს შეურაცხყოფა ან დისკრედიტაცია. მოცემულ შემთხვევაში მათი წერილი ბატონ ნ. ჯ-ს მიერ მათ წინააღმდეგ გამოქვეყნებული წერილის თანაზომიერი პასუხია.
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ჯ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ნ. ჯ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა. ნ. ჯ-მ. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონის დარღვევით არის გამოტანილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინებით ნ. ჯ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მეხუთე ნაწილის შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ნ. ჯ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 15 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინებით ნ. ჯ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 103-105).
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა 2007 წლის 22 იანვარს (ს.ფ. 106); კასატორს განჩინების ასლი პირადად ჩაჰბარდა 2007 წლის 2 თებერვალს (ს.ფ. 107). კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 19 თებერვლის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.