Facebook Twitter

ას-254-585-07 28 მაისი,2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – დ. კ.-ე (მოპასუხე)

წარმომადგენელი – ა. მ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ფ. ი.-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

დავის საგანი –დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2003 წლის 11 სექტემბერს ფ. ი.-მ ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა დ. კ.-ის მიმართ და მოითხოვა 3000 ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით: 2002 წლის 3 თებერვალს დ. კ.-მ ფ. ი.-ს მიაყენა სხეულის მძიმე დაზიანება, რის გამოც მოსარჩელის ჯამრთელობა გაუარესდა და მას დასჭირდა მკურნალობის ხარჯების გაღება. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 დეკემბრის განჩინებით დ. კ.-ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლით და მიესაჯა პირობითი მსჯავრი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დანაშაულის მიზეზი იყო მოსარჩელის ბრალეული ქმედება, რამაც მოპასუხე მიიყვანა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობამდე. ასევე ხელოვნურად იყო გაზრდილი მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.

ამბროლაურის რაიონული საამართლოს 2003 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ. ი.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დ. კ.-ს ფ. ი.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1500 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. კ.-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა დ. კ.-ის წარმომადგენელმა ა. მ.-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინებით დ. კ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

პალატამ მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო საამართლოს 2006 წლის 11 სექტემბრის მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა დ. კ.-ე, რომელსაც სასამართლო უწყება ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. 2006 წლის 1 სექტემბერს აპელანტის წარმომადგენელმა წერილობით იშუამდგომლა საქმის წარმოების გადადების თაობაზე. საქმის განხილვის გადადების მოტივად მიუთითა, რომ 2006 წლის 11 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გრძელდება სააპელაციო საჩივრის განხილვა მისი მარწმუნებლის მ. მ.-ის საქმეზე, რომლის სხვა დროისათვის გადადება შეუძლებელია, ვინაიდან არაერთხელ იქნა გადადებული, ხოლო 2006 წლის 7 სექტემბერს აპელანტმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ავადმყოფობის გამო საქმის წარმოების გადადებაზე თაობაზე.

პალატამ მიიჩნია, რომ წარმომადგენლის მოუცლელობა არ ათავისუფლებს მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოცხადების ვალდებულებისაგან, ხოლო აპელანტის არ წარმოდგენია ცნობა ავადმყოფობის თაობაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. კ.-ის წარმომადგენელმა ა. მ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მათი შუამდგომლობა საქმის გადადების თაობაზე, მათ მიერ მითითებული გარემოებები წარმოადგენდა საპატიო მიზეზს და შესაბამისად პალატას არ ჰქონდა უფლება მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2006 წლის 11 სექტემბერს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. ის გარემოება, რომ კასატორის წარმომადგენელმა ათი დღით ადრე აცნობა სასამართლოს პროცესზე გამოუცხადებლობის თაობაზე ვერ იქნება მიჩნეული საპატიო მიზეზად. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში მართლაც იყო კასატორის წარმომადგენელი დაბარებული სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გადაედო სხდომა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. იგივე შეიძლება ითქვას თვითონ აპელანტის განცხადებაზე სხდომის გადადების თაობაზე.

ის გარემოება, რომ აპელანტმა სასამართლოში წარმოადგინა ამონაწერი ავადმყოფის ამბულატორული სამედიცინო ბარათიდან, არ შეიძლება გახდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი უთითებს იმ აუცილებელ რეკვიზიტებზე, რომელიც უნდა იყოს მითითებული ავადმყოფობის დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, კერძოდ ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. კასატორის მიერ საქმეში წარმოდგენილი ცნობა ასეთ მონაცემებს არ შეიცავს. ამდენად იგი არ შეიძლება მივიჩნიოთ მისი გამოუცხადებლობა საპატიოობის დამადასტურებელ გარემოებად.

პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული საფუძვლები არ განეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საფუძველს, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. კ.-ის და მისი წარმომადგენლის ა. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.