Facebook Twitter

№530აპ-15 თბილისი

გ-ე თ., 530აპ-15 31 მარტი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ბ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 31 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 მაისის განაჩენით:

· თ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: თ. გ-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 0,00536 გრამი „ბუპრენორფინი“, რომელიც ამოღებულ იქნა ქ. ზესტაფონში, … ქუჩაზე, 2014 წლის 26 აგვისტოს ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მისი პირადი ჩხრეკისას;

· აღნიშნული ქმედებისათვის თ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თ. გ-ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით შემცირებული და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის 2013 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი, ხოლო ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ თ. გ-ს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 14 მაისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 26 აგვისტოდან იმავე წლის 2 სექტემბრის ჩათვლით;

· თ. გ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;

· თ. გ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის პირველი სექტემბრის განჩინებით თ. ხ-ს, ლ. ხ-ს, ლ. ხ-სა და მ. ხ-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ზესტაფონის რაიონის სოფელ …ში, საკადასტრო კოდი №… შენობა-ნაგებობით) დადებული ყადაღა.

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ. გ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ბ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ თ. გ-ს გამართლება.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 31 ივლისის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 31 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ. გ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ბ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ თ. გ-ს გამართლება შემდეგ გარემოებათა გამო: ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე, სასამართლო დაეყრდნო მოძალადე პოლიციელების ჩვენებებს და არ გაითვალისწინა პროცესზე მოწმეთა მიერ დაფიქსირებული ჩვენებები, რომ ზესტაფონში, დღის საათებში, ხალხის თვალწინ პოლიციელებმა თ. გ-ს სცემეს და ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება. ამასთან, თ. გ-ს ცემისა და ნარკოტიკული საშუალების ჩადების ფაქტზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ თ. გ-ს მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ: მოწმე პოლიციელთა ჩვენებებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ. ლ-მ. ხოლო კასატორების მითითება, რომ პოლიციელებმა თ. გ-ს ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება, არ დასტურდება საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად, მათ შორის საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას ამ ჩვენებების არასარწმუნოობის შესახებ.

3. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის საქართველოს კანონით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 31 ივლისის განაჩენი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ: თ. გ-ს დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა), შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილს. ამასთან, დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი შესაბამისი მუხლის სანქცია ითვალისწინებდა 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც წარმოადგენს მძიმე დანაშაულის კატეგორიას. ეს გარემოება კი მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის შეიცვალა დანაშაულის კატეგორია და შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 31 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ თ. გ-ს დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილთან (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).

6. რაც შეეხება სასჯელს, იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლის მიერ მნიშვნელოვნად შემსუბუქდა პასუხისმგებლობა მსჯავრდებულ თ. გ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ჩადენილი დანაშაულისთვის, პალატას მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება, ამასთან, მისი ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 31 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

2.1. მსჯავრდებულ თ. გ-ს დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილთან (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. გ-ს განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 14 მაისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 26 აგვისტოდან იმავე წლის 2 სექტემბრის ჩათვლით.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 31 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე