ას-255-586-07 21 მაისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ო. მ-ი (მოპასუხე)
წარმომადგენლები _ დ.ვ-ე, ე.ბ-ე და თ.გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “-- -- --” (მოსარჩელე)
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს “-- -- --” წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: ო., ლი., ი., ჯ., თ., ლ., მ. და მი. მ-ებისა და მესამე პირი ქობულეთის რაიონის გ...ის მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს “-- -- --” სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეები: ო. მ-ი, ლი. მ-ი, ი. მ-ი, ჯ. მ-ი, თ. მ-ი, ლ. მ-ი, მ. მ-ი და მი. მ-ი გამოსახლებულ იქნენ ქ.ქობულეთში ... ქ. ¹172-ში მდებარე დასასვენებელი სახლი “ე...ს” ¹12, ¹13, ¹14 და ¹15 საცხოვრებელი ოთახებიდან და ოთახები თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ო., ლი., ი., ჯ., თ., ლ., მ. და მი. მ-ებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს “-- -- --” წარმომადგენელი ლ.ქ-ს შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა; ლი., ი., ჯ., ლ., მ. და მი. მ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება ლი., ი., ჯ., ლ., მ. და მი. მ-ების გამოსახლების ნაწილში.
ამავე პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ო. მ-სა და თ. მ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება ო. მ-სა და თ. მ-ს გამოსახლების ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხე ო. მ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ო. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინებით კასატორს ო. მ-ს განესაზღვრა 7 დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის სახით 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად; კასატორის წარმომადგენლებს დ. ვ-ს, ე. ბ-სა და თ. გ-ს დაევალათ ზემოაღნიშნულ ვადაში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. იქვე განემარტათ, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზების შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 177-180). ეს განჩინება გაეგზავნა კასატორს და მის წარმომადგენლებს საქმეში მითითებულ მისამართებზე, (ს.ფ. 181-184). ს.ფ. 185-188-ზე წარმოდგენილი სახალხო ფოსტის შეტყობინების ბარათით ირკვევა, რომ საკასაციო პალატის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ ჩაბარდა ე.ბ-ს 2007 წლის 16 აპრილს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 23 აპრილის ჩათვლით; მაგრამ კასატორს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილ, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ვინაიდან ო. მ-მა და მისმა წარმომადგენლებმა სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ო. მ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.