ას-256-587-07 17 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ე. მ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ჟ. რ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობასა და საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანა
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ე. მ-მ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ჟ. რ-ს მიმართ და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობასა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ცხოვრობს ქ. ოზურგეთში, ... ქუჩა ¹11-ში, სამოთახიანი სექციიდან ერთ ოთახში, დარჩენილი ორი ოთახის მფლობელია ჟ. რ-ა, რომელმაც ბინა მემკვიდრეობით მიიღო მამისაგან. ბინა, რომელშიც ცხოვრობენ, არის კომუნალური, საერთო ჰოლითა და სააბაზანოთი. 2004 წლის მარტამდე ის სარგებლობდა საერთო ტუალეტით, ხოლო დერეფანი, რომლითაც ქუჩას უნდა დაუკავშირდეს, ჟ. რ-მ ამოაშენა, როგორც მესაკუთრემ.
მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულებით ჟ. რ-ს მამა ი. ჩ-ო, ფლობდა 32 კვ.მეტრ ფართს, ხოლო სამკვიდრო მოწმობის მიხედვით კი ჟ. რ-ა - 55 კვ. მეტრს. 2004 წლის აპრილამდე ცნობილი იყო, რომ ჟ. რ-ს საკუთრებას წარმოადგენდა ორი ოთახი, ხოლო ტუალეტი და დერეფანი იყო საერთო სარგებლობის და სარგებლობდა კიდეც, ვიდრე ჟ. რ-ა ამოაშენებდა ამ ფართს. სამკვიდროს გახსნის საფუძველი უნდა ყოფილიყო პრივატიზაციის ხელშეკრულება. ჟ. რ-ს უნდა გადასცემოდა ის ფართი, რომელსაც საკუთრებაში ფლობდა აწ გარდაცვლილი მამამისი.
მოსარჩელემ მოითხოვა ცვლილებების შეტანა ჟ. რ-ს სახელზე გაცემულ კანონისმიერ სამკვიდრო მოწმობაში და, შესაბამისად, საჯარო რეესტრში, კერძოდ, სამკვიდრო მოწმობაში მამის მემკვიდრეობად ნაცვლად 55 კვ. მეტრისა, მითითებულიყო პრივატიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 32 კვ. მეტრი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. მ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ე. მ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ სადავო ფართი მხარეებს თანასაკუთრებაში არასოდეს ჰქონიათ და სადავო ფართის ჟ. რ-ს სახელზე აღრიცხვით მოსარჩელის უფლებები არ დარღვეულა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო ფართი საჯარო რეესტრში ჟ. რ-ს საკუთრებად აღირიცხა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, შესაბამისად, საჯარო რეესტრში ცვლილებების შესატანად საჭირო იყო ჯერ სამკვიდრო მოწმობის გაუქმება, სამკვიდრო მოწმობის გასაუქმებლად კი - საჯარო რეესტრის იმ ჩანაწერში ცვლილებების შეტანა, რომლითაც სადავო ფართი ი. ჩ-ს საკუთრებად აღირიცხა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამკვიდრო მოწმობა გაიცა კანონიერად და მისი გაუქმების საფუძვლები არ არსებობს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იმავე მხარეების მონაწილეობით სასამართლომ უკვე განიხილა დავა, რომელიც ეხებოდა პრივატიზაციის ხელშეკრულების, მათ შორის, სადავო ფართის პრივატიზაციის კანონიერებას და აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ფართი მთლიანად შედიოდა ი. ჩ-ს მფლობელობაში, რომელიც პრივატიზებაც მოახდინა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ე. მ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში არასწორად მიუთითა იმის თაობაზე, რომ სადავო ფართი მხარეებს თანასაკუთრებაში არასოდეს ჰქონიათ. კასატორი მიუთითებს, რომ სადავო ოთახი ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ შედგენილი ნახაზის მიხედვით არც ერთი მხარის საკუთრებას არ წარმოადგენდა და სწორედ საჯარო რეესტრში სადავო ფართის ჟ. რ-ს სახელზე არასწორი აღრიცხვით დაირღვა მოსარჩელის უფლებები. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ ჟ. რ-ს საკუთრებას წარმოადგენდა ორი ოთახი, ხოლო ტუალეტი და დერეფანი იყო საერთო სარგებლობის და სარგებლობდა კიდეც, ვიდრე ჟ.რ-ა ამოაშენებდა ამ ფართს. სამკვიდროს გახსნის საფუძველი უნდა ყოფილიყო პრივატიზაციის ხელშეკრულება. კასატორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 219-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ბინის მესაკუთრე მოვალეა, ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმგვარად გამოიყენოს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები, აგრეთვე, საერთო საკუთრება, რომ ამით არ შეილახოს მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესები და არ მიადგეთ მათ ზიანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ ე. მ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად არასწორად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის გამოყენება ან განმარტება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ფართი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო აწ გარდაცვლილი ი. ჩ-ს (ჟ. რ-ს მამკვიდებლის) სახელზე.
ჟ. რ-მ მემკვიდრეობით მიიღო (შეიძინა) ის ქონება, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ი. ჩ-ს სახელზე. კასატორი (მოსარჩელე) არ ითხოვს ი. ჩ-ს სახელზე სადავო ფართის საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე, ე. მ-ა არ ითხოვს და არ ასაჩივრებს ი. ჩ-ს სახელზე სადავო ფართის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელებას, მიუთითებს იმაზე, რომ ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, აღნიშნული ჩანაწერის მიმართ მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმცია და ივარაუდება, რომ ი. ჩ-ს ეკუთვნოდა ის ფართი, რომელიც მითითებული საჯარო რეესტრში (და არა ხელშეკრულებაში). აღნიშნული რეგისტრაციის ფაქტი წარმოადგენდა ჟ. რ-ს მიერ სამემკვიდრეო მოწმობის მიღების და შემდეგ ამ ფართის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ერთ-ერთ სამართლებრივ წინაპირობას.
საჯარო რეესტრის ჩანაწერი წარმოადგენს გარანტს იმისა, რომ შემძენმა (კონკრეტულ შემთხვევაში მემკვიდრემ) იცოდეს და იყოს დარწმუნებული იმაში, რომ რეესტრში მითითებული ფართი (იმ რაოდენობით რა რაოდენობითაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში) ნამდვილად ეკუთვნის საჯარო რეესტრში მითითებულ პირს (კონკრეტულ შემთხვევაში მამკვიდრებელს). ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ კასატორი სადავოდ ხდის მხოლოდ სამკვიდრო მოწმობაში და მის საფუძველზე ჟ. რ-ს სახელზე განხორციელებულ ჩანაწერებს საჯარო რეესტრში, საკასაციო პალატა თვლის, რომ ჟ. რ-ს მამკვიდრებლის (ი. ჩ-ო) სახელზე განხორციელებული პრივატიზაციის ხელშეკრულებაში მითითებული 32 კვ.მ არ შეიძლება იყოს სამკვიდრო მოწმობაში და ჟ. რ-ს სახელზე საჯარო რეესტრში ცვლილების განხორციელების საფუძველი, რადგან სამკვიდროს (უძრავი ნივთის) მიღების ერთ-ერთ სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს არა ხელშეკრულებაში მითითებული ფართის რაოდენობა და ა.შ, არამედ მამკვიდრებლის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფართი (რაც დავის საგანს არ წარმოადგენს).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კასატორი არ უთითებს და ასაბუთებს კასაციაში სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ”ბ” ქვეპუნქტის გამოყენების კანონიერებასთან დაკავშირებულ მართებულებას. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ იმავე მხარეების მონაწილეობით სასამართლომ უკვე განიხილა დავა, რომელიც ეხებოდა პრივატიზაციის ხელშეკრულების, მათ შორის, სადავო ფართის პრივატიზაციის კანონიერებას და აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ზემოხსენებულ დავაში სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ფართი მთლიანად შედიოდა ი. ჩ-ს მფლობელობაში და ი. ჩ-მ აღნიშნული ფართის პრივატიზაცია მოახდინა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც, თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.