ას-257-582-09 30 მარტი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე რ. ნადირიანი
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს “ქ.-ის” დირექტორ ნ. ვ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2006 წლის 21 ივნისს ი. გ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ შპს “ქ.-ის,” ნ. მ-ანის, ნ. ს-ძის, ც. ვ-შვილისა და ნ. ვ-ძის მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუეხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ მორალური ზიანის ანაზღაურება: შპს “ქ.-ს _ 2000 ლარის ოდენობით, ნ. მ-ანს _ 1500 ლარის ოდენობით, ნ. ს-ძეს _ 1000 ლარის ოდენობით, ც. ვ-შვილს _ 1000 ლარის ოდენობით, ნ. ვ-ძეს _ 1000 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ნ. ს-ძის, ც. ვ-შვილის, ც. ვ-ძის სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველად. ამავე სასამართლოს 2008 წლის 5 მაისის განჩინებით ნ. მდივნისა და შპს “ქ.-ის” დირექტორ ნ. ვ-ძის სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის განჩინებით ი. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს შპს “ქ.-ის” დირექტორმა ნ. ვ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი. თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. მოცემულ საქმეზე კასატორი ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის განჩინებას, რომელიც გამოტანილია მის სასარგებლოდ, კერძოდ, ამ განჩინებით უარი ეთქვა მოწინააღმდეგე მხარეს _ ი. გ-ძეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ ყოველი პირი უფლბამოსილია მიმართოს სასამართლოს დარღვეული უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად (სსკ-ის მე-2 მუხლი).
მოცემულ შემთხვევაში კასატორი მოითხოვს მის სასარგებლოდ გამოტანილი განჩინების გაუქმებას, რომლის გაუქმებაც გამოიწვევს კასატორისათვის საუარესოდ შებრუნებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გნმტკიცებულია საუარესოდ შებრუნების აკრძალვის პრინციპი, რაც წარმოადგენს საჩივრის შემტანის უფლების უზრუნველყოფის გარანტიას, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მის სასარგებლოდაა გამოტანილი არ შეიცვლება მის საზიანოდ. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროს იმ მხარემ, რომლის წინააღმდეგაც არის იგი გამოტანილი. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს “ქ.-ის” დირექტორ ნ. ვ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ქ.-ის” დირექტორ ნ. ვ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;