ას-257-588-07 29 ოქტომბერი, 2007წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
კასატორი – სს „ე...ს“ გენერალური დირექტორი ი. ი-ა
წარმომადგენელი – ლ. ა-ი, თ. ე-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „.. ..“
წარმომადგენელი – გ. კ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი – საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 13 ივლისს შპს „.. ..მ“ სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სს „ე...ს“ მიმართ და მოითხოვა შპს „საქართველოს ... საარბიტრაჟო სასამართლოს“ 2004 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე არბიტრაჟის სხვა შემადგენლობისათვის. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანისას დაირღვა „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 24-ე, 31-ე, 34-ე, 35-ე და 37-ე მუხლების, ასევე მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის – შპს „საქართველოს .... საარბიტრაჟო სასამართლოს“ დებულების 14.3, 16.1 და 16.3 პუნქტების მოთხოვნები, რაც, ამავე კანონის 43-ე მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა შპს „საქართველოს ... საარბიტრაჟო სასამართლოს“ 2004 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „.. ..ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „.. ..მ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „.. ..ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „ .. ..“ სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა შპს „საქართველოს ... საარბიტრაჟო სასამართლოს“ 2004 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი 2004 წლის 14 ივნისის საარბიტრაჟო სხდომის შესახებ გაგზავნილი საარბიტრაჟო უწყების შპს „.. ..სათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, რითაც დაირღვა „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები;
2. დარღვეულია „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, საარბიტრაჟო სასამართლოს დებულების 12.3 პუნქტის თანახმად, საარბიტრაჟო სხდომები დახურულია, თუ ორივე მხარე არ მოითხოვს ღია განხილვის წარმართვას. 2004 წლის 19 ივნისის საარბიტრაჟო სხდომას ესწრებოდა საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე გ. ე-ი, რომლის თაობაზეც მხარეები არ შეთანხმებულან, მათ არ მოუთხოვიათ ღია განხილვა;
3. მოპასუხე სს „ე...მა“ თავისი არბიტრი კანონით გათვალისწინებული 10 დღის ნაცვლად, დანიშნა ერთი თვის შემდეგ, რითაც დაირღვა „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა;
4. საარბიტრაჟო პრეტენზია განიხილა სამმა არბიტრმა, რომელთა თავმჯდომარე დანიშნა არბიტრაჟის თავმჯდომარე გ. ე-მა. ასეთი უფლება არბიტრაჟს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა, თუ მხარეები შეთანხმდებოდნენ სამი არბიტრის მიერ საქმის განხილვის თაობაზე. ასეთი შეთანხმება კი განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა, ასეთ შემთხვევაში საარბიტრაჟო ტრიბუნალის წევრთა რაოდენობა უნდა განესაზღვრა საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარეს, მხარეთა სურვილისა და დავის სირთულის გათვალისწინებით, შესაბამისად, დაირღვა „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები, ასევე მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის – შპს „საქართველოს ... საარბიტრაჟო სასამართლოს“ დებულების 7.2 პუნქტის მოთხოვნა;
5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების მხარეთა შორის განაწილების შესახებ, რითაც დაირღვა „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ 37-ე მუხლისა და დებულების 14.3 და 16.3 პუნქტების მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ე...ს“ გენერალურმა დირექტორმა. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით შპს „.. ..ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის მტკიცებით, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების ფაქტი მხარეს სადავოდ არ გაუხდია, უწყება ნამდვილად რომ ჩაჰბარდა ადასტურებს ის გარემოება, რომ მხარე ადვოკატთან ერთად მომზადებული გამოცხადდა სხდომაზე. სასამართლომ ისე დაადგინა გ.ე-ის სასამართლო სხდომაზე დასწრების ფაქტი, რომ გადაწყვეტილებაში არ მიუთითა აღნიშნულის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე. გ.ე-ი სხდომას არ დასწრებია, იგი ორჯერ შემოვიდა ქაღალდებისა და ბორჯომის შემოსატანად, რაც არ ნიშნავს დასწრებას და არც საჯაროობის დარღვევას.
სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ დაირღვა „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არბიტრის დანიშვნის 10-დღიანი ვადა. მხარის მოთხოვნა არბიტრის დანიშვნის შესახებ, რასაც სასამართლო ეყრდნობა, საერთოდ არ მიუღიათ და ასეთი საქმეშიც არ მოიპოვება.
სასამართლომ არასწორად განმარტა „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლი, არ გამოიყენა ამავე კანონის 9.4 მუხლი, ასევე არასწორად განმარტა და არ გამოიყენა აღნიშნული კანონის 28-ე და 37-ე მუხლები. კასატორის მტკიცებით, ხარჯების განაწილების საკითხი არ იდგა, საარბიტრაჟო შენატანი გადახდილი იყო მოსარჩელის მიერ, რომლის საარბიტრაჟო პრეტენზიაც არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არც ხარჯების განაწილების ან რომელიმე მხარისათვის დაკისრების საკითხი არ დამდგარა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ 2004 წლის 14 ივნისის საარბიტრაჟო სხდომის შესახებ უწყება გაეგზავნა შპს „.. ..ს“, მაგრამ უწყების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება, რითაც დაირღვა „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ კანონის მე-20 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნები.
აღნიშნული კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არბიტრაჟი ვალდებულია, მხარეს აცნობოს არბიტრაჟის ყოველი სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, სულ ცოტა 5 დღით ადრე შესაბამისი სხდომის გამართვამდე, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ადრესატს პირადად ან მუდმივ საცხოვრებელ ადგილას ანდა იურიდიულ მისამართზე.
აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს დროის ზუსტ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც მხარეებს უნდა ეცნობოს სხდომის ჩატარების დრო, რაც მიზნად ისახავს, რომ მხარეებს ჰქონდეთ ვადა არბიტრაჟში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ შპს „.. ..ს“ 2004 წლის 14 ივნისის საარბიტრაჟო სხდომის შესახებ უწყება გაეგზავნა. მართალია, უწყების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება, მაგრამ დადგენილია, რომ მხარე 14 ივნისის სხდომაზე გამოცხადდა ადვოკატთან ერთად, რაც ადასტურებს უწყების მისთვის ჩაბარების ფაქტს. ამასთან დადგენილია, რომ საქმის განხილვა გადაიდო 2004 წლის 19 ივნისისათვის, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ .. ..“ საპროცესო უფლების (საქმის განხილვისათვის მომზადებულიყო და დროულად გამოცხადებულიყო სხდომაზე) დარღვევა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი არ არის.
სააპელაციო სასამართლომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების მხარეთა შორის განაწილების შესახებ, რაც საკასაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული. „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების მხარეთა შორის განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს არბიტრაჟი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის შპს „საქართველოს ... საარბიტრაჟო სასამართლოს“ დებულების 16.3 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების გადახდას საარბიტრაჟო ტრიბუნალი დააკისრებს რომელიმე მხარეს მთლიანად ან მხარეებს გარკვეული პროპორციით. ტრიბუნალის დადგენილება საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების დაკისრების შესახებ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილია. საქმის (საქმე ¹01\04 ს.ფ. 99,104, 101) მასალებით დადგენილია, რომ შპს „.. ..ს“ საარბიტრაჟო სასამართლოს დადგენილებით დაევალა საარბიტრაჟო შენატანის გადახდა. მოსარჩელის მიერ თანხის გადახდის შემდეგ 2004 წლის 1 ივნისის დადგენილებით დავა მიღებულ იქნა განხილვისათვის. აღნიშნულ დადგენილებაში მითითებულია, რომ საარბიტრაჟო ხარჯები 1970 ლარის ოდენობით გადახდილია მოსარჩელის მიერ. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, დებულების 16.3 მუხლის თანახმად, აღნიშნული დადგენილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილია. ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ განხილვის ხარჯები გადახდილია მოსარჩელის მიერ მთლიანად, რომლის სარჩელიც არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი მხარეთა შორის არსებობდა თუ არა რაიმე შეთანხმება საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების მხარეთა შორის განაწილების შესახებ, მოსარჩელის მიერ გადახდილი ხარჯები ექვემდებარებოდა თუ არა განაწილებას მხარეთა შორის. მხოლოდ ის გარემოება, რომ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული ხარჯების განაწილების შესახებ, ვერ გახდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დარღვეულია „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები.
მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არბიტრაჟი შედგება ერთი ან რამდენიმე წევრისაგან. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, არბიტრაჟის წევრთა რაოდენობა და მათი დანიშვნის წესი განისაზღვრება მხარეთა მიერ. მხარეები ნიშნავენ არბიტრაჟის წევრთა თანაბარ რაოდენობას. ბათილია საარბიტრაჟო შეთანხმება, რომელიც არბიტრაჟის წევრთა დანიშვნისას ერთ-ერთ მხარეს აყენებს უპირატეს მდგომარეობაში.
მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მხარეები თვითონ არ განსაზღვრავენ არბიტრაჟის წევრთა რაოდენობას, მაშინ არბიტრაჟი უნდა შეიქმნას 3 წევრის შემადგენლობით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, თუ მხარეები თვითონ არ განსაზღვრავენ არბიტრაჟის წევრთა დანიშვნის წესს, მაშინ მხარეები ამ კანონით დადგენილი წესით ნიშნავენ არბიტრაჟის წევრთა თანაბარ რაოდენობას, ხოლო არბიტრაჟის დამატებით წევრს ირჩევენ უკვე დანიშნული წევრები.
დადგენილია, რომ მხარეები თვითონ არ შეთანხმებულან არბიტრაჟის წევრთა რაოდენობაზე და დანიშვნის წესზე. ასევე დადგენილია, რომ მხარეებმა ამ კანონით დადგენილი წესით დანიშნეს არბიტრაჟის წევრთა თანაბარი რაოდენობა, ხოლო მესამე წევრი დაინიშნა სასამართლოს თავმჯდომარის მიერ უკვე დანიშნული წევრების თანხმობით, კერძოდ, მხარეების მიერ დანიშნული წევრები შეთანხმდნენ, რომ მესამე წევრი დაინიშნოს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ (საქმე 01\04 ს.ფ.134). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, არ გამოიყენა მე-9 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები.
„კერძო არბიტრაჟის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია, შეთანხმებით დადგენილ ვადაში დანიშნოს არბიტრაჟის წევრი. თუ ვადა არ არის განსაზღვრული, მხარე ნიშნავს არბიტრაჟის წევრს მეორე მხარის მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში. თუ მხარე ან არბიტრაჟი ხელშეკრულებით ან კანონით დადგენილ ვადაში არ დანიშნავს არბიტრაჟის წევრს, მაშინ ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრაჟის წევრს ნიშნავს სასამართლო 5 დღის განმავლობაში. სასამართლოს გადაწყვეტილება არბიტრაჟის წევრის დანიშვნის შესახებ საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ საარბიტრაჟო პრეტენზიის მიღებიდან კანონით დადგენილ 10-დღიან ვადაში არ დანიშნა თავისი არბიტრი. საკასაციო სასამართლოს აზრით, აღნიშნული დასკვნა დაუსაბუთებელია, ვინაიდან მე-11 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარემ თავისი არბიტრი უნდა დანიშნოს მეორე მხარის არბიტრის დანიშვნის შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში და არა საარბიტრაჟო პრეტენზიის მიღებიდან.
საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს როდის მიიღო მოპასუხე მხარემ მოთხოვნა თავისი არბიტრის დანიშვნის შესახებ. იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ მოპასუხემ არ დანიშნა არბიტრი კანონით დადგენილ ვადაში, მაშინ უნდა გაირკვეს მიმართა თუ არა მოთხოვნით მოსარჩელე მხარემ სასამართლოს არბიტრაჟის წევრის დანიშვნის შესახებ.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ არბიტრაჟის 2004 წლის 19 ივნისის სხდომას ესწრებოდა საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც არ იყო საარბიტრაჟო ტრიბუნალის წევრი. აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლომ მიუთითა მოპასუხე მხარის აღიარებაზე, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება. ამასთან, სააპელაციო პალატის დასკვნები დაუსაბუთებელია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დარღვეულია „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და დებულების 12.3 პუნქტის მოთხოვნები.
„კერძო არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, არბიტრაჟის სხდომები დახურულია, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე კანონის 28-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კანონის რომელიმე დებულება, რომლიდანაც მხარეებს შეუძლიათ გადაუხვიონ, ანდა საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა არ იყო დაცული და თუ მიუხედავად ამისა, მხარე აგრძელებს მონაწილეობას საარბიტრაჟო განხილვაში ისე, რომ ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ ანდა, თუ ამისთვის გათვალისწინებულია ვადა, ამ ვადის განმავლობაში წერილობით არ წამოაყენებს თავის შესაგებელს, მაშინ ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლებაზე.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 28-ე მუხლი განსაზღვრავს ამ კანონის რომელიმე დებულებიდან გადახვევის შემთხვევაში შეპასუხების წესს და ამ წესის დაუცველობის სამართლებრივ შედეგებს, მაგრამ აღნიშნული რატომ არ ვრცელდება 24-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევაზე სასამართლოს მიერ არ არის დასაბუთებული. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ იმ შემთხვევაში თუ დაადგენს, რომ სხდომა არ იყო დახურული, უნდა გამოიკვლიოს ამ დარღვევის წინააღმდეგ მხარემ წამოაყენა თუ არა თავისი შესაგებელი, ხოლო თუ მიიჩნევს, რომ 28-ე მუხლი არ ვრცელდება 24-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევაზე, სასამართლომ აღნიშნული სათანადოდ უნდა დაასაბუთოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება დებულების ნორმების დარღვევას, „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 43-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს მხარის სარჩელი და შეცვალოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვის და გადაწყვეტის მხარეთა შეთანხმებით ან ამ კანონით დადგენილი წესები.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს დარღვეულია თუ არა ამ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით დადგენილი წესები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს „ე...ს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
სასამართლო ხარჯები განისაზ ღვროს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.