საქმე №387აგ-15 23 მარტი, 2016 წელი
ი-ი ტ., 387აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ტ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით ტ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამოერთვა კანონით გათვალისწინებული უფლებები. მსჯავრდებულ ტ. ი-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო – 2014 წლის 20 სექტემბერი.
2. 2015 წლის 19 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ტ. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. კ-მ, რომელმაც 2015 წლის 8 ივლისის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 260–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე მოითხოვა ტ. ი-ს მიმართ განაჩენის გადასინჯვა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ტ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება: მსჯავრდებულ ტ. ი-ს ქმედება საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 260–ე მუხლის პირველ ნაწილზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. მსჯავრდებულ ტ. ი-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. კ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს ტ. ი-სთვის განსაზღვრული სასჯელის შემცირებას, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ტ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ტ. ი-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), ხოლო დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელად, ვინაიდან ახალი რედაქციის სანქციის ფარგლებშია (ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას).
4. პალატა მიუთითებს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე, დანიშნული სასჯელის მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან შესაბამისობის თაობაზე და შეამციროს მისი ზომა.
5. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მსჯავრდებულ ტ. ი-სთვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ტ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე