საქმე №367აგ-15 23 მარტი, 2016 წელი
ჯ-ი ი., 367აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ჯ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 იანვრის განაჩენით ი. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3 წლითა და 6 თვით, 273-ე მუხლით (3 ეპიზოდი) – 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ი. ჯ-ს განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვე და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 10 მაისიდან; მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
2. 2015 წლის 3 აგვისტოს მსჯავრდებულმა ი. ჯ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვისა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 იანვრის განაჩენი შეიცვალა: მსჯავრდებულ ი. ჯ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის ამჟამად მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებზე; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. მსჯავრდებული ი. ჯ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენის გაუქმებასა და მისი ქმედების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სრულიად კანონიერად გადააკვალიფიცირა მსჯავრდებულ ი. ჯ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) საქართველოს სსკ-ის 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებზე.
3. კანონიერია ასევე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ი. ჯ-სთვის სასჯელის უცვლელად დატოვების თაობაზე, ვინაიდან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
5. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ი. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე