ას-259-590-07 11 მაისი 2007წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ. კ-ი და ინდ მეწარმე გ. თ-ე (მოპასუხე)
წარმომადგენელი – მ. ქ-ე
მოწინააღმდეგე მხარე –ა. ო-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სასტუმროსა და კაფე-ბარის ფუნქციონირების აკრძალვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2003 წლის 29 ივნისს ა. ო-მ სასარჩელო განცხადებით მომართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს რ. კ-ისა და ინდივიდუალური მეწარმე გ. თ-ის მიმართ და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ... ქ. ¹32-ში არსებული სასტუმრო “ქ...ისა” და კაფე-ბარის ფუნქციონირების აკრძალვა. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საქმის განხილვაში სათანადო მოპასუხედ ჩაბმულიქნა გ. კ-ი.
მოსარჩელის განმარტებით, მისი საცხოვრებელი სახლის მეზობლად, ... ქ. ¹32-ში, მდებარეობს მოპასუხე გ. კ-ის საცხოვრებელი სახლი, რომელშიც განთავსებულია სასტუმრო კომპლექსი, რომელიც ამჟამად იჯარით არის გაცემული გ. თ-ზე. გ. კ-ის სახლის ეზოში ასევე განთავსებულია ღია საზოგადოებრივი კვების ობიექტი კაფე-ბარი. სასტუმროში ღამის საათებში საზღვარგარეთიდან ჩამუსული სტუმრების მიღება-გამგზავრებით გამოწვეული ხმაური, სამზარეულოში არსებული დანადგარების მუშაობა და ღია კაფე-ბარის ფუნქციონირება ხელს უშლის მთელი ოჯახის ნორმალურ პირობებში ცხოვრებას. მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა კაფე-ბარის (საზ. კვების ობიექტის) მუშაობის აკრძალვის ნაწილში და მოითხოვა მხოლოდ კაფე-ბარის მუშაობის აკრძალვა საღამოს 21 საათიდან 10 საათამდე.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ. კ-სა და ინდივიდუალურ მეწარმე გ. თ-ს აეკრძალათ თბილისში, ... ქ. ¹32-ში მდებარე სასტუმროს ეზოში არსებული ღია საზ. კვების ობიექტის კაფე-ბარის ფუნქციონირება საღამოს 23 საათიდან დილის 9 საათამდე. ა. ო-ს სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენი ნაწილის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ო-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამექარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. კ-სა და ინდივიდუალურ მეწარმე გ. თ-ს აეკრძალათ თბილისში, ... ქ. ¹32-ში მდებარე სასტუმროს ფუნქციონერება, ხოლო ამავე მისამართზე მდებარე ღია (საზ. კვების ობიექტის) კაფე-ბარის ფუნქციონირება აიკრძალა საღამოს 21 საათიდან დილის 10 საათამდე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-ისა და გ. თ-ის წარმომადგენელმა მ. ქ-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 6 დეკემბრის განჩინებით გ. კ-ისა და ინდივიდუალური მეწარმე გ. თ-ის წარმომადგენლის მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამექარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო. გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. კ-სა და ინდივიდუალურ მეწარმე გ. თ-ს აეკრძალათ თბილისში, ... ქ. ¹32-ში მდებარე სასტუმროს ფუნქციონერება, ხოლო ამავე მისამართზე მდებარე ღია (საზ. კვების ობიექტის) კაფე-ბარის ფუნქციონირება აიკრძალა საღამოს 21 საათიდან დღის 10 საათამდე.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა გ. კ-ის და ინდივიდუალური მეწარმე გ. თ-ის წარმომადგენელმა მ. ქ-მ და დამოუკიდებელი საჩივარი შეიტანა ასევე ინდივიდუალური მეწარმე გ. თ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინებით გ. კ-ის წარმომადგენლის და ინდივიდუალური მეწარმე გ. თ-ის საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მოთხოვნები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, უწყება ჩაბარებულად ითვლებოდა თუ იგი ჩაბარდებოდა მხარეს ან წარმომადგენელს. მოცემულ შემთხვევაში მხარის წარმომადგენელს მ. ქ-ს უწყება ჩაბარებული ჰქონდა, შესაბამისად, პალატა უფლებამოსილი იყო გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-ის და ინდმეწარმე გ. თ-ის წარმომადგენელმა მ. ქ-მ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კასატოროს აზრით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის დ) პუნქტი იმპერატიულად მოითხოვს, რომ უწყებაში მითითებული იყოს პირის ვინაობა, რომელიც გამოიხატება სახელში და გვარში. კანონის ამ მოთხოვნის დარღვევა ჩვენს შემთხვევაშ მიგვაჩნია, რომ მხარისათვის უწყების არ გაგზავნის ტოლფასია და რ. კ-ის სახელზე გაგზავნილი შეტყობინება მხარეს არ ეკუთვნის.
ასევე კასატორის აზრით საჩივრის მეორე საფუძვლად მითითებული იყო ის გარემოება, რომ წარმომადგენელს არ ჩაბარებია სასამართლო შეტყობინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, სასამართლოში წარდგენილი იყო “საქართველოს ფოსტის ფილიალ თბილისის ფოსტამტის” მიერ გაცემული წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ ფოსტალიონმა უწყება ჩააბარდა მის არასრულწლოვან შვილს, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა და იგი ამის გამო გაანთავისუფლეს სამსახურიდან. ფოსტამტის ეს წერილი სასამართლომ გაუგებარი მიზეზით ეჭვქვეშ დააყენა და ჯერ არასრულფასოვან მტკიცებულებად ჩათვალა ხოლო შემდეგ იმსჯელა ფოსტალიონის ქმედების სისხლის სამართლებრივ კვალიფიკაციაზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გ. კ-ის და ინდ. მეწარმე გ. თ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე იმ საფუძვლით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მოთხოვნები. აღნიშნულ მო-რებას პალატა იზიარებს. ის გარემოება, რომ ფოსტალიონს არ ჩაუბარებია უწყება მ. ქ-ისათვის, არამედ ჩაიბარა მისმა არასრულწლოვანმა შვილმა. ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ. დასაფიქრებელია გვარი ქ-ე გარკვევით იკითხება. თუ აღნიშნული ხელმოწერა გაყალბებულია ან მოწერილია სხვა პირის მიერ იგი უნდა დადასტურდეს უფლებამოსილი ორგანოს და არა ფოსტის მუშაკის მიერ.
რაც შეეხება უწყების გაგზავნას კ-ისათვის. გ. კ-ის საჩივარში მითითებულია, რომ კ-ი არ იმყოფებოდა საქართველოში და შესაბამისად იგი ვერ ჩაიბარებდა გზავნილს. ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წარმომადგენლისათვის– ქ-ისათვის ჩაბარება უკვე ადასტურებს იმას, რომ უწყება მხარეს და მის წარმომადგენელს ჩაბარდათ კანონმდებლობით დადგენილი წესით. კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ უწყებაში არასწორადაა მითითებული გ. კ-ის სახელი არ შეიძლება გახდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან ეს გარემოება სადავოდ არ გამხდარა საქმეში წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე და ამასთან ერთად უწყებაში მითითებული მონაცემებით პიროვნების იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო.
პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. კ-ის და ინდ მეწარმე გ. თ-ის წარმომადგენლის – მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.