Facebook Twitter

ას-260-591-07 8 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ი. ც-ე, დ. ქ-ი-ც-ე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ., ა. და გ. გ-ები, ლ. მ-ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ხელყოფის აღკვეთა

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

დ. ქ-ი-ც-მ და ი. ც-მ 2004 წლის ოქტომბერში სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს მოპასუხეების ... სოფლის გამგებლის ა. ს-ს, კასპის რაიონის ... სამმართველოსა და ჯ. გ-ს მიმართ და მოითხოვეს ... სამმართველოს დასკვნის გაუქმება, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის გამოცემა და ჯ. გ-სთვის ამ გზით სარგებლობის აკრძალვა. მათ თავისი სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთეს, რომ ც-ები არიან ერთი კომლის განაყრები. მათ პაპას იმ ადგილას, სადაც ისინი ამჟამად ცხოვრობენ, საკუთრებაში ჰქონდა 2 ჰა-მდე ფართის მიწის ნაკვეთი. კომლის გაყოფის შედეგად არსებული მიწის ნაკვეთი გადანაწილდა შვილებზე, რომლებმაც თავიანთი კუთვნილი მიწის ნაკვეთების ხარჯზე ერთმანეთთან მისასვლელად დატოვეს გარკვეული ფართი და გააკეთეს გზა. ამ გზით წლების განმავლობაში სარგებლობდნენ მხოლოდ ც-ები. მოსარჩელეების მითითებით, ჯ. გ-ი არ არის ც-ების უშუალო მომიჯნავე. მან თავისი ძმის გ. გ-ს მიწის ნაკვეთზე თავისი სახლიდან გააკეთა საცალფეხო გზა და ძმის ნაკვეთის გავლით უკანონოდ დაიწყო ც-ების გზით სარგებლობა, რომლითაც უკავშირდება სოფლის ცენტრალურ გზას. ჯ. გ-ს მეუღლე და ძმები ა. და გ. გ-ები, რომლებიც მოსარჩელეთა შუამდგომლობის საფუძველზე საქმეში ჩაბმულ იქნენ თანამოპასუხეებად, ასევე უკანონოდ სარგებლობენ მათი გზით.

კასპის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 თებერვლის განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩართულ იქნა კასპის რაიონის ... სამმართველოს უფლებამონაცვლე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის ... სამსახური.

კასპის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 თებერვლის განჩინებით მოცემული საქმიდან არსებითად განსახილველად ცალკე წარმოებად გამოეყო სამოქალაქო-სამართლებრივი მოთხოვნა დაუშვებელი ხელყოფის აღკვეთისა და სადავო გზით სარგებლობის თაობაზე; ცალკე წარმოებად გამოეყო და შეჩერდა ადმინისტრაციული საქმის განხილვა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის გამოცემის თაობაზე სამოქალაქო-სამართლებრივი დავის განხილვა-გადაწყვეტამდე.

კასპის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ქ-ი-ც-ის და ი. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს: ჯ., გ. და ა. გ-ს, ლ. მ-ს აეკრძალათ მოსარჩელეების სახლთან და მიწის ნაკვეთებთან გამავალი გზით სარგებლობა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჯ., ა., გ. გ-ებმა და ლ. მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 5 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩართულ იქნა კასპის რაიონის სოფელ ... საკრებულოს გამგებელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ., ა. და გ. გ-ების და ლ. მ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა კასპის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. ქ-ი-ც-სა და ი. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლზე მითითებით ჩათვალა, რომ დ. ქ-ი-ც-ე და ი. ც-ე ითხოვენ აპელანტების მიერ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამავალი გზით სარგებლობის აღკვეთას. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეები არ წარმოადგენდნენ სადავო გზის მესაკუთრეებს. სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა მოსარჩელეების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო გზა წარმოადგენს მათი პაპის მიერ დაკავებული 2 ჰა მიწის ნაკვეთიდან შვილების ცალკე კომლად გამოყოფის დროს გადაცემული ნაკვეთებიდან ამ უკანასკნელთა მიერ ერთმანეთთან და თავიანთ მამულებში მისასვლელად დატოვებულ ფართს, რომელიც წარმოადგენს მათ საკუთრებას, რადგან სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად საქმის მასალებით ვერ დგინდება, რომ სადავო გზა მდებარეობს დ. ქ-ი-ც-სა და ი. ც-ის საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რიცხულ მიწის ნაკვეთზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ არ არსებობს მოსარჩელეების მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს დ. ქ-ი-ც-მ და ი. ც-მ, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება. კასატორების მითითებით, მათ სახელზე მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლებით რეგისტრაცია გაჭიანურდა მათთვის უცნობი მიზეზების გამო, საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ ვერ იქნა დროულად გაცემული მათი საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერი. შესაბამისად, ისინი საპატიო მიზეზით მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, რომ სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ საჯარო რეესტრის ამონაწერი. კასატორებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სადავო გადაწყვეტილება მიიღო 2007 წლის 23 იანვარს, ხოლო სადავო მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლებით მათ სახელზე რეგისტრაცია მოხდა 2007 წლის 19 აპრილს, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო ობიექტური და დასაბუთებული გადაწყვეტილება. კასატორებმა მათ მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ სიტუაციურ ნახაზზე მითითებით განმარტეს, რომ აღნიშნული ნახაზიდან ნათლად ჩანს, რომ მოპასუხეები სარგებლობენ იმ გზით, რომელიც ბოლო მონაკვეთში შემოდის მათ საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლები. კასატორების მითითებით, მოწინააღმდეგე მხარეს გააჩნია სამი ალტერნატიული გზა, რომელიც უერთდება მთავარ გზას და შეუძლიათ ამ გზებით ისარგებლონ ისე, რომ არ შელახონ სხვა მეზობლების თუ მათი უფლებები. ამასთან, მათ მიერ სადავო გზით სარგებლობა არ არის გამოწვეული უკიდურესი აუცილებლობით. კასატორების მოსაზრებით მოცემული დავის განხილვა მნიშვნელოვანია ამ კატეგორიის საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით ი. ც-სა და დ. ქ-ი-ც-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად;

კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ჯ., ა. გ-ებმა და ლ. მ-მა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილ მოსაზრებაში მიუთითეს, რომ ი. ც-სა და დ. ქ-ი-ც-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ი. ც-სა და დ. ქ-ი-ც-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. ც-სა და დ. ქ-ი-ც-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს ი. ც-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 250 (ორასორმოცდათი) ლარის 70%, რაც 175 (ას სამოცდათხუთმეტ) ლარს შეადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ი. ც-სა და დ. ქ-ი-ც-ის საკასაციო საჩივარი.

კასატორ ი. ც-ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 175 (ას სამოცდათხუთმეტი) ლარი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.