ას-260-673-06 26 თებერვალი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი) მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ასოციაცია “ .. .. ..”
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. კ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხარჯების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. კ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ... კლუბის მიმართ ხარჯების ანაზღაურების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: ვ.კ-ე წარმოადგენს ... პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს. პარტიისათვის ოფისის მოწყობის მიზნით, მოსარჩელე ზეპირი ფორმით შეუთანხმდა ... კლუბის პრეზიდენტ მ.ჩ-ს კლუბის ბალანსზე რიცხული 60 კვ.მ ოთახის პარტიის მფლობელობაში გადაცემის შესახებ. ვ.კ-მ ვალდებულება იკისრა გაერემონტებინა აღნიშნული ფართი, რაშიც გადაიხადა 844 ლარი, სანაცვლოდ კი მითითებული თანხა ყოველთვიურ ქირაში _ 30 ლარში გაიქვითებოდა. მას შემდეგ, რაც კლუბის ხელმძღვანელობა შეიცვალა, ფართის ქირა 50 ლარამდე გაიზარდა და რემონტის ხარჯების ანაზღაურებაზე მხარეს უარი ეთქვა. ვ.კ-მ მოითხოვა მის მიერ გადახდილი 844 ლარის, სახელმწიფო ბაჟის _ 24,50 ლარისა და მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დამატებით გაწეული ხარჯის _ 50 ლარის, სულ 968 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
.. .. .. კლუბმა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. კ-ის მიმართ ფართიდან გამოსახლების, მოძრავი ნივთის ან მისი ღირებულების დაბრუნების შესახებ შემდეგი დასაბუთებით: კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა მ. ჩ-მა რაიონის გამგეობასთან შეთანხმებით, თვითნებურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, გადასცა სადავო ფართი ვ. კ-ს. წესდებისა და დებულების თანახმად, კლუბი ფართის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს წყვეტს მხოლოდ ასოციაცია “ .. .. ..” წინასწარი წერილობითი თანხმობით, რაც მოცემულ შემთხვევაში გაცემული არ ყოფილა. სადავოა ვ.კ-ის მიერ წარმოდგენილი სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაც. ფაქტობრივად, სადავო ფართი რაიმე სახის სარემონტო სამუშაოების ჩატარებას არ საჭიროებდა. სამოქალაქო კოდექსის 974-ე მუხლის მიხედვით, ვ.კ-ე მოქმედებდა ნივთის მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, რის გამოც მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, მოსარჩელე უკანონოდ სარგებლობს კლუბის კუთვნილი ოთახით და, არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, მას არ ათავისუფლებს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ვ.კ-მ მიითვისა კლუბის კუთვნილი 15 ლარის ღირებულების ელექტროენერგიის მრიცხველი, რომელიც მან უნდა დააბრუნოს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. კ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვ.კ-ე დაკავებული ფართიდან გამოსახლდა, დანარჩენ ნაწილში კი შეგებებული სარჩელის ავტორს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ვ. კ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა, ვ. კ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ... კლუბს მის სასარგებლოდ დაეკისრა 844 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დაადგინა, რომ თელავის რაიონის გამგეობამ 2003 წლის 22 მაისის წერილით მიმართა ... კლუბის პრეზიდენტ გ. ჩ-ს კლუბის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობის 60 კვ.მ ფართის საპარლამენტო პარტია “...” დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ. მითითებული ფართის გადაცემა მოხდა ... ასოციაციასთან შეუთანხმებლად. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ვ. კ-ე შეუდგა ფართის ფლობას, გაარემონტა იგი, თუმცა კლუბის პრეზიდენტის შეცვლის შემდეგ, ახალ ხელმძღვანელობას ოთახის ქირავნობის პირობებზე ვერ შეუთანხმდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობა დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების შედეგად არ წარმოშობილა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 969-ე მუხლისაგან განსხვავებით, სადავო ოთახის სარემონტო სამუშაოები აპელანტმა შეასრულა თელავის მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის იმდროინდელ პრეზიდენტ მ. ჩ-თან შეთანხმებით მომავალში აღნიშნულ ფართზე ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით. მოწინააღმდეგე მხარემ აპელანტთან ქირავნობის ხელშეკრულების დადება აღარ მოინდომა და აპელანტს გაზრდილი ქირის გადახდა მოსთხოვა. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 987-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობა წარმოიშვა უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე. სასამართლომ საქმის მასალებით დაადგინა, რომ ვ. კ-ის მიერ ფართის გარემონტების შედეგად სადავო ნივთი გაუმჯობესდა, მოწინააღმდეგე მხარე მას აქირავებს და ღებულობს მოგებას. ვინაიდან ფართის გარემონტების შემდეგ მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა, სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტის მოთხოვნა რემონტისათვის დახარჯული თანხის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია და აღნიშნულის თაობაზე ხარჯთაღრიცხვა გონივრულია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასოციაცია “ .. .. ..” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ურთიერთობა დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების შედეგად არ წარმოშობილა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ.კ-ე მოქმედებდა ნივთის მესაკუთრის _ კლუბის იმდროინდელი პრეზიდენტის თანხმობით, რაც დაუსაბუთებელია, რადგან რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ვ. კ-ე სადავო ფართიდან გამოსახლდა იმ საფუძვლით, რომ ფართის ფლობის უფლება მან მიიღო არაუფლებამოსილი პირისაგან _ კლუბის პრეზიდენტ მ. ჩ-საგან, ფართის მესაკუთრეს კი წარმოადგენდა ასოციაცია “ .. .. ..”. ამდენად, მ. ჩ-ი უფლებამოსილ პირად ვერ ჩაითვლება ვერც სადავო ფართში რემონტის ჩატარებაზე თანხმობის მიცემისას. ვ.კ-ე ფართის მესაკუთრე _ ასოციაცია “.. .. ..” სარემონტო სამუშაოების ჩატარების შესახებ შეთანხმებული არ ყოფილა და სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სხვისი საქმის შესრულების შედეგად წარმოშობილი ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმებით. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლი უსაფუძვლო გამდიდრების თაობაზე და არ გამოიყენა ამავე კოდექსის 974-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მეპატრონის ნება და მისი ინტერესები ხელყოფილ იქნა. დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნა, ვინაიდან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო არ უთითებს, თუ კონკრეტულად რა მტკიცებულებებს ეყრდნობა მისი დასკვნები. გადაწყვეტილებით არ ირკვევა, რატომ ჩაითვალა ნივთი რემონტის შემდეგ გაუმჯობესებულად ან რაში გამოიხატა კასატორის გამდიდრება. სასამართლომ არასრულად შეისწავლა და შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, არ იმსჯელა კასატორის მიერ წარდგენილ აუდიტორულ დასკვნაზე, რომლის თანახმად სადავო სარემონტო სამუშაოები შეფასებულია არა 844, არამედ 409,75 ლარად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად ცნო და კასატორმა საკასაციო საჩივრით დაადასტურა ის გარემოება, რომ 2003 წელს ვ.კ-ე სიტყვიერად შეუთანხმდა ამავე ქალაქის ... კლუბის მაშინდელ პრეზიდენტს, რომ ... კლუბის ბალანსზე რიცხულ 60 კვ.მ ფართობს ჩაუტარებდა რემონტს, კეთილმოაწყობდა, რომელსაც შემდგომში იქირავებდა და რემონტზე გაწეული თანხა ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით გაექვითებოდა ქირაში. ვ.კ-მ ჩაატარა რემონტი და შეუდგა ფართის ფლობას, მაგრამ მხარეთა შორის ხელშეკრულება არ გაფორმდა.
საკასაციო საჩივრის ერთ-ერთ არგუმენტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ... კლუბის პრეზიდენტი გ. ჩ-ი სადავო ფართის ვ. კ-სათვის გადაცემაზე არაუფლებამოსილი პირია, ვინაიდან ასოციაციის წესდებისა და კლუბის დებულების თანახმად, ამგვარი გარიგების უფლება გააჩნდა მხოლოდ ასოციაცია “ .. .. ..”, შესაბამისად, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 974-ე მუხლი და არა ამავე კოდექსის 969-ე მუხლი.
სამოქალაქო კოდექსის 974-ე მუხლით, დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებისას, შემსრულებელს არ შეუძლია მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, თუ მის მიერ საქმეთა შესრულება ეწინააღმდეგება მეპატრონის ნებას ან არ შეესაბამება მის ინტერესებს. თუ შემსრულებელს შეეძლო სცოდნოდა ამის შესახებ, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებით გამოწვეული ზიანი. ამ სამართლებრივი ინსტიტუტის ფარგლებში შემსრულებელს არ შეუძლია მოსთხოვოს მეპატრონეს მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება, ვინაიდან შესრულებული მოქმედებები მეპატრონის ნებას არ შეესაბამება და ამ პირობებში შესრულებული მოქმედება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველი ასეთ შემთხვევაში ისაა, რომ შემსრულებელი ასრულებს სხვა პირის _ მეპატრონის საქმეებს ამ უკანასკნელის დავალების ან სხვაგვარი მითითების გარეშე ნებაყოფლობით. კანონი მსგავს ჩარევას სხვის ქონებრივ სფეროში აღიარებს მაშინ, როდესაც ისინი განხორციელდა განსაზღვრულ ვითარებაში მეპატრონის ინტერესებისათვის და შემსრულებლის კეთილი ნებით, ანუ ამგვარი სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა წინასწარი შეთანხმების გარეშე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ნორმა ვერ იქნება გამოყენებული, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო სარემონტო სამუშაოები ვ. კ-მ განახორციელა .. .. .. კლუბის ყოფილ პრეზიდენტ გ. ჩ-თან შეთანხმებით.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას კლუბის პრეზიდენტის არაუფლებამოსილებაზე, ეს გარემოება ვერ მოახდენს გავლენას სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, ვინაიდან კლუბის იმდროინდელი პრეზიდენტი მესამე პირებთან, კონკრეტულ შემთხვევაში ვ. კ-სთან წარმოადგენდა კლუბის ინტერესებს. მისი უფლებამოსილების შეზღუდვა ასოციაციის წესდებითა და კლუბის დებულებით არ წარმოადგენს მესამე პირის _ ვ. კ-ის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამადასტურებელ გარემოებას. საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ თავისი ვალდებულებების არამართლზომიერი და ბრალეული ქმედებებით შეუსრულებლობა გავლენას არ ახდენს გარე სამართლებრივ ურთიერთობებზე. საზოგადოებასთან ურთიერთობაში დირექტორი ვალდებულია, მოქმედებდეს თავისი უფლება-მოვალეობების ფარგლებში ანუ მისი კომპეტენცია შეზღუდულია კანონით, წესდებით ან მასთან დადებული შეთანხმებით. ამ წესების დარღვევა წარმოადგენს მხოლოდ დირექტორის საზოგადოებასთან მიმართებაში არსებული შიდა ვალდებულებების დარღვევას და წარმოშობს საზოგადოების მხრიდან დირექტორისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. საზოგადოების დირექტორის მიერ თავისი საქმიანობის სფეროში უფლებამოსილების გადაჭარბებით მიღებული გადაწყვეტილება გავლენას ვერ მოახდენს მესამე პირებთან წარმოშობილ სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაზე, თუნდაც საზოგადოების წესდება ამ ტიპის გარიგებისთვის ითვალისწინებდეს საზოგადოების მართვის ორგანოების სავალდებულო თანხმობას.
საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული მოსაზრებებისა და დადგენილი გარემოებების შეჯერებით თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია მისი ქონების გაუმჯობესების ფაქტის უარყოფასთან დაკავშირებით, რაც დასტურდება კასატორის მიერ მითითებული სადავო ფართზე სარემონტო სამუშაოების ჩატარების დადასტურებით. ასეთ შემთხვევაში კი უსაფუძვლოდ, გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღებით მხარეთა ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობა უნდა აღდგეს, რასაც ემსახურება სამოქალაქო კოდექსის დანაწესები უსაფუძვლო გამდიდრების თაობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ამავე კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ, თუ პირი შეცდომით ან სხვის მიმართ ვალდებულების არსებობის ვარაუდით, მითითებული ვალდებულების შესრულების მიზნით გადასცემს მას რაიმეს, ან გასწევს გარკვეულ ხარჯებს მის ქონებაზე, უფლებამოსილია, მოითხოვოს შესრულების დაბრუნება მაშინ, როცა გარიგება ფაქტობრივად არ დადებულა, მომავალშიც არ წარმოიშობა ან შეწყდა, რასაც აღნიშნული მეორე პირის გამდიდრება მოჰყვა.
დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა ასოციაცია “ .. .. ..” მიერ წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნაზე, რომლის თანახმად სადავო ფართში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება არა 844, არამედ 409,75 ლარია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში ასოციაცია “ .. .. ..” სასამართლოსათვის ზემოხსენებული აუდიტორის დასკვნა არ წარუდგენია, შესაბამისად, სასამართლო ასეთ გარემოებაზე ვერ იმსჯელებდა.
ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც სადავო სარემონტო სამუშაოების შედეგად ნივთის გაუმჯობესებას და, შესაბამისად, მისი მესაკუთრის გამდიდრებას დაადასტურებდა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ. კ-მ სადავო ფართში აწარმოა სარემონტო სამუშაოები. ვ. კ-სა და კლუბის ყოფილ პრეზიდენტს შორის დადებული ზეპირი გარიგების შინაარსიდან დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯები სადავო ნივთის გაუმჯობესებას ემსახურებოდა. კასატორმა სადავოდ გახადა მხოლოდ ამ ხარჯების ოდენობა, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო ფართში სარემონტო სამუშაოების შედეგად მისი მდგომარეობა არ შეცვლილა ან იგი გაუარესდა, არამედ თავადაც დაადასტურა, რომ მითითებული სამუშაოების ღირებულება 409,75 ლარს შეადგენს. მაშასადამე, ნივთის მდგომარეობის გაუმჯობესების ფაქტი თვით კასატორის მიერ იქნა დადასტურებული.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვ. კ-ე უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ასოციაცია “ .. .. ..” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.