Facebook Twitter

საქმე №157აგ-15 14 მარტი, 2016 წელი

ლ-ი ი., 157აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ლ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის განაჩენით ი. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის განაჩენით ი. ლ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვე და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 6 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი – ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 150 საათის ოდენობით და 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 26 მარტიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ივნისის განაჩენი, რომლითაც ი. ლ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით განესაზღვრა 8 წლით, ხოლო 273-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით ი. ლ-ს მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 14 თებერვლიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

4. 2015 წლის 3 აგვისტოს მსჯავრდებულმა ი. ლ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვისა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 9 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა: მსჯავრდებულ ი. ლ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებზე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. მსჯავრდებული ი. ლ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 9 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას, მისთვის განსაზღვრული სასჯელის შემცირებას და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) სანქციის მინიმუმთან მიახლოებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

3. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.

4. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ი. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე