ას-261-592-07 14 მაისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ტ. ხ-ი (მოპასუხე ძირითად სარჩელში, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ქ-ი (მოსარჩელე ძირითად სარჩელში, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი სარჩელში – თანამესაკუთრედ და სამკვიდრო წილზე მესაკუთრედ ცნობა
შეგებებულ სარჩელში – თანამესაკუთრედ ცნობა და სამკვიდრო წილზე მესაკუთრედ ცნობა
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 11 ნოემბერს ნ. ქ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ტ. ხ-ს მიმართ და მიუთითა, რომ 2004 წლის 10 მარტს გარდაიცვალა მისი ქალიშვილი ჟ. ქ-ი, რომელსაც დარჩა ბინა მდებარე ქ. გორში, ... ქ. ¹22\32-ში. ბინაში ცხოვრობს მისი სიძე ტ. ხ-ი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან 2004 წლის 31 მარტს ნოტარიუსის სახელზე შეიტანა განცხადება სამკვიდროს მიღების თაობაზე, რის გამოც სამკვიდრო მიღებულად ეთვლება. აღნიშნული ბინა აშენებულია მისი სახსრებით. ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა, რომ სასამართლოს ეცნო სადავო ბინის თანამესაკუთრედ და დარჩენილ სამკვიდრო წილზე მესაკუთრედ.
2004 წლის 28 დეკემბერს შეგებებული სარჩელი შეიტანა ტ. ხ-მა, რომელმაც მიუთითა, რომ სადავო ბინა წარმოადგენდა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას, მის მიერ ქორწინების მანძილზე დაფარული იყო პაი, ამიტომ იგი წარმოადგენდა ბინის თანამესაკუთრეს, შესაბამისად, მემკვიდრეობა უნდა გახსნილიყო მხოლოდ ნახევარზე და, ვინაიდან მის მეუღლე ჟ. ქ-ს დარჩა 2 პირველი რიგის მემკვიდრე, თავად მეუღლე ტ. ხ-ი და დედა ნ. ქ-ი, თითოეულ მათგანს მემკვიდრეობით უნდა რგებოდა მთელი სახლთმფლობელობის 1\4, მაგრამ რაკი მეუღლის მკურნალობისა და დაკრძალვის ხარჯები მან გაიღო, ამიტომ მხოლოდ იგი უნდა ეცნოთ მემკვიდრედ. საბოლოოდ ტ. ხ-მა მოითხოვა სადავო ბინაზე მესაკუთრედ ცნობა თანამესაკუთრეობისა და მემკვიდრეობის უფლებიდან გამომდინარე.
გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და იგი ცნობილ იქნა მემკვიდრედ თავისი შვილის – ჟ. ქ-ს დანაშთ სამკვიდრო ქონების 1\2 წილში. თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ტ. ხ-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და იგი ცნობილ იქნა მემკვიდრედ მეუღლის ჟ. ქ-ს დანაშთ სამკვიდრო ქონების 1\2 წილზე. შეგებებული სარჩელი თანამესაკუთრედ ცნობის, მამკვიდრებლის მოვლის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ქ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა ტ. ხ-ს სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა ტ. ხ-ს შეგებებული სარჩელი და იგი ცნობილ იქნა მეუღლის – ჟ. ქ-ს სახელზე რიცხული ქ.გორში, ... ქ.¹22/32-ში მდებარე ბინის თანამესაკუთრედ; არ დაკმაყოფილდა ნ. ქ-ს სარჩელი.
ზემოთ მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა ე. ქ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის საოქმო განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაინიშნა საქმის არსებითი განხილვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ტ. ხ-სა და ნ. ქ-ს სააპელაციო საჩივრები, გაუქმდა
გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; არ დაკმაყოფილდა ნ. ქ-ს სარჩელი და ტ. ხ-ს შეგებებული სარჩელი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სადავო ქონება არ წარმოადგენს მამკვიდრებლის – ჟ. ქ-ს საკუთრებას და იგი აღრიცხულია ნ. ქ-ს საკუთრებად. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ტ. ხ-ს არ აღუძრავს სარჩელი საკუთრების მოწმობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობისა და გაუქმების თაობაზე და ამდენად, მიიჩნია, რომ მემკვიდრეობის უფლებიდან გამომდინარე, არ არის უფლებამისილი რომელიმე მათგანი სცნოს სადავო ბინის მესაკუთრედ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე ტ. ხ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ განმარტა და არ დააზუსტა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 4 აპრილის განჩინებით ტ. ხ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და, შესაბამისად, ამ თანხის 5%-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ტ. ხ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ტ. ხ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 4 აპრილის განჩინებით ტ. ხ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და, შესაბამისად, ამ თანხის 5%-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 397-398).
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე ტ. ხ-ს გაეგზავნა 2007 წლის 5 აპრილს (ს.ფ. 399); კასატორს განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 12 აპრილს (ს.ფ. 400); კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 27 აპრილის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ტ. ხ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ტ. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.