ას-262-520-08 29 ივლისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისხდომის მდივანი _ ე.ხაჩიძე
კასატორი _ ვ. ღ.-ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ლ. ნ.-ე, შ. ქ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ...-ის სპეციალური სამსახური (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, ნივთის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ღ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ...-ის სპეციალური სამსახურის მიმართ უძრავ ნივთზე მფლობელობის უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და მისი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1957 წლიდან მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ბ. ღ.-თან, რომელიც გარდაიცვალა 1993 წლის 8 დეკემბერს. ვ. ღ.-მ კანონიერი მემკვიდრეობის საფუძველზე მიიღო სამკვიდრო ქონება _ ქ.თბილისში, ...-ის ქ.¹4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და ...-ის ქ.¹4-ში მდებარე ავტოფარეხი, რომელიც მამკვიდრებელს დაკანონებული ჰქონდა ქ.თბილისის კალინინის სახელობის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1973 წლის 11 ივლისის ¹2040 გადაწყვეტილებით და ფლობდა მას 1967 წლიდან. ავტოფარეხი მდებარეობს მოპასუხის ტერიტორიაზე და მისი შესასვლელი განლაგებულია სამსახურის ეზოს შიდა მხარეს. ვ. ღ.-მ მიმართა საქართველოს ...-ის სპეციალურ სამსახურს მას შემდეგ, რაც შენიშნა, რომ ატოფარეხის კარი იყო გატეხილი, ხოლო კედელი ნაწილობრივ დანგრეული, მაგრამ მოპასუხისაგან შეიტყო, რომ სადავო უძრავი ქონება მათი საკუთრებაა, აპირებდნენ მის დანგრევასა და მასალის გაყიდვას. ამდენად, მოპასუხეს სამოქალაქო კოდექსის 157-ე, 159-ე და 161-ე მუხლების საფუძველზე უნდა აეკრძალოს მოსარჩელის კუთვნილი ავტოფარეხის მფლობელის უკანონო ხელშეშლა და დაევალოს მისი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: ქ.თბილისში, ...-ის ქ.¹4-ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობებს განკარგავდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, სადაც განთავსებული იყო სამინისტროს სამხედრო-სამედიცინო ნაწილი, ხოლო 2004 წლის 24 დეკემბრამდე _ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ...-ის დეპარტამენტი. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონში 2004 წლის 24 დეკემბერს შეტანილი ცვლილების თანახმად, მოხდა საქართველოს უშიშროების სამინისტროს ლიკვიდაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაცია. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს უფლებამონაცვლედ ჩაითვალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 2004 წლის 24 დეკემბერს ცვლილება შევიდა ,,სადაზვერვო საქმიანობის შესახებ” კანონშიც, რის საფუძველზეც განხორციელდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ...-ის დეპარტამენტის ლიკვიდაცია და მის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს ...-ის სპეციალური სამსახური. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილე ბ.ბ.-მ 2005 წლის 6 მაისის ¹2/10-1546 წერილით მიმართა საქართველოს ...-ის სამინისტროს მინისტრის მოადგილე კ.დ.-ს, რათა საქართველოს ...-ის სპეციალურ სამსახურს გადასცემოდა ქ.თბილისში, ...-ის ქ.¹4-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობანი, ძირითადი ფონდები და მცირეფასიანი ინვენტარი. ,,საქართველოს ...-ის სპეციალური სამსახურისათვის უძრავი და მოძრავი ქონების გადაცემის შესახებ” საქართველოს ...-ის მინისტრის 2006 წლის 24 ივნისის ¹1-1/671 ბრძანების მე-2 პუნქტით, საქართველოს ...-ის სპეციალურ სამსახურს გადაეცა ქ.თბილისში, ...-ის ქუჩა ¹4-ში მდებარე 900 კვ.მ შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული 1455 კვ.მ მიწის ფართი მის კომპეტენციაში არსებული ფუნქციების, ამოცანებისა და საკითხების განხორციელების მიზნით, უვადოდ, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტით. ხსენებული მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული ყველა შენობა-ნაგებობა გადაცემის დროისათვის ირიცხებოდა სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ის ფაქტი, რომ ქ.თბილისის კალინინის სახელობის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1973 წლის 11 ივლისის ¹18 §89 გადაწყვეტილებით ღ.-ს ...-ის ქ.¹4-ში მდებარე ავტოფარეხი დაუკანონდა, არ ყოფილა რეგისტრირებული არც ტექაღრიცხვის ბიუროში და არც საჯარო რეესტრში. დაუსაბუთებელია მოსარჩელის მითითება, რომ მან სადავო ავტოფარეხი მიიღო მემკვიდრეობით, რადგანაც მოსარჩელის მიერ წარდგენილ სამკვიდრო მოწმობაში სადავო ქონება მითითებული არ არის. ვ.ღ.-ის რძალი შეხვდა მოპასუხე სამსახურის იურისტს და შესთავაზა გარკვეული თანხის სანაცვლოდ ავტოფარეხის დათმობა, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა. საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მითითება, რომ მან ნახა სადავო ავტოფარეხის გატეხილი კარი, რადგანაც სადავო ობიექტი მდებარეობს შიდა ეზოში, სადაც უცხო პირთა დაშვება აკრძალულია. ექსპერტთა დასვნით ირკვევა, რომ ავტოფარეხი ავარიულია, ...-ის ორგანიზაციის (...-ს) რეკომენდაციით და მოითხოვნით კი მოპასუხე ორგანიზაციის პერიმეტრის ღობე მოყვანილ უნდა იქნეს არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში. ვ. ღ.-მ, არსებული პრეტენზიებით უნდა მიმართოს საქართველოს ...-ის სამინისტროს. ამასთან, ვ.ღ.-ი არასათანადო მოსარჩელეა, რადგან სასამართლოსათვის სადავო ავტოფარეხზე თავისი საკუთრების უფლება სათანადოდ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, არ დაუდასტურებია. ასევე ნიშანდობლივია, სადავო უძრავი ნივთი ვ.ღ.-ის საკუთრება რომ ყოფილიყო, საჯარო რეესტრი მას მოპასუხის სახელზე არ აღრიცხავდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ღ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აეკრძალა საქართველოს ...-ის სპეციალურ სამსახურს მოსარჩელის მიერ ქ.თბილისში, ...-ის ქ.¹4-ში მდებარე ავტოფარეხით სარგებლობის ხელშეშლა, ხოლო ავტოფარეხის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ...-ის სპეციალური სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით ვ. ღ.-ის სარჩელი ავტოფარეხით სარგებლობის უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ.თბილისის კალინინის სახელობის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1973 წლის 11 ივლისის ¹2040 გადაწყვეტილებით ბ. ღ.-ს დაუკანონდა ...-ის ქუჩა ¹4-ში მდებარე ...-ის ეზოში აშენებული ავტოფარეხი, ქალაქის მთავარი არქიტექტორისა და ქალაქის სანეპიდსადგურის მთავარ ექიმთან შეთანხმებული 1967 წლის 5/XIII პროექტის თანახმად. აღნიშნული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე ბ. ღ.-მ მოიპოვა ავტოფარეხის მართლზომიერი მფლობელობის უფლება. 1993 წლის 8 დეკემბერს ბ. ღ.-ი გარდაიცვალა. 1994 წლის 11 აგვისტოს მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე ვ. ღ.-მ მიიღო სამკვიდრო _ ქ.თბილისში, ...-ის ქ¹4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 157-ე მუხლით, 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით და ჩათვალა, რომ მემკვიდრე ვ.ღ.-ზე მამკვიდრებელ ბ. ღ.-ის სამკვიდროში შემავალი სადავო ავტოფარეხის ფლობისა და სარგებლობის უფლება გადავიდა იმავე სახით, როგორიც იგი მამკვიდრებელს გააჩნდა. საჯარო რეესტრის ამონაწერით სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ჩათვალა, რომ ...-ის ქ.¹4-ში მდებარე 1455 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ ¹1 და ¹2 შენობა-ნაგებობებზე რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება, ხოლო ¹3 და ¹4 ნაგებობები ირიცხება ასევე სახელმწიფოს სახელზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ...-ის მინისტრის 2006 წლის 24 ივლისის ¹1-1/671 ბრძანების საფუძველზე ქ.თბილისში, ...-ის ქ.¹ 4-ში მდებარე 900 კვ.მ შენობა-ნაგებობები და მასზე დამაგრებული 455 კვ.მ მიწის ფართი უვადოდ სარგებლობაში გადაეცა საქართველოს ...-ის სპეციალურ სამსახურს ისე, რომ ღ.-ის ავტოფარეხით სარგებლობის უფლებით აღმჭურველი აქტი არ გაუქმებულა. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2004 წლის 30 აგვისტოს .¹1-3/31 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2007 წლის 18 იანვრის ¹1-1 ოქმის თანახმად, საქართველოს ...-ის სპეციალურ სამსახურს ნება დაერთო, ჩამოეწერა მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე და ბალანსზე რიცხული ოთხი ავტოფარეხი, მათ შორის, სადავო ობიექტიც. მხარეთა განმარტებებით სასამართლომ დადგენილად ჩათალა, რომ ვ. ღ.-ს არ შეუძლია ისარგებლოს ავტოფარეხით ...-ის სპეციალური სამსახურის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის გავლის გარეშე და სადავო არ არის, რომ მოსარჩელე ავტოფარეხით ვერ სარგებლობს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და არასწორად განმარტა კანონი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 385-ე მუხლების საფუძველზე გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. პალატის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ვ. ღ.-ი სადავო ნივთის მართლზომიერი მფლობელია, საქართველოს ...-ის სპეციალური სამსახური არ აძლევს მას შესაძლებლობას, ისარგებლოს ავტოფარეხით, რაც გამოიხატება მოპასუხისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთზე შესვლის აკრძალვაში. 2006 წლის 24 ივლისიდან მიწის ნაკვეთზე, რომლის არსებითი შემადგენელი ნაწილია ავტოფარეხი, ასევე მართლზომიერი მფლობელობის უფლება გააჩნია ...-ის სპეციალურ სამსახურს. პალატამ ჩათვალა, რომ ...-ის სპეციალური სამსახურის მხრიდან ვ.ღ.-ის სარგებლობის უფლების ხელშეშლას გააჩნია კანონიერი საფუძველი, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს საქართველოს ...-ის მინისტრის ბრძანების საფუძველზე უვადო სარგებლობაში გადაეცა სადავო მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები თავის კომპეტენციაში არსებული ფუნქციების, ამოცანებისა და საკითხების განხორციელების მიზნით. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,სადაზვერვო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მეორე პუნქტით, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მეხუთე პუნქტითა და 38-ე მუხლით, აპელანტის განმარტებით და მიუთითა, რომ მოპასუხეს საიდუმლო რეჟიმის ობიექტების ნუსხაში უკავია პირველი ადგილი, იგი ამუშავებს და ამზადებს «განსაკუთრებული მნიშვნელობის», «სრულიად საიდუმლო» და «საიდუმლო» ინფორმაციის შემცველ მასალებს, ფლობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) ქვერეესტრს და სამსახურის უფროსის სპეციალური ნებართვის გარეშე მის ტერიტორიაზე შესვლა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულება გამოიწვევს საიდუმლოების რეჟიმის, ისევე, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის დარღვევას. პალატამ ჩათვალა, რომ საქართველოს ...-ის სპეციალური სამსახურის მხრიდან სადავო ავტოფარეხით სარგებლობის უკანონო ხელშეშლა არ განხორციელებულა და მხარე მოქმედებდა საკუთარი მიზნებისა ამოცანებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვ. ღ.-ის წარმომადგენელმა ლ.ნ.-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მამკვიდრებელს დაკანონებული ჰქონდა სადავო ავტოფარეხი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე და სამკვიდროს გახსნის დროისათვის მოპოვებული ჰქონდა ავტოფარეხის მართლზომიერი ფლობის უფლება. ვ.ღ.-მ, როგორც ბ.ღ.-ის კანონიერმა მემკვიდრემ, სადავო ავტოფარეხის ფლობისა და სარგებლობის უფლება მემკვიდრეობით ისეთივე სახით მიიღო, როგორიც მამკვიდრებელს გააჩნდა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სადავო ქონებით სარგებლობის უფლებით აღმჭურველი აქტი გაუქმებული არ არის, ხოლო მისით სარგებლობა შეუძლებელია საქართველოს ...-ის სპეციალური სამსახურის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის გავლის გარეშე, რის გამოც უდავოა, რომ კასატორი ავტოფარეხით ვერ სარგებლობს. საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია და რაიმე სამართლის ნორმას არ ემყარება, რითაც დაირღვა ამავე კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” და ,,ე1” პუნქტები. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ...-ის სპეციალური სამსახურის მხრიდან ვ.ღ.-სათვის სარგებლობის უფლების ხელშეშლას გააჩნია კანონიერი საფუძველი, მაგრამ არ მიუთითა იმ კანონზე, რომელიც მას უფლებას აძლევს კანონიერ საფუძველზე ხელი შეუშალოს მართლზომიერ მოსარგებლეს უფლების განხორციელებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ არასწორად მიუთითა «სადაზვერვო საქმიანობის შესახებ» კანონის მე-7 მუხლის მეორე ნაწილზე, «სახელმწიფო საიდუმლოების» შესახებ კანონის მე-3 მუხლის მეხუთე პუნქტზე და ამავე კანონის 38-ე მუხლზე, რადგან ხსენებული ნორმები მსგავსს დანაწესს არ შეიცავს. სააპელაციო სასამართლომ არ მიუთითა კონკრეტულ კანონზე და არ დაასაბუთა, თუ როგორ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს სახელმწიფო პოლიტიკას სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ ვ.ღ.-ის მიერ საკუთარი ავტოფარეხის ფლობისა და სარგებლობის უფლების განხორციელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივარი საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ღ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, ვინაიდან საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, კერძოდ:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ვ.ღ.-ი წარმოადგენს სადავო ავტოფარეხის მართლზომიერ მფლობელს ქ.თბილისის კალინინის სახელობის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1973 წლის 11 ივლისის ¹2040 გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც დაკანონდა ქ.თბილისში, ...-ის ქუჩა ¹4-ში მდებარე მე-...-ის ეზოში მისი მამკვიდრებლის მიერ აშენებული ავტოფარეხი.
ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ზემოხსენებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ რეგისტრირებულია რა სახელმწიფო, საქართველოს ...-ის მინისტრის 2006 წლის 24 ივლისის ¹1-1/671 ბრძანების საფუძველზე მიწის ფართი უვადოდ სარგებლობაში გადაეცა საქართველოს ...-ის სპეციალურ სამსახურს ისე, რომ ღ.-ის ავტოფარეხით სარგებლობის უფლებით აღმჭურველი აქტი არ გაუქმებულა.
სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია, ადმინისტრაციული აქტი _ საქართველოს ...-ის მინისტრის 2006 წლის 24 ივლისის ¹1-1/671 ბრძანება მოიცავს თუ არა იმ მიწის ფართს, რომელზედაც განთავსებულია სადავო ავტოფარეხი. აღნიშნული გარემოება გამოკვლევას საჭიროებს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ნახაზებით ზემოაღნიშნულ მისამართზე რვა ავტოფარეხია განთავსებული (იხ. ს.ფ. 26, 8), ხოლო ...-ის სამინისტროს ბრძანების საფუძველზე ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართლოს ბრძანებით შექმნილი დროებითი კომისიის მიერ გამოცემული აქტები აღნიშნულ მისამართზე ავტოფარეხის ჩამოწერის თაობაზე (ს.ფ. 23-24) ეხება მხოლოდ ოთხ ავტოფარეხს, ანუ ამ უკანასკნელი დოკუმენტიდან არ ირკვევა ჩამოიწერა თუ არა სადავო ავტოფარეხი.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ დავის გადაწყვეტისას შეფასება უნდა მისცეს ქ.თბილისის კალინინის სახელობის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1973 წლის 11 ივლისის ¹2040 გადაწყვეტილებას საქართველოს ...-ის მინისტრის 2006 წლის 24 ივლისის ¹1-1/671 ბრძანებასა და ამავე ბრძანების საფუძველზე ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართლოს ბრძანებით შექმნილი დროებითი კომისიის მიერ გამოცემულ აქტებთან (ს.ფ. 23-24) მიმართებით, კერძოდ:
სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, 1973 წლის 11 ივლისის აღმასკომის გადაწყვეტილებით კონკრეტულად რა უფლებით იქნა პირი (ვ.ღ.-ი) აღჭურვილი, გაუუქმდა თუ არა მას ეს უფლება კანონით დადგენილი წესით, რა გავლენას ახდენს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2006 წლის 24 ივლისის მინისტრის ბრძანება, ანუ უცვლის ან უწყვიტავს თუ არა აღნიშნული ბრძანება პირს უკვე წარმოშობილ უფლებას.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მხოლოდ ზემოხსენებულ გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ უნდა შეაფასოს მოსარჩელის მართლზომიერების საკითხი და აღნიშნულ დავას სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ღ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.