Facebook Twitter

საქმე №87აგ-15 9 მარტი, 2016 წელი

მ-ა მ., 87აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. შ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის განაჩენით მ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 12 თებერვლიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი სხვა უფლებები.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით შეიცვალა: „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მ. მ-ს ერთი მესამედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

2015 წლის 24 ივლისს მსჯავრდებულმა მ. მ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვისა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ მ. მ-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

ადვოკატი მ. შ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მ. მ-მ გაასაღა არა განსაკუთრებით დიდი ოდენობის, არამედ – 0,004 გრ ნარკოტიკული საშუალება – „ბუპრენორფინის“ შემცველი აბის ერთი ნატეხი; იმის გამო, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის ახალი რედაქცია ახდენს დიფერენცირებას გასაღებასა და შეძენა-შენახვას შორის, მ. მ-ს ახალი რედაქციის სსკ-ის პირობებში 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრი დაედებოდა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე სრულად გათავისუფლდებოდა მუხლის ამ ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ამ ნაწილში მ. მ-ს ქმედებას მიეცემოდა ახალი კანონით გათვალისწინებული კვალიფიკაცია, რის გამოც სასჯელთან მიმართებით მნიშვნელოვნად შემსუბუქდებოდა მსჯავრდებულის მდგომარეობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 აგვისტოს განჩინების გაუქმებასა და მსჯავრდებულ მ. მ-ს შუამდგომლობის განხილვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებულ მ. მ-ს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებაში და სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რაც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება კვალიფიცირდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია იგივე სასჯელი – რვიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, კანონში შესული ცვლილებით მსჯავრდებულ ზ. ა-ს მდგომარეობა არ უმჯობესდება და არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას.

რაც შეეხება კასატორის პოზიციას, რომ მ. მ-მ რეალურად, განაჩენის თანახმად, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ხოლო გასაღებით კი - მხოლოდ 0,004 გრ ნარკოტიკული საშუალება – „ბუპრენორფინის“ შემცველი აბის ერთი ნატეხი გაასაღა, რის გამოც, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის ახალი რედაქცია ახდენს დიფერენცირებას გასაღებასა და შეძენა-შენახვას შორის, მ. მ-ს ახალი რედაქციის სსკ-ის პირობებში 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მსჯავრი დაედებოდა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე სრულად გათავისუფლდებოდა მუხლის ამ ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, ხოლო გასაღების ნაწილში მ. მ-ს ქმედებას მიეცემოდა ახალი კანონით გათვალისწინებული კვალიფიკაცია, რის გამოც მნიშვნელოვნად შემსუბუქდებოდა მსჯავრდებულის მდგომარეობა – პალატა მიუთითებს, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი მ. მ-ს სამართლებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესდებოდა, ვინაიდან ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება საქართველოს სსკ-ის ახალი რედაქციითაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს წარმოადგენს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თერთმეტ წლამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ მ. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. შ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ მ. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე