ას-263-588-09 1 ივნისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ზ გ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ კ. თ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ გ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. თ-ძის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 8 ივლისს ხელვაჩაურის გზატკეცილზე მოპასუხემ მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც დააზიანა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა. მოცემულ ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა იმ მოტივით, რომ არავინ არ დაშავებულა, თუმცა წინასწარი გამოძიებისას დადგინდა, რომ შემთხვევა მოხდა კ.თ-ძის დაუდევრობის გამო. ზ.გ-ძის ავტომანქანის აღსადგენად საჭიროა 7500 ლარი, რის გადახდაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაზეც კ.თ-ძემ შეიტანა საჩივარი. ამავე სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელად.
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება კ. თ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლით, 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილის «ზ» ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებელი მხარე, რომელიც უარს იტყვის საქმის განხილვაში მონაწილეობაზე მხოლოდ მაშინ ითვლება სხდომაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მოწვეულად, თუ სასამართლო მას მიუთითებს სასამართლო სხდომის მიტოვების სამართლებრივ შედეგებზე. ამავე კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლო სხდომის მიტოვების გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია იმ მხარის მიმართ, რომელიც არ არის გაფრთხილებული სხდომის მიტოვების სამართლებრივ შედეგებზე, რა დროსაც ითვლება, რომ მხარე არ იყო მიწვეული სასამართლო სხდომაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომის ოქმით დასტურდება, რომ სასამართლოს მოპასუხის წარმომადგენელი სხდომის მიტოვების შედეგებზე არ გაუფრთხილებია და მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ზ გ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის «ზ» ქვეპუნქტით, როდესაც მიიჩნია, რომ მხარე არ ყოფილა მიწვეული საქმის განხილვაზე ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ სასამართლო უწყების სტანდარტული ბლანკი შეიცავს ინფორმაციას სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილი. აღნიშნული ნორმა არეგულირებს სასამართლო სხდომაზე წესრიგის დაცვას. მნიშვნელოვანია, მხარის მიერ სასამართლო სხდომის დატოვება მოსამართლისათვის რაიმე კონკრეტული მიზეზის შეუტყობინებლად განვასხვავოთ ისეთი შემთხვევისაგან, როდესაც მხარე ტოვებს სხდომას და განმარტავს, რომ მოცემული საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება არ სურს, რა დროსაც ნათელია, რომ იგი პროცესზე აღარ დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს საქმის განხილვისას იცავდა ადვოკატი ბ.გ-ძე, რომელსაც უდავოდ უნდა სცოდნოდა სასამართლო სხდომის უნებართვოდ დატოვების სამართლებრივი შედეგი, შესაბამისად, აღნიშნულის თაობაზე მისი გაუფრთხილებლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას ვერ დააბრკოლებდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინებით ზ გ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას 2009 წლის 11 მაისს ¹ა-957-09 შესაგებლით კ.თ-ძემ წარმოადგინა მასალები 17 ფურცლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ზ გ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია მხარის მიერ სასამართლო სხდომის თვითნებურად დატოვებისას მისთვის შესაბამისი სამართლებრივი შედეგების განუმარტავად დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილსა და 72-ე მუხლის პირველი ნაწილის «ზ» ქვეპუნქტს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ზ გ-ძეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2009 წლის 11 აპრილს გადახდილი 372,80 ლარის 70% _ 260,96 ლარი.
კ. თ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ¹ა-957-09 განცხადებაზე დართული მასალები 17 ფურცლად, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ გ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ზ გ-ძეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 260,96 ლარი.
კ. თ-ძეს დაუბრუნდეს მასალები 17 ფურცლად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.