Facebook Twitter

ას-265-595-07 21 მაისი2007 წ

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე ,მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ. ჭ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ბ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 23 დეკემბერს დუშეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა თ. ბ-მ და მოითხოვა შიდა გზიდან ნ. ჭ-ს კუთვნილი ვაგონის გატანა.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2002 წლის 8 აპრილს ¹75 აუქციონის საფუძველზე მოსარჩელემ შეისყიდა დაბა ... ბალანსზე რიცხული ... ბაზარი (780 კვ.მ) და შესაბამისად, ყოფილი ბაზრის ტერიტორია გადაეცა მას საკუთრებაში, რაზეც გაფორმდა ქონების მიღება-ჩაბარების აქტი და საკუთრების უფლება რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მის კუთვნილ ტერიტორიაზე მოპასუხე ნ. ჭ-ს, რომელიც წარმოადგენს გარდაცვლილი რ. ქ-ს მეუღლეს, თვითნებურად ჰქონდა ჩადგმული კომერციული საქმიანობისათვის ვაგონი, რის შესახებაც დუშეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აწ გარდაცვლილ რ. ქ-ს დაევალა გამოენთავისუფლებინა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთი იმ ფორმით, რომ თ. ბ-ს შესაძლებლობა მისცემოდა შემოეღობა მის საკუთრებაში არსებული 780 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

მოსარჩელე ასევე განმარტავდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებისას, მართალია მოპასუხემ გაათავისუფლა ბაზრის ტერიტორია, მაგრამ ისე გადაადგილა (შეაბრუნა) სავაჭრო ვაგონი, რომ მთლიანად სიგრძე-სიგანეზე დაიკავა ბაზრის შესასვლელი გზა, რის გამოც შეუძლებელია ბაზარში ავტომანქანების შესვლა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თ. ბ-ის ხელშეკრულებაში არ არის განსაზღვრული ის, რომ მას ბაზარში მისასვლელი სამანქანე გზა უნდა ჰქონდეს პურის საცხობის ეზოდან, გარდა ამისა, პურის საცხობის თავისი, თანმდევი მიწის ფართობი ეზო – გზიანად შეადგენს 670 კვ.მ ფართობს, რაც წარმოადგენს ნ. ჭ-ს ოჯახის საკუთრებას, რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და განაშენიანობის პროექტშია დაფიქსირებული.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-მ

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა დუშეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; აეკრძალა ნ. ჭ-ს ხელშეშლა თ. ბ-სათვის საერთო შიდა გზით სარგებლობაში იმგვარად, რომ ნ. ჭ-ს დაევალა აიღოს ვაგონი განთავსებული საერთო სარგებლობის შიდა გზაზე დაბა ... თ. ბ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის სასაზღვრო მიჯნასა და კ. ქ-ს კუთვნილ შენობას შორის.

პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ფაქტობრივი თვალსაზრისით. კერძოდ, მის სამოტივაციო ნაწილში არ არის სწორად განსაზღვრული საქმეზე დასადგენი ფაქტობრივი გარემოებების წრე; სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ სასაზღვრო მიჯნის აგების შესახებ და დაასკვნა, რომ ნაკვეთის შემოღობვა მას თავისუფლად შეუძლია, რომ შესაძლებელია შესასვლელი ჭიშკრის მოწყობაც, მაგრამ სასამართლოს არ უმსჯელია ეშლება თუ არა ხელი თ ბ-ს საერთო შიდა გზით სარგებლობაში.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2002 წლის 8 აპრილს ¹75 აუქციონის საფუძველზე თ. ბ-მ შეისყიდა დაბა ... ბალანსზე რიცხული ... ბაზარი 780კვ.მ, რომელიც მის საკუთრებას წარმოადგენს. ასევე დადგენილი, რომ მოწინააღმდეგე მხარის ნ. ჭ-ს კუთვნილი სავაჭრო ვაგონი განტავსებულია ნაწილობრივ კ. ქ-ს საკუტრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და ნაწილობრივ საერთო სასარგებლო შიდა გზაზე, შიდა გზა მდებარეობს კ. ქ-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთსა და თ. ბ-ის კუთვნილ ბაზრის ტერიტორიას შორის.

ასევე პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ბ-ს ნ. ჭ-ს კუთვნილი ვაგონის შიდა გზაზე განთავსების გამო ხელი ეშლება თავისი მიწის ნაკვეთის (ბაზრის) ჯეროვან გამოყენებაში, რადგან თ. ბ-ის ნაკვეთი, საჯარო გზას უკავშირდება შიდა გზის მეშვეობითაც, რომელიც მასზე ვაგონის განთავსების გამო საკმაოდ შევიწროვებულია. ამასთან, სააპელაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ შიდა გზა განკუთვნილია საჯარო სარგებლობისათვის და დაუშვებელია მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობის შეზღუდვა..

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჭ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და დაუსაბუთებელი. არასწორადაა დადგენილი საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, კასატოტის განმარტებით პალატამ არ დაადგინა არსებობს თუ არა მეზობელ ნაკვეთებს შორის საერთო სასარგებლო გზა და თუ არსებობს სად გადის. კასატორის აზრით საჯარო გზასთან დამაკავშირებელი, როგორც საცალფეხო, ასევე სამანქანა გზა ბაზარს ჰქონდა და აქვს, აღნიშნული პალატის მიერ არ Yყოფილა გათვალისწინებული, შესაბამისად სასამართლომ, არასწორად განმარტა სსსაქართველოს სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლი, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით .

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.