¹ას-266-590-09 23 ივნისი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ შ. ო-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 თებერვლის განჩინება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 22 სექტემბერს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოპასუხე შ. ო-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 14 000 ლარის ოდენობით ჯარიმის, ზიანის სახით 3 160.23 ლარის, 370.80 აშშ დოლარის ოდენობით სანივთე დავალიანებისა და 14 000 ლარის 0.2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება.
სასარჩელო განცხადებიდან და მასზე თანდართული მასალებიდან ირკვევა შემდეგი:
შ. ო-ძე კონტრაქტის საფუძველზე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში;
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 5 მაისის ¹1235 ბრძანებით 2005 წლის 1 მარტიდან იგი გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად დაინიშნა თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის საშტატო ასეულის საკომენდანტო ოცეულის ... საკომენდანტო ათეულის ...ად;
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 2 დეკემბრის ¹1328 ბრძანებით კაპრალი შ. ო-ძე კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2005 წლის 2 ნოემბრიდან;
შ. ო-ძემ 2005 წლის 1 მარტიდან 2005 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით ხელფასის სახით მიიღო 3 160.23 ლარი, ხოლო მის მიმართ არსებული სანივთე ქონებისა და აღჭურვილობის დანაკლისი წარმოადგენდა 370.80 აშშ დოლარს;
მოპასუხის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ვადამ შეადგინა რვა თვე.
«სამხედო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ» კანონის 32-ე მუხლის თანახმად, საკონტრაქტო სამსახურის გამვლელთათვის დადგენილია არანაკლებ 3 წლიანი ვადა, ხოლო შ. ო-ძეს ხელშეკრულების 3.1 მუხლის მიხედვით ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება 4 წელი ემსახურა შეიარაღებულ ძალებში.
ჯარიმის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა დაეფუძნა შ. ო-ძესთან დადებული ხელშეკრულების 7.3 მუხლს, რომლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდება, შეწყვიტოს 4 წლიანი კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები: ა. ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო სამი წლის ხელფასის სახით საშუალოდ 14 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად; ბ. ორის წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო სამი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 10 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებულ იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად; გ. სამი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 5 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებულ იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად.
ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ კონტრაქტის 7.3 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, მოპასუხეს წარმოეშვა ვალდებულება, სამინისტროსათვის აენაზღაურებინა მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები, რაც კონკრეტულ შემთხვევაში 14 000 ლარს შეადგენდა.
კონტრაქტის 7.4 მუხლით სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3 და 7.4 მუხლებში აღნიშნული თანხების ამავე მუხლებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხება პირგასამტეხლო 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. რამდენადაც შ. ო-ძეს თანხა უნდა გადაეხადა კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ე.ი. 2005 წლის 13 ნოემბრამდე, რაც არ გადაუხდია, კონტრაქტის 7.4 მუხლიდან გამომდინარე, მას უნდა გადაეხადა 0.2%-ის ოდენობის პირგასამტეხლო, ყოველდღიურად, 2005 წლის 13 ნოემბრიდან მოთხოვნილი თანხის გადახდამდე.
სანივთე უზრუნველყოფის ფარგლებში სამხედრო სამსახურის განმავლობაში მოპასუხეზე გადაცემული ქონება (ტანსაცმელი და სხვა) წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ მოპასუხეს არ დაუბრუნებია მასზე გადაცემული სანივთე უზრუნველყოფა, რაც თანხობრივად შეადგენდა 370.80 აშშ დოლარს და რის ანაზღაურებასაც მოსარჩელე ასევე მოითხოვდა.
ზიანის სახით გადასახდელ თანხასთან მიმართებით მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ეს იყო თანხა, რაც დაიხარჯა სამხედრო მოსამსახურის _ შ. ო-ძის მომზადებაზე და რომლის ხელახლა გაღება სამინისტროს მოუწია მის ნაცვლად ახალი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთნის გამო, ვინაიდან ახალი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთნა დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. სამხედრო მოსამსახურე სრულ მატერიალურ კმაყოფაზე იმყოფებოდა სახელმწიფოს მხრიდან. თავდაცვის სამინისტროს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და გამოყოფილი ხელფასის, კვების, სანივთე უზრუნველყოფის, წვრთნისა და აღჭურვილობის სახსრები პროფესიული, დისციპლინირებული, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალის მომზადებისათვის. მოპასუხემ ნაცვლად ოთხი წლისა, მხოლოდ რვა თვე იმსახურა სამხედრო სამსახურში, რამაც მის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი წარმოშვა. დასახელებულ მოთხოვნასთან მიმართებით მოსარჩელე მიუთითებდა სამოქალაქო კოდექსის 394.1, 407-ე, 414-ე მუხლებზე და მათზე დაყრდნობით მოპასუხისათვის 3 160.23 ლარის ოდენობით ზიანის თანხის დაკისრებას ითხოვდა (ს.ფ. 1-13).
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შ. ო-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სანივთე დავალიანების ანაზღაურება 370.80 აშშ დოლარის ოდენობით.
რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ო-ძის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ვადა შეადგენდა 8 თვეს, ხოლო კონტრაქტის 7.3 მუხლის მიხედვით სამხედრო მოსამსახურეს ჯარიმის თანხის გადახდა ეკისრება ერთი წლის სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ.
რამდენადაც ზემომითითებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ერთი წლის გასვლამდე კონტრაქტის მოშლისას პასუხისმგებლობას, რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, კონტრაქტის 7.3 მუხლის «ა» პუნქტის თანახმად, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის სანქციის სახით ჯარიმის ამუშავება და მისი ოდენობის განსაზღვრა დაიწყებოდა მხოლოდ ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ მომდევნო სამი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 14 000 ლარის ოდენობით, რაც დაანგარიშებული იქნებოდა ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად. აღნიშნული ვადა დაკავშირებული იყო მხოლოდ ჯარიმის დაკისრებასთან. აქედან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ ასევე არ გაიზიარა პირგასამტეხლოს სახით 14 000 ლარის 0.2%-ის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა.
საქმეზე დგინდებოდა, რომ შ. ო-ძის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ვადა შეადგენდა 8 თვეს, რის სანაცვლოდაც მას მიღებული ჰქონდა ანაზღაურება 3 160.23 ლარის ოდენობით. მოპასუხე ამ დროის განმავლობაში დასაქმებული იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ასრულებდა სამუშაოს, რისთვისაც დამსაქმებლის მიერ ანაზღაურების, ხელფასის სახით გადახდილ იქნა 3 160.23 ლარი ანუ მხარეს ხელფასის სახით გადახდილი 3 160.23 ლარის შესაბამისი სამუშაო 8 თვის განმავლობაში უკვე მიღებული ჰქონდა. რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, ზიანის სახით აღნიშნული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა ეწინააღმდეგებოდა როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის სამართლიანი ანაზღაურების პრინციპს, ისე მოქმედ შრომით კანონმდებლობას.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 370.80 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა კონტრაქტის 7.1 და 7.2 მუხლებზე, რომელთა თანახმად, სამხედრო მოსამსახურე მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს მისთვის მინდობილი ქონების უსაფრთხოებასა და მოვლაზე. მინდობილი ქონების დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში იგი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს სამინისტროს მიყენებული ზიანი. საქმეში არსებული სანივთე ქონებისა და აღჭურვილობის დანაკლისის ოქმით შ. ო-ძეზე გადაცემული იყო 370.80 აშშ დოლარის ქონება, რომელიც თავდაცვის სამინისტროსათვის არ იყო დაბრუნებული. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. რამდენადაც შ. ო-ძემ დაარღვია კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები (ვადაზე ადრე დატოვა შეიარაღებული ძალები), ამავე კონტრაქტის თანახმად, იგი ვალდებული იყო აენაზღაურებინა თავდაცვის სამინისტროს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში სანივთე ქონებისა და აღჭურვილობის სახით მასზე გადაცემული ქონების ღირებულება, რაც 370.80 ლარს შეადგენდა (ს.ფ. 47-51).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
აპელანტმა არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ შ. ო-ძესთან დადებულ ხელშეკრულებაში მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ერთი წლის გასვლამდე კონტრაქტის მოშლისას პასუხისმგებლობის მიუთითებლობის გამო, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კონტრაქტორის პასუხისმგებლობის საფუძველი არ არსებობდა. კონტრაქტის 7.3 მუხლი არ გამორიცხავდა სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობას ერთ წლამდე სამსახურისას კონტრაქტის დარღვევის გამო დამსაქმებლისათვის ზიანის ანაზღაურების შესახებ, რამდენადაც ამ მუხლს ზოგადი ხასიათი გააჩნდა და პასუხისმგებლობის ზოგად პრინციპებს განსაზღვრავდა.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება დადებული იყო 4 წლის ვადით, რაც კონტრაქტის ერთ-ერთ ძირითად პირობას წარმოადგენდა. აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 384-ე მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობად შ. ო-ძის მიერ სწორედ კონტრაქტის (ვალდებულების) დარღვევა, კერძოდ, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა ჩაითვალა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიციასთან დაკავშირებით, სადაც სამინისტრო მიუთითებდა, რომ მოთხოვნილი თანხა იყო ზიანი, რომელიც კონტრაქტის (ხელშეკრულების) დარღვევიდან გამომდინარე წარმოიშვა და რომლის შესაძლებლობას იძლეოდა სამოქალაქო კოდექსი და მოქმედი კანონმდებლობა.
აპელანტის განმარტებით, მოთხოვნილი თანხის ზიანის შინაარსზე მიუთითებდა კონტრაქტის 8.2, 8.3 და 8.4 მუხლები, რომლებიდანაც ცალსახად ირკვეოდა, რომ სამინისტრომ მოითხოვა ის თანხა, რაც დახარჯა სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე და რომლის ხელახლა გაღება მას მოუწია კონტრაქტის დარღვევის გამო, მის ნაცვლად ახალი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთნისათვის.
აპელანტის მითითებით, გარდა კონტრაქტის რიგი მუხლებისა, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის ნორმები, საიდანაც გამომდინარეობდა, რომ მოთხოვნილი თანხა ყოფილი სამხედრო მოსამსახურის მიერ თავდაცვის სამინისტროსათვის მიყენებულ ზიანის თანხას წარმოადგენდა (ს.ფ. 60-71).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი შ. ო-ძის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სადავოდ არ გაუხდია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შ. ო-ძეს შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, მაგრამ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ადმინისტრაციული ორგანო _ თავდაცვის სამინისტრო ფიზიკური პირისაგან _ სამხედრო მოსამსახურისაგან ითხოვდა ზიანის ანაზღაურების თაობაზე სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ საქმეზე შესამოწმებელი იყო სასარჩელო მოთხოვნის სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან შესაბამისობა, რაც სამოქალაქო საქმეთა პალატის კომპეტენციას წარმოადგენდა. ასეთ დასკვნას განაპირობებდა სასამართლო წესით (დავის წარმოების გზით) დასაცავი უფლების მატერიალური შინაარსი, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა და უფლებები, რომელთა დასაცავადაც აღიძრა სარჩელი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავა სამოქალაქო ხასიათის იყო, რის შესაბამისადაც არ არსებობდა ამ ნაწილში დავის გადაწყვეტისათვის ადმინისტრაციული კანონმდებლობის გამოყენების საჭიროება.
საქმის განსჯადი სასამართლოსათვის გადაცემის საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა დაეყრდნო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლებს, რომელთა განმარტების შედეგადაც ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა განსახილველად ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას დაუქვემდებარა (ს.ფ. 76-79).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შ. ო-ძემ ბრალეულად დაარღვია კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებით, რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ანუ სახეზე იყო სამართალდარღვევის ისეთი შემადგენელი ელემენტები, როგორებიცაა მართლსაწინააღმდეგობა და ბრალი.
მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო ზიანი, რაც გამოიწვევდა შ. ო-ძის ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. შესაბამისად, არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზიანი წარმოადგენდა სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს, თუ არ იქნებოდა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლებოდა დამდგარიყო. ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენდა ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თავდაცვის სამინისტროს მტკიცება იმის თაობაზე, რომ შ. ო-ძის მიერ მათზე მიყენებული ზიანი უნდა განსაზღვრულიყო 3 160.23 ლარით, იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ოდენობის თანხა წარმოადგენდა ახალი სამხედრო მოსამსახურის მომზადებისათვის დამატებით დახარჯულ თანხას. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხის აღნიშნული მოსაზრება არ იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, საქმეში არსებული მასალებით კი დასტურდებოდა საპირისპირო.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ო-ძის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ვადა შეადგენდა 8 თვეს, რის სანაცვლოდაც მან მიიღო ანაზღაურება 3 160.23 ლარის ოდენობით. მოპასუხე ამ დროის განმავლობაში დასაქმებული იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ასრულებდა სამუშაოს, რისთვისაც დამსაქმებლის მიერ ხელფასის სახით გადახდილ იქნა 3 160.23 ლარი ანუ მხარეს ხელფასის სახით გადახდილი 3 160.23 ლარის შესაბამისი სამუშაო 8 თვის განმავლობაში უკვე შესრულებული ჰქონდა და ზიანის სახით აღნიშნული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა ეწინააღმდეგებოდა როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის სამართლიანი ანაზღაურების პრინციპს, ისე მოქმედ შრომით კანონმდებლობას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შრომის კონტრაქტის შესაბამისი მუხლებით ასევე დასტურდებოდა, რომ სამხედრო მოსამსახურე კონტრაქტის დადებიდან უზრუნველყოფილი იყო ხელფასით. სამხედრო მოსამსახურისათვის ხელფასის სახით მიცემული თანხა კი არ შეიძლებოდა განხილულიყო როგორც ზიანი, რადგან აღნიშნული თანხა წარმოადგენდა გაწეული შრომის კომპენსაციას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვერ ამტკიცებდა, თუ რა თანხა იქნა დახარჯული შ. ო-ძის, როგორც სამხედრო მოსამსახურის მომზადებაში, კონტრაქტის დარღვევის შემდეგ მოამზადა თუ არა ახალი სამხედრო მოსამსახურე, რა თანხა დაიხარჯა მის მომზადებაში და საერთოდ, კონტრაქტის დარღვევით მიიღო თუ არა თავდაცვის სამინისტრომ მატერიალური (ქონებრივი) ზიანი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაუსაბუთებელი იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა (ს.ფ. 116-121).
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიციასთან დაკავშირებით, სადაც სამინისტრო მიუთითებს, რომ მოთხოვნილი თანხა არის ზიანი, რომელიც კონტრაქტის (ხელშეკრულების) პირობების დარღვევის გამო წარმოიშვა და რომლის მოთხოვნის შესაძლებლობას იძლევა სამოქალაქო კოდექსი, მოქმედი კანონმდებლობა.
მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს შ. ო-ძისაგან 3 160.23 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება. მოთხოვნილი ზიანის შინაარსზე მიუთითებს კონტრაქტის 8.2, 8.3 და 8.4 მუხლები, რომლებიდანაც ცალსახად ირკვევა, რომ სამინისტრომ სწორედ ის თანხა მოითხოვა, რაც დახარჯა სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე და რომლის გაღება მას მოუწია კონტრაქტის დარღვევის გამო, მის ნაცვლად ახალი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთნისათვის.
საგულისხმოა, რომ კონტრაქტის დადებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტერესი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინირებული, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით უზრუნველყოფა. მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის დარღვევით ვერ იქნა მიღწეული დასახელებული ინტერესი და მასზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ფაქტობრივად უშედეგოდ დაიხარჯა.
შ. ო-ძის მიმართ მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს სამინისტროსათვის მიყენებულ ზიანს, რომლის მოთხოვნის უფლებაც თავდაცვის სამინისტროს გააჩნია არა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის ნორმების, არამედ კონტრაქტის რიგი მუხლების საფუძველზეც (ს.ფ. 127-135).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავა არ განეკუთვნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის დავის საგანია შ. ო-ძის, როგორც სამხედრო მოსამსახურის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თავდაცვის სამინისტროსა და შ. ო-ძეს შორის სადავო ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი, რომლის 1.1 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად იმსახუროს სამინისტროს ქვედანაყოფებში, ხოლო სამინისტრო ვალდებულია, გადაუხადოს სამხედრო მოსამსახურეს შეთანხმებული ხელფასი და უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურით და შესაბამისი პირობებით. სადავო არ არის, რომ აღნიშნული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რამდენადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დადებულია თავისი საჯარო უფლებამოსილების განხორციელების _ სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით.
საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 2 დეკემბრის ¹3128 ბრძანებით სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადის საშტაბო ასეულის საკომენდანტო ოცეულის მესამე საკომენდანტო ათეულის მეთაური, კაპრალი შ. ო-ძე 2005 წლის 2 ნოემბრიდან დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «თ» ქვეპუნქტის საფუძველზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა გამომდინარეობს სწორედ კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობიდან, კერძოდ, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის დადებული 4-წლიანი კონტრაქტი მოპასუხის სურვილით შეწყდა. ამდენად, მოსარჩელე სადავოდ ხდის ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობების შესრულებას, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტისა და 251 მუხლის თანახმად ადმინისტრაციული დავის საგანია.
ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ემყარება სამოქალაქო კოდექსის ნორმებს, არ ნიშნავს, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ამის გამო კერძოსამართლებრივ შინაარსს იძენს. დავის არსის გათვალისწინებით სადავო ურთიერთობის სამართლებრივი საფუძვლების სწორად განსაზღვრა სასამართლოს ვალდებულებაა და ამ შემთხვევაში სასამართლო მხარის მიერ დასახელებული სამართლის ნორმებით არ არის შებოჭილი. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის V თავი («ადმინისტრაციული ხელშეკრულება») სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენებას ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ სრულიად დასაშვებად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში მოთხოვნის საფუძვლიანობის განსასაზღვრად ძირითადი და გადამწყვეტია, პირველ რიგში შეფასდეს სწორედ მხარეთა შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობები, ასევე ადმინისტრაციული კანონმდებლობის _ «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის, «სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ» კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების მოთხოვნები. მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნორმების გამოყენების შემდეგ არის შესაძლებელი, გაირკვეს მოთხოვნის სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან შესაბამისობა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმე განხილულია საგნობრივი განსჯადობის წესების დარღვევით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 თებერვლის განჩინება;
საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.