Facebook Twitter

ას-266-596-07 5 ნოემბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს „ .. ..“

წარმომადგენელი _ ვ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. დ-ა

დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. დ-მ 2004 წლის დეკემბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ .. ..“ დირექტორის მიმართ სადეკრეტო შვებულებიდან სამუშაოზე დაბრუნების თაობაზე. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 1990 წლიდან მუშაობდა .. .. რეანიმაციის განყოფილების ... თანამდებობაზე. 2001 წლის 22 ოქტომბერს გავიდა სადეკრეტო შვებულებაში, ხოლო 2001 წლის 25 ოქტომბერს შეეძინა ქალიშვილი. მოსარჩელემ 2004 წლის 16 ნოემბერს განცხადებით მიმართა შპს „ .. ..“ დირექტორ დ. ჩ-ს სადეკრეტო შვებულებიდან დაბრუნების თაობაზე, რაზედაც მოპასუხემ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონის 154-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო პერსონალს ეკრძალება დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება სპეციალისტის სერტიფიკატის გარეშე. მოსარჩელის მითითებით, დაირღვა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 164-ე მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ აკრძალულია სამუშაოზე მიღებისას ქალებისათვის უარის თქმა და მოითხოვა მისი სადეკრეტო შვებულებიდან სამუშაოზე დაბრუნება.

სასამართლოში სარჩელის განხილვამდე თ. დ-ა შპს „.. ..“ დირექტორ დ.ჩ-ის 2004 წლის 24 დეკემბრის ¹16 ბრძანებით დაბრუნებულ იქნა სადეკრეტო შვებულებიდან, ხოლო იმავე წლის 27 დეკემბერს ¹17 ბრძანებით შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება როგორც სახელმწიფო სერთიფიკატის არ მქონე სპეციალისტს. აღნიშნულის გამო მოსარჩელემ შეცვალა დავის საგანი და საფუძველი და მოითხოვა შპს „ .. ..“ ადმინისტრაციის 2004 წლის 27 დეკემბრის ¹17 ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებამდე და განაცდურის ანაზღაურება თვეში 22 ლარის ოდენობით.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით თ. დ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შპს „ .. ..“ დირექტორის 2004 წლის 27 დეკემბრის ¹17 ბრძანება თ. დ-სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მოსარჩელე აღდგენილ იქნა სამუშაოზე შპს „ .. ..“ რეანიმაციის განყოფილების ... თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი 2004 წლის 24 დეკემბრიდან გადაწყვეტილების გამოტანის დღემდე თვეში საშუალოდ 22 ლარის ოდენობით, სულ 52 ლარი და 80 თეთრი; თ. დ-ს უარი ეთქვა სერტიფიკატის მოპოვებამდე სამუშაოზე აღდგენის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; შპს „ .. ..“ ადმინისტრაციას დაევალა სახელმწიფო სერტიფიკატის არმქონე სამედიცინო პერსონალის განთავისუფლებისას შრომის კანონმდებლობის მოთხოვნების უზრუნველყოფა და დაწესებული გარანტიების სრული დაცვა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ორგანიზაციამ.

თ.დ-ს წარმომადგენელმა გ. დ-მ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც თ.დ-ს უარი ეთქვა სერტიფიკატის მოპოვებამდე სამუშაოზე აღდგენაზე.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ .. ..“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თ. დ-ს შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება თ. დ-სათვის სერტიფიკატის მოპოვებამდე სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმისა და შპს „ .. ..“ ადმინისტრაციისათვის სახელმწიფო სერთიფიკატის არმქონე სამედიცინო პერსონალის განთავისუფლებისას შრომის კანონმდებლობის მოთხოვნებისა და გარანტიების დაცვის დაკისრების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს „ .. ..“ დირექტორის 2004 წლის 27 დეკემბრის ¹17 ბრძანებით რეანიმაციის განყოფილების ... უმაღლესი განათლებით თ. დ-ს უხელფასო შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, როგორც სახელმწიფო სერთიფიკატის არ მქონე სპეციალისტს. მოსარჩელე სამუშაოდან განთავისუფლდა “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონის 25-ე თავის, 154-ე მუხლის მესამე პუნქტის და შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე. მოპასუხე ორგანიზაციამ დაადგინა, რომ სახელმწიფო სერთიფიკატის არ ქონის გამო თ. დ-ს აღარ გააჩნდა საკმარისი კვალიფიკაცია დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის წარმოებისათვის. შესაბამისად, საქართველოს კანონის “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” 154-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მას დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის უფლება არ გააჩნდა. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს „ .. ..“ ადმინისტრაცია უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა კონტრაქტი თ. დ-სთან. ამასთან, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ კონტრაქტის შეწყვეტისას მოპასუხეს უნდა დაეცვა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი მუშაკის გათავისუფლების წესი და გათავისუფლებული მუშაკების შრომის უფლების უზრუნველყოფის გარანტიები.

ადმინისტრაციას საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 421 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებული მუშაკისათვის უნდა შეეთავაზებინა სხვა სამუშაო საწარმოში, რომლისათვისაც საჭირო არ იყო სახელმწიფო სერთიფიკატის არსებობა. ასეთი სამუშაოს არ არსებობის ან სამუშაოზე უარის შემთხვევაში, უნდა გაეთავისუფლებინათ თ. დ-ა სამუშაოდან. პალატამ დაადგინა, რომ თ. დ-ა შპს „ .. ..“ ადმინისტრაციამ კანონიერი საფუძვლის გარეშე გაათავისუფლა სამუშაოდან, ამდენად ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ გააუქმა და თ. დ- სამუშაოზე აღადგინა. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თ. დ-ს აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი იმ ოდენობით, რაც რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რადგანაც მას ამ ნაწილში თ. დ-ს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის პოზიცია იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ. დ-ს სარჩელი, რადგან სასამართლო სარჩელზე უარის თქმის ნაწილში არსებითად ეწინააღმდეგება იმავე გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ თ. დ-ს სარჩელი კიდეც დააკმაყოფილა და იმავდროულად დაკმაყოფილებაზე უარიც უთხრა. ამიტომ სააპელაციო პალატამ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თ.დ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში იურიდიულად დაუსაბუთებლად მიიჩნია და გააუქმა; დაუსაბუთებლად ჩათვალა ასევე სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მან მოპასუხე ორგანიზაციას დაავალა მუშაკთა გათავისუფლებისას შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნების დაცვა, რადგან აღნიშნული დავის საგანი არ ყოფილა; ამით დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს „ .. ..“ წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით თ.დ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

კასატორს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ შპს „ .. ..“ ადმინისტრაცია უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა კონტრაქტი თ. დ-სთან, რადგან სახელმწიფო სერთიფიკატის არ ქონის გამო თ. დ-ს აღარ გააჩნდა საკმარისი კვალიფიკაცია დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის წარმოებისათვის. სააპელაციო პალატამ მართებულად ცნო თ. დ-სთან შრომითი კონტრაქტის შეწყვეტის უფლებამოსილება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“@ საქართველოს კანონის 154-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მაგრამ კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კონტრაქტის შეწყვეტისათვის საწარმოს უნდა დაეცვა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი მუშაკის გათავისუფლების წესი და გათავისუფლებული მუშაკების შრომის უფლების უზრუნველყოფის გარანტიები; სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ადმინისტრაციას შრომის კანონთა კოდექსის 421-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებული მუშაკისათვის უნდა შეეთავაზებინა სხვა სამუშაო იმავე საწარმოში, რომლისთვისაც საჭირო არ იყო სახელმწიფო სერთიფიკატის არსებობა და მხოლოდ ასეთი სამუშაოს არ არსებობის ან სამუშაოზე უარის შემთხვევაში უნდა გაეთავისუფლებინათ თ. დ-ა სამუშაოდან. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ეს ნორმა, რადგან შრომის კანონთა კოდექსის 411-423-ე მუხლები ეხება საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან მუშაკთა რაოდენობის ან შტატის შემცირების გამო მუშაკთა განთავისუფლების წესს და საფუძველს; ასევე ასეთი მუშაკის კომპენსაციებს და შეღავათებს. კასატორი თვლის, რომ შპს „ .. ..“ დირექტორი თ. დ-სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას არ იყო ვალდებული დაეცვა ამ მუხლების მოთხოვნები, რადგან თ. დ-სთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა არა საწარმოს საქმიანობის შეწყვეტის, მუშაკთა რაოდენობის შემცირების ან შტატების შემცირების გამო, არამედ შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, რაც უშუალოდ დაკავშირებული იყო “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონის მოთხოვნებთან; „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მოთხოვნაა, რომ დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო განათლების მქონე პირს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღო დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ასევე იმავე კანონის 154-ე მუხლი.

საკასაციო საჩივარში მითითებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ სხვა სამოქალაქო საქმეზე (საქმის ნომერია ¹ას-278-584-04) 2004 წლის 4 ივნისს გამოტანილი განჩინების შესახებ, რომლის სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია შემდეგი: „უსაფუძვლოა გ.გ-ის პრეტენზია იმის შესახებ, რომ შრომის კანონთა კოდექსის 422–ე მუხლის თანახმად, ორი თვით ადრე უნდა ყოფილიყო გაფრთხილებული მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ. კანონის აღნიშნული ნორმა ვრცელდება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის, მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირების გამო სამუშაოდან განთავისუფლებისას“.

სააპელაციო სასამართლომ არც კი გაარკვია, არსებობდა თუ არა შპს „ .. ..“ სხვა სამუშაო, რადგან ასეთი არ არსებობა თავისთავად გამორიცხავს შპს „ .. ..“ დირექტორის მხრიდან შრომის კანონთა კოდექსის 411-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალები შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად, თვლის რომ შპს „ .. ..“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება, შპს „ .. ..“ დირექტორის 2004 წლის 27 დეკემბრის ¹17 ბრძანების, თ. დ-სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გაუქმების და მოსარჩელის მოპასუხე ორგანიზაციის რეანიმაციის განყოფილების ექიმ-ლაბორანტის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შპს „ .. ..“ დირექტორის 2004 წლის 27 დეკემბრის ¹17 ბრძანებით რეანიმაციის განყოფილების ლაბორანტს უმაღლესი განათლებით თ. დ-ს უხელფასო დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, როგორც სახელმწიფო სერთიფიკატის არმქონე სპეციალისტს. მოსარჩელე სამუშაოდან განთავისუფლდა “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონის 25-ე თავის, 154-ე მუხლის მესამე პუნქტის და შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 154-ე მუხლის I პუნქტის თანახმად სამედიცინო განათლების მქონე სამედიცინო პერსონალს 2001 წლის 1 ივნისიდან ეკრძალება დამოუკიდებელი საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე (25.05.2001 ¹889). ცალკეული სპეციალობების მიხედვით გამოცდების ჩაბარების გრაფიკსა და პირობებს ადგენს საქართველოს ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. იმავე მუხლის მესამე პუნქტში კი მითითებულია, რომ არასამედიცინო განათლების მქონე სამედიცინო პერსონალს 2002 წლის 1 იანვრიდან ეკრძალება დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე (25.05.2001 ¹889). საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ თ. დ-ს სამუშაოდან დათხოვნისას მოპასუხე ორგანიზაციას უნდა დაეცვა შრომის კანონთა კოდექსის 421-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა და გათავისუფლებული მუშაკისათვის ჯერ უნდა შეეთავაზებინა სხვა სამუშაო იმავე საავადმყოფოში, რომლისათვისაც საჭირო არ იყო სახელმწიფო სერთიფიკატის არსებობა. ასეთი სამუშაოს არ არსებობის ან სამუშაოზე უარის შემთხვევაში, უნდა გაეთავისუფლებინათ თ. დ-ა სამუშაოდან. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არასწორად გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 421-ე მუხლი, რადგან ეს ნორმა ეხება საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან მუშაკთა რაოდენობის ან შტატის შემცირების გამო მუშაკთა განთავისუფლების წესს და საფუძველს; ასევე ასეთი მუშაკის კომპენსაციებს და შეღავათებს. საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ შპს „ .. ..“ დირექტორი თ. დ-სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას არ იყო ვალდებული დაეცვა ამ მუხლების მოთხოვნები, რადგან თ. დ-სთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა არა საწარმოს საქმიანობის შეწყვეტის, მუშაკთა რაოდენობის შემცირების ან შტატების შემცირების გამო, არამედ შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, რაც უშუალოდ დაკავშირებული იყო “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონის მოთხოვნებთან; შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ორგანიზაციის ადმინისტრაციას შეუძლია ვადამდე მოითხოვოს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ გამოვლინდა, რომ მუშაკი არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას ან შესასრულებელ სამუშაოს არასაკმარისი კვალიფიკაციის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 156-166-ე მუხლებით განმტკიცებულია ქალის შრომითი უფლებების განხორციელებისა და დაცვის სამართლებრივი გარანტიები; ამ ნორმებით გათვალისწინებულია ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის პერიოდში ქალის შრომითი უფლებების მთელი რიგი შეღავათები. მართალია, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი ქალის შრომითი უფლებების რეალიზაციის მიმართ რაიმე სპეციალურ ნორმებს არ ითვალისწინებს, მაგრამ ქალის შრომითი უფლებების დაცვის ზოგადსამართლებრივი პრინციპები დაცული უნდა იქნეს ამ კანონის გამოყენების შემთხვევაშიც. საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ კანონის გარდამავალი დებულებანის 154-ე მუხლის მოთხოვნა უნდა გავრცელდეს იმ კატეგორიის მუშაკების მიმართ, რომლებიც ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში იმყოფებიან და არა ხანგრძლივი პერიოდით დეკრეტულ შვებულებაში მყოფი მუშაკებისათვის; სწორედ აღნიშნულზე მიუთითებს თ.დ-სათვის მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორი დ.ჩ-ის მიერ 2004 წლის 19 ნოემბერს გაგზავნილი ¹... წერილი იმის შესახებ, რომ სადეკრეტო შვებულება სასერტიფიკაციო გამოცდების გადავადების უფლებას იძლევა, მაგრამ “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონის 154-ე მუხლის თანახმად სამედიცინო პერსონალს ეკრძალება დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება სპეციალისტის სერტიფიკატის გარეშე. იმავე წერილში მითითებულია, რომ თ.დ-ს სამსახურში დაბრუნების საკითხი გადაწყდება სერტიფიკატის მოპოვების შემდეგ (ს.ფ. 5). ამასთან, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონის 24-ე მუხლი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას განსაზღვრული პერიოდულობით ითვალისწინებს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, მოპასუხე ორგანიზაციამ თ.დ-ს სამუშაოდან დათხოვნის ბრძანების მიღებამდე მისცა თუ არა მას გონივრული ვადა სპეციალისტის სახელმწიფო სერთიფიკატის მოსაპოვებლად გამოცდის ჩასაბარებლად. სასამართლომ მხოლოდ ამ საკითხის გამორკვევის შემდეგ უნდა შეაფასოს თ.დ-ს სამუშაოდან განთავისუფლების კანონიერება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „ .. ..“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება, შპს „ .. ..“ დირექტორის 2004 წლის 27 დეკემბრის ¹17 ბრძანების, თ. დ-სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, გაუქმების და მოსარჩელის მოპასუხე ორგანიზაციის რეანიმაციის განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;

საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.