Facebook Twitter

1I-16 ქ. თბილისი

ო-ი ა., 1I-16 25 მარტი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის

პროკურორ _ ნ. ზ-ს

ადვოკატების _ ლ. ზ-ს, გ. ხ-ს

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ა. ო-ს

თარჯიმან _ ლ. ჯ-ს

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ო-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ლ. ზ-სა და გ. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 14 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2015 წლის 10 ივნისს სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის შენგავიტის ადმინისტრაციული რაიონის საგამოძიებო განყოფილებამ გამოსცა ა. ო-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და წარმოებაში მიღების დადგენილება.

2. 2015 წლის 30 ივლისს სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის შენგავიტის ადმინისტრაციული რაიონის საგამოძიებო განყოფილებამ გამოიტანა დადგენილება ა. ო-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომლის თანახმად, ა. ო-ს ბრალად ედება სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის 1-ლი ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (თაღლითობა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით).

3. 2015 წლის 30 ივლისს სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის შენგავიტის ადმინისტრაციული ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს დადგენილებით ა. ო-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

4. 2015 წლის 30 ივლისს სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის შენგავიტის ადმინისტრაციული რაიონის საგამოძიებო განყოფილებამ გამოიტანა დადგენილება ა. ო-ს მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ.

5. 2015 წლის 15 სექტემბერს საქართველოს შსს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ო-ი.

6. 2015 წლის 18 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ა. ო-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.

7. 2015 წლის 30 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ა. ო-სა და მისი ადვოკატის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინების გაუქმების შესახებ.

8. 2015 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შევიდა სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა ა. ო-ს ექსტრადიციის თაობაზე და თანდართული მასალების ასლები. აღნიშნული დოკუმენტების დედნები მიღებულ იქნა 2015 წლის 20 ოქტომბერს.

9. 2015 წლის 12 დეკემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ა. ო-ს სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

10. 2015 წლის 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ა. ო-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით – 6 თვემდე, ანუ 2016 წლის 15 მარტამდე.

11. 2015 წლის 29 დეკემბერს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შევიდა დამატებითი ინფორმაცია ა. ო-ს სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით. აღნიშნული დოკუმენტების დედნები მიღებულ იქნა 2016 წლის 18 იანვარს.

12. 2016 წლის 9 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნ. ზ-მა და ითხოვა ა. ო-ს სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა სომხეთის რესპუბლიკის სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის 1-ლი ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, რადგან ა. ო-ს ექსტრადიციის განხორციელებისათვის როგორც საერთაშორისო, ისე – სამართლებრივი დახმარების შესახებ კანონმდებლობის თანახმად, დაცულია ყველა მოთხოვნა ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძვლების, პირის იდენტიფიკაციის, ორმაგი დანაშაულის პრინციპის, დანაშაულის ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის სტატუსის, non bis in idem და სამართალწარმოებისა და გარანტიების შესახებ.

13 თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 14 მარტის განჩინებით პროკურორ ნ. ზ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ო-ს სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის 1-ლი ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

14. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ო-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები – ლ. ზ-ე და გ. ხ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 მარტის განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სომხეთის რესპუბლიკაში ა. ო-ს მიმართ დევნა დაიწყო 2015 წლის 30 ივლისს. იმავე დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და იმავე დღეს გამოცხადდა მისი ძებნა; ბრალდებულს ან მისი ოჯახის წევრებს არ მიეცათ გონივრული ვადა, რათა ბრალდებული წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე ან განხორციელებულიყო მისი სრულფასოვანი დაცვა. აღნიშნულით კი ა. ო-ს მიმართ დაირღვა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლი.

16. ადვოკატთა განცხადებით, ა. ო-ს ქმედება, რასაც სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები ედავებიან, საქართველოს სისხლის სამართლის კანონით არ არის დასჯადი და წარმოადგენს სამოქალაქო დელიქტს; დაცვის მხარის მიერ მოპოვებული ხელშეკრულებები შპს „...“, შპს „...“ და შპს „...“ ურთიერთობების შესახებ მოწმობს, რომ შპს „...“ დირექტორის – ა. ო-ს ქმედებები არ გასცილებია სამართლებრივ ჩარჩოებს, არ არსებობს არანაირი ზიანი და ე.წ. „დაზარალებული“ ორგანიზაციის მასალები შესაბამისი ზედნადებებითაა გადაწერილი მესამე ორგანიზაციაზე, რომელიც თავადაა პასუხისმგებელი „...“ მიმართ, ხოლო ეს უკანასკნელი – შპს „...“ მიმართ; ამასთან, ამ ხელშეკრულებებიდანვე ჩანს, რომ მხარეთა პასუხისმგებლობა უნდა გადაწყდეს სომხეთის რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.

17. ა. ო-ს ბრალდების დადგენილებით, შპს „...“ დირექტორმა ა. ო-მა განუცხადა შპს „...“ დირექტორ გ. ა-ს, რომ, თითქოსდა მოიპოვა სამშენებლო-სამონტაჟო და გაზმომარაგების სამუშაოების განხორციელების უფლება; გაურკვეველია, საიდან დაასკვნა ეს გამომძიებელმა მაშინ, როდესაც შპს „...“ და შპს „...“ შორის გაფორმებული 2015 წლის 19 თებერვლის ხელშეკრულებაში არანაირი პირობა და ვალდებულება არ არის დათქმული, გარდა იმისა, რომ ხელშეკრულება ა. ო-ს ავალდებულებდა, მიწოდებული საქონლის ღირებულება აენაზღაურებინა 30 დღის განმავლობაში. საექსტრადიციო მასალებით არ არის დადგენილი, ეს თანხა არის თუ არა ანაზღაურებული და შემდგომ რა ბედი ეწია მიწოდებულ რკინის მილებს.

18. კასატორები ასევე აღნიშნავენ, რომ ა. ო-ი არის პარტია „...“ წევრი; ეს პარტია სომხეთის რესპუბლიკაში ოპოზიციურია და ა. ო-ს მიმართ დევნის დაწყების ერთადერთი საფუძველი მხოლოდ მისი ოპოზიციური პარტიის წევრობაა.

19. დაცვის მხარემ სასამართლოში დააყენა შუამდგომლობა დამატებითი მასალების გამოთხოვნის შესახებ, მაგრამ სასამართლომ, ისე, რომ არ მოუსმენია დაცვისა და თავად ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ო-ს პოზიცია, დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და უხეშად დაარღვია დაცვის უფლება, ასევე – „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ არ განიხილა დაცვის მხარის კანონიერი მოთხოვნა და მოახდინა ა. ო-ს უფლებების იგნორირება; სასამართლოს უდავოდ უნდა ეცნო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მათზე დაყრდნობით მიეღო გადაწყვეტილება.

20. საქმეში, დღევანდელი მდგომარეობით, არ არსებობს არც ერთი ფაქტობრივი საფუძველი ა. ო-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დასამტკიცებლად. მეტიც, ბუნდოვანია მისთვის წარდგენილი ბრალდების შინაარსი; სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო იმ ნაწილშიც, რომ ა. ო-ს მიმართ მოქალაქეობის მინიჭების, ლტოლვილის სტატუსისა და პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის საკითხის გადაწყვეტამდე იმსჯელა ექსტრადიციის დასაშვებობაზე. ა. ო-ს დანაშაული არ ჩაუდენია, იგი არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, მას ხელოვნურად აქვს წარდგენილი ბრალდებები და ეს ემსახურება მის უსამართლო დევნას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, რაც გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს; განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო მისი სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია რეალური საფრთხის ქვეშ დააყენებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით მინიჭებული ძირითადი უფლებების დაცვას, ხოლო ის გარემოება, რომ სომხეთის რესპუბლიკამ აიღო ვალდებულება, რომ ა. ო-ს მიმართ არ დაირღვეოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული უფლებები, არ არის საკმარისი, რადგან სომხეთის სამართალდამცავ ორგანოებმა და სასამართლომ უკვე დაარღვიეს მისი დაცვის მინიმალური უფლებები; ა. ო-ი პოლიტიკური ნიშნით იდევნება არჩადენილი დანაშაულისათვის, მეტიც, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ ა. ო-მა თაღლითობა ჩაიდინა ქურდობის გზით, მაშინ, როდესაც არც სომხეთის და არც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ამ ფორმის დანაშაულებრივ ქმედებას არ იცნობს.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 მარტის განჩინების გაუქმებას ა. ო-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ო-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2015 წლის 15 სექტემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები, ორმაგი დასჯის აკრძალვისა (non bis in idem) და პარალელური წარმოების აკრძალვის პრინციპები, ასევე საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ამასთან, ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ იკვეთება ა. ო-ს მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი.

4. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის პერიოდში სასამართლოსათვის ცნობილი იყო, რომ ა. ო-მა მიმართა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მისთვის თავშესაფრის მიცემის მოთხოვნით და, შესაბამისად, მისი ექსტრადიციის საკითხი არ შეიძლებოდა განხილულიყო ხსენებული უწყების მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე და მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევასა და ა. ო-ს ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას, ვინაიდან არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და რეგულაციების თანახმად, ის ფაქტი, რომ პირი არის თავშესაფრის მაძიებელი, კრძალავს მხოლოდ მის ფაქტობრივ გადაცემას და არ გამორიცხავს პარალელურ რეჟიმში პირის ექსტრადიციის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას.

5. უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ მას დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის, ვინაიდან ეს არ დასტურდება საქმის მასალებში არსებული შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებებით, რომლებიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა, დაედგინა მითითებული ფაქტი.

6. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ასევე კასატორის მოსაზრებას, რომ დარღვეულია ორმაგი დანაშაულებრიობის პრინციპი და მიაჩნია, რომ სომხეთის რესპუბლიკის სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ,,in abstracto” შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

7. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ ა. ო-ს დანაშაული არ ჩაუდენია და ბრალდება შეთხზულია, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იხილავს ა. ო-ს ბრალეულობის საკითხს.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს რა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 14 მარტის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ო-ს სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია ამავე სახელმწიფოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ 2010 წლის 21ივლისის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ო-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ლ. ზ-სა და გ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 14 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე