საქმე №208აგ-15 14 მარტი, 2016 წელი
პ-ი გ., 208აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. პ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 აგვისტოს განაჩენით გ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 იანვრის განაჩენით გ. პ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-21 ნაწილის გამოყენებით მიესაჯა 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 თვე და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 15 იანვრიდან; მასვე 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 აპრილის განაჩენით გ. პ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით მიესაჯა 1 წლით, ხოლო 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით გ. პ-ს განესაზღვრა 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 3 თვე და საბოლოოდ მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 4 წლისა და 6 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი – ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 11 იანვრიდან.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ივლისის განაჩენით გ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 12 მაისის ეპიზოდი) და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 აპრილის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 4 წლისა და 6 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი – ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. გ. პ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2014 წლის 11 იანვრიდან იმავე წლის 14 ივლისის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 17 ივლისიდან.
5. 2015 წლის 31 ივლისს მსჯავრდებულმა გ. პ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვისა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 აპრილისა და 2014 წლის 17 ივლისის განაჩენები შეიცვალა: მსჯავრდებულ გ. პ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებზე. განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
7. მსჯავრდებული გ. პ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სრულიად კანონიერად გადააკვალიფიცირა მსჯავრდებულ გ. პ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) საქართველოს სსკ-ის 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებზე.
3. კანონიერია ასევე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. პ-სთვის სასჯელის უცვლელად დატოვების თაობაზე, ვინაიდან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
5. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. პ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე