ას-268-591-09 3 დეკემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი) რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ. ხ-ძე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ დ. გ-ია
მოწინააღმდეგე მხარეები – ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ქობულეთის რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მოპასუხეები)
დავის საგანი – პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა და ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 25 სექტემბერს ქობულეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მ. ხ-ძის წარმომადგენელმა დ. გ-იამ მოპასუხე ქობულეთის რაიონის გამგეობისა და ქობულეთის რაიონის სოფელ ...-ის საკრებულოს გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხეთა ქმედებით მისთვის მიყენებული მორალური ზიანის - მოპასუხისათვის 100 000 ლარის დაკისრება.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2006 წლის 18 სექტემბერს ჩაჰბარდათ ქობულეთის რაიონის გამგეობისა და სოფელ ...-ის საკრებულოს გამგეობის 2006 წლის 15 სექტემბრის სარჩელი,¸რომლის მეორე გვერდზე, მეორე აბზაცში, მოპასუხეებმა გაავრცელეს სიმართლის შეუსაბამო ცნობები, კერძოდ: „სამოქალაქო საქმე ¹3-44 და სისხლის სამართლის საქმე ¹1-115-დან ჩანს, რომ მყიდველმა მ. ხ-ძემ და გამყიდველმა დ. ც-ძემ არაფრად ჩააგდეს ფაქტიურად არსებული მდგომარეობა, ვინაიდან ორივე მხარისთვის ცნობილი იყო, რომ ნასყიდობის საგანი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, შესაბამისად, მყიდველი მ. ხ-ძე არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერ შემძენს, მფლობელს. ამიტომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს ნივთი. ე.ი. მ.ხ-ძემ მიწის ნაკვეთი უნდა დაუბრუნოს კანონიერ მესაკუთრეს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლით შეწყვიტოს ნივთის ფლობა. ორივე მხარემ, დ.ცქვიტინიძემ და მ.ხ-ძემ, არაკეთილსინდისიერად შეუწყო ხელი მათთვის ხელსაყრელი პირობის დადგომას, კერძოდ, დ.ცქვიტინიძემ მიიღო შემოსავალი, ხოლო მ.ხ-ძემ აიცილა ბიუჯეტის სასარგებლოდ 76300 ლარის გადახდა“. მოცემული ცნობები არ შეეფერება სიმართლეს და სიცრუეა, მოსარჩელის პატივის, ღირსების და რეპუტაციის შემლახველი ცნობაა ის, რომ “მ.ხ-ძემ აიცილა ბიუჯეტის სასარგებლოდ 76300 ლარის გადახდა“, რადგან ბიუჯეტის მიმართ ფულადი სახსრების გადახდის „აცილება“ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს ანუ მოპასუხეებმა მოსარჩელეს დანაშაული დააბრალეს, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა მოსარჩელის პატივზე, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციაზე.
მოპასუხეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ცნობა არის ყალბი და არ შეესაბამება სინამდვილეს, ხოლო ზემოაღნიშნული ცილისმწამებლური განცხადებებით შეილახა მ. ხ-ძის პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია და მან მნიშვნელოვანი მორალური ზიანი განიცადა. ზემოთ აღნიშნული განცხადებით, როგორც ეს სარჩელშია მოყვანილი, მ. ხ-ძის სახელი და რეპუტაცა შეილახა. იგი ერთ-ერთი მსხვილი ...-ის სს „თ.-ის“ დამფუძნებელი, პარტნიორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, ამავე დროს, როგორც ბიზნესმენი და მოქალაქე საზოგადოებაში სარგებლობს მაღალი რეპუტაციით. ზემოთ მოყვანილმა ცილისმწამებლურმა განცხადებამ კი ეჭვქვეშ დააყენა მისი კეთილსინდისიერება და პატიოსნება. მით უმეტეს, როცა საკითხი ეხება ისეთ სერიოზულ ბრალდებას, როგორიც არის ბიუჯეტის მიმართ თანხების გადახდის დამალვა.
მოსარჩელემ მოითხოვა მ. ხ-ძის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელებისთვის მოპასუხეებისათვის 100 000 ლარის დაკისრება, აგრეთვე, გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე მ.ხ-ძის წარმომადგენელმა დ.გ-იამ შეამცირა სარჩელის მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 5 000 ლარის გავრცელებული ინფორმაციისა და მ.ხ-ძისათვის ბოდიშის მოხდის დაკისრება.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ხ-ძის წარმომადგენლის - დ. გ-იას სარჩელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-ძის წარმომადგენელმა დ. გ-იამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ხ-ძის წარმომადგენლის დ. გ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ხ-ძის წარმომადგენლის დ. გ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეების მოსაზრება სარჩელში იმის თაობაზე, რომ “მ. ხ-ძემ აიცილა ბიუჯეტის სასარგებლოდ 76300 ლარის გადახდა”. ამასთან, გაიზიარა მოპასუხის მითითება “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია იმ განცხადების ცილისწამებად აღიარება, რომელიც დაფიქსირებულია სარჩელში.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეებმა არ წარმოადგინეს თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა სადავო განცხადებას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ასევე არ დასტურდება ქობულეთის რაიონის გამგეობისა და ...-ის რაიონის საკრებულოს მიერ სასარჩელო განცხადებაში დაფიქსირებული ინფორმაციით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, რაც გამორიცხავს ქონებრივი თუ არაქონებრივი ზიანის აზნაღაურების ვალდებულებას.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ხ-ძის წარმომადგენელმა დ. გ-იამ. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა სარჩელში მოყვანილი იურიდიული არგუმენტაცია და საერთოდ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან მთავარ სხდომაზე წარდგენილ იქნა გაზეთი `...”, რომელშიც გამოქვეყნებულ იქნა სტატია მ. ხ-ძის თაობაზე, რომელიც მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს.
კასატორი მიუთითებს, რომ მოპასუხეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია “....ორივე მხარემ დ. ც-ძემ და მ. ხ-ძემ არაკეთილსინდისიერად შეუწყო ხელი მათთვის ხელსაყრელი პირობის დადგენას. კერძოდ, დ. ც-ძემ მიიღო შემოსავალი, ხოლო მ. ხ-ძემ აიცილა ბიუჯეტის სასარგებლოდ 76 300 ლარის გადახდა” არის ყალბი და არ შეესაბამება სინამდვილეს, ხოლო ზემოაღნიშნული ცილისწამებლური განცხადებებით შეილახა მ. ხ-ძის პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია, მან მნიშვნელოვანი მორალური ზიანი განიცადა. ზემოთ აღნიშნული განცხადებით, როგორც ეს სარჩელშია მოყვანილი შეილახა მ. ხ-ძის სახელი და რეპუტაცია. ყოველივე ეს პიროვნების დისკრედიტაციისკენაა მიმართული. მ. ხ-ძე ერთ-ერთი მსხვილი ბანკის - სს “თ.-ის” დამფუძნებელია, პარტნიორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, ამავე დროს, როგორც ბიზნესმენი და მოქალაქე საზოგადოებაში სარგებლობს მაღალი რეპუტაციით, ზემოთ მოყვანილმა ცილისწამებლურმა განცხადებამ კი ეჭვქვეშ დააყენა მისი კეთილსინდისიერება და პატიოსნება, მით უმეტეს, როცა საკითხი ეხება ისეთ სერიოზულ ბრალდებას, როგორიც არის ბიუჯეტის მიმართ თანხების გადახდის დამალვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის საგანს წარმოადგენს ქობულეთის რაიონის გამგეობას და სოფ. ...-ის რაიონის საკრებულოს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების, კერძოდ, ქობულეთის რაიონის გამგეობისა და სოფელ ...-ის რაიონის საკრებულოს მიერ 2006 წლის 15 სექტემბრის სარჩელის მეორე გვერდზე, გავრცელებული ცნობების “. . . მ. ხ-ძემ აიცილა ბიუჯეტის სასარგებლოდ 76 300 ლარის გადახდა”, უარყოფა. ამრიგად, ცნობები, რომლის უარყოფას ითხოვს მოსარჩელე, ასახულია 2006 წლის 15 სექტემბრის ქობულეთის რაიონის გამგეობისა და სოფელ ...-ის რაიონის საკრებულოს სასარჩელო განცხადებაში, რომელიც შეტანილია ქობულეთის რაიონულ სასამართლოში.
“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო ან სასამართლო პროცესზე პირის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში გაკეთებული განცხადება არ იწვევს ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველი ნორმა ეხება წინასასამართლო ან სასამართლო პროცესზე პირის მიერ გაკეთებულ არა ნებისმიერ განცხადებას, არამედ ისეთ განცხადებას, რომელიც გაკეთებულია თავისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, რაც უშუალოდ უკავშირდება მისი, როგორც პროცესუალური მხარის უფლებამოსილებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქობულეთის რაიონის გამგეობას და სოფ. ...-ის რაიონის საკრებულოს მიერ სასარჩელო წარმოების წესით (სადაც მოყვანილია სადავო გამონათქვამები) დაცვის უფლება განხორციელებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში (საწინააღმდეგოს არ უთითებს კასატორი).
ამასთან ერთად, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სადავო გამონათქვამი “. . . ორივე მხარემ დ. ც-ძემ და მ. ხ-ძემ არაკეთილსინდისიერად შეუწყო ხელი მათთვის ხელსაყრელი პირობის დადგენას, კერძოდ, დ. ცქვიტინიძემ მიიღო შემოსავალი, ხოლო მ. ხ-ძემ აიცილა ბიუჯეტის სასარგებლოდ 76 300 ლარის გადახდა” უკავშირდება ამ გამონათქვამების ავტორთა მიერ ამავე პროცესუალურ დოკუმენტში მოყვანილ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის განმარტებას, რომლის უფლებაც (ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების ფარგლების გათვალისწინებით) განსაზღვრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო გამონათქვამები მიზნად ისახავენ არა ცილისწამებლურ ცნობების გავრცელებას, არამედ სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებას, რომლითაც ისინი სარჩელში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს აფასებენ.
ზუსტად, რომ საკასაციო საჩივარში კასატორის მიერ მოყვანილ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან საქმეზე “ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ” დგინდება, რომ სასამართლომ გაიზიარა განმცხადებლის (ლინგერის) მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გამონათქვამები “დაბალხარისხიანი ოპორტუნიზმი”, “ამორალური”, “უღირსი” შეფასებითი ხასიათისაა, ხოლო შეფასებითი ცნებების
ჭეშმარიტების დადგენის მითხოვნა შეუძლებელია. ამიტომ სასამართლომ აღნიშნა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი.
კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ დასძენს, რომ ქობულეთის რაიონის გამგეობას და სოფ. ...-ის რაიონის საკრებულოს მიერ სადავო სარჩელის მთლიან კონტექსტის გათვალისწინებით მოყვანილი ფრაზა “. . . ორივე მხარემ დ. ც-ძემ და მ. ხ-ძემ არაკეთილსინდისიერად შეუწყო ხელი მათთვის ხელსაყრელი პირობის დადგენას, კერძოდ, დ. ც-ძემ მიიღო შემოსავალი, ხოლო მ. ხ-ძემ აიცილა ბიუჯეტის სასარგებლოდ 76 300 ლარის გადახდა”, ისეთი შეფასებაა, რომლითაც მხარე ცდილობდა არაკეთილსინდისიერი მფლობელის ინსტიტუტი დაესაბუთებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 164-ე, 168-ე და 98-ე მუხლების მიხედვით, რომლის უფლებამოსილება მას გააჩნია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით.
არ შეიძლება ასევე გაზიარებულ იქნეს კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მის მიერ წარდგენილი გაზეთ “...-ის” ნომერი, რომელშიც გამოქვეყნებულ იქნა სტატია მ. ხ-ძის თაობაზე, სასამართლომ არ შეაფასა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ოქმით (ს.ფ.99-100) დასტურდება, რომ მოსამართლის კითხვაზე, თუ მ. ხ-ძის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულება მნიშვნელოვანია და მას სასამართლომ უნდა მისცეს შეფასება, სასამართლომ შესთავაზა დრო ამ მტკიცებულების წარსადგენად.
აღნიშნულ კითხვაზე მ. ხ-ძის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რადგან მხარემ ფაქტობრივად დაადასტურა ამ მტკიცებულების არსებობა და მისი შინაარსი, ამით დაადასტურა, რომ ინფორმაცია გავრცელდა საჯაროდ, პრესის საშუალებით, მან მოხსნა შუამდგომლობა ამ საგაზეთო პუბლიკაციის წარდგენის შესახებ.
ამდენად, არც სასამართლო ოქმით და არც საკასაციო საჩივარში არ არის მითითება იმაზე, თუ რა ინფორმაცია იყო გავრცელებული და როგორ უკავშირდებოდა ეს ინფორმაცია განსახილველ საკითხს და, აქედან გამომდინარე, არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ პროცესუალური ნორმების დარღვევის ფაქტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ხ-ძის წარმომადგენლის დ. გ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.