Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-269-599-07 29 თებერვალი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ ა. გ-აძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ხ. მ-ნოვა (მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა – თანხის დაკისრება და სააღსრულებო ფურცლის გაცემა

დავის საგანი _ არასრულწლოვანი ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხ. მ-ნოვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. გ-აძის მიმართ არასრულწლოვანი შვილის აღსაზრდელად გადაცემის შესახებ. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაება ქ.ქუთაისის მერიის განათლების საქალაქო სამსახური.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ხ. მ-ნოვას სარჩელი დაკმაყოფილდა და მცირეწლოვანი ე. გ-აძე აღსაზრდელად გადაეცა დედას _ ხ. მ-ნოვას.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. გ-აძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ხ. მ-ნოვას სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, 2002 წლის 28 თებერვალს დაბადებული მცირეწლოვანი ე. გ-აძის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის _ ა. გ-აძის საცხოვრებელი ადგილი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხ. მ-ნოვამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე მისი დამტკიცების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ივლისის განჩინებით ხ. მ-ნოვასა და ა. გ-აძეს შორის დამტკიცდა მორიგება. შეწყდა სამოქალაქო საქმის წარმოება, ხ. მ-ნოვას სარჩელის გამო, ა. გ-აძის მიმართ არასრულწლოვანი შვილის აღსაზრდელად გადაცემის თაობაზე და გაუქმდა ამ საქმეზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

ა. გ-აძემ განცახდებით მიმართა სასამართლოს, რომელშიც მიუთითა, რომ ხ. მ-ნოვასა და მას მორიგების თანახმად, უნდა გაეღოთ თანაბარი თანხა ბავშვის აღსაზრდელად. მიუხედავად იმისა, რომ მან შეასრულა მორიგების პირობა და ბავშვის განვითარებისათვის დახარჯა 4000 ლარი, ხ. მ-ნოვას არ გაუღია ხარჯები ბავშვის აღზრდისათვის, რის საფუძველზეც მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის ამოწერა და ხ. მ-ნოვასათვის მის სასარგებლოდ 2000 ლარისა და შემდომში 400 ლარის დაკისრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-აძის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ივლისის განჩინებით ხ. მ-ნოვასა და ა. გ-აძეს შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: ე. გ-აძე აღსაზრდელად დარჩებოდა მამასთან _ ა. გ-აძესთან, ხოლო დედას _ ხ. მ-ნოვას ბავშვთან ურთიერთობის საშუალება ექნებოდა ყოველ პარასკევს 15:00 საათიდან მომდევნო კვირის ორშაბათის 11:00 საათამდე. ხ. მ-ნოვას შესაძლებლობა ექნებოდა აღნიშნული დღეები გამოეყენებინა ბავშვის შეგუება-აღზრდის მიზნით. ერთის მხრივ, ხ. მ-ნოვა ბავშვის მასთან ყოფნის პერიოდში უფლებას აძლევდა ა. გ-აძეს შეხვედროდა ბავშვს მხოლოდ მისი მონახულებისა და არა წაყვანის მიზნით. თავის მხრივ, ა. გ-აძე ბავშვის მასთან ყოფნის პერიოდში უფლებას აძლევდა ხ. მ-ნოვას შეხვედროდა ბავშვს მხოლოდ ნახვის მიზნით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბავშვის ადგილსამყოფელს შეატყობინებდნენ ერთმანეთს მორიგების აქტით შეთანხმებული დღეების მიხედვით და თანაბარწილად გაიღებდნენ სათანადო ხარჯებს ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის. 2007 წლის ზაფხულის განმავლობაში ბავშვის დასვენების თაობაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მამა ა. გ-აძე წაიყვანდა ბავშვს და შეატყობინებდა დედა ხ. მ-ნოვას ბავშვის, ე. გ-აძის ადგილსამყოფელს. ა. გ-აძე ყოველნაირად შეუწყობდა ხელს შვილს, ე. გ-აძეს და შეუქმნის სათანადო პირობებს დედასთან, ხ. მ-ნოვასთან შეგუების, ურთიერთობისა და აღზრდის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი გამოთქვამდა თანხმობას, დედა ხ. მ-ნოვა წაიყვანდა ბავშვს, ე. გ-აძეს დასასვენებლად იმ პირობით, რომ თუკი ე. გ-აძე მოითხოვდა მამასთან სატელეფონო დაკავშირებას ან მამასთან წაყვანას, ხ. მ-ნოვა, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, იმოქმედებდა ე. გ-აძის სურვილის მიხედვით და მის სასარგებლოდ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით ისინი განსაზღვრავენ დავის საგანსა და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ხოლო მეორე ნაწილის შესაბამისად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავა დამთავრდა რა მორიგებით, საქმის წარმოება შეწყდა, მხარეები ა. გ-აძის განცხადებაში მითითებულ თანხაზე არ შეთანხმებულან, იგი სხვა დავის საგანს წარმოადგენს და მასზე, შესაბამისად, სასამართლოს არც ერთ ინსტანციას არ უმსჯელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. გ-აძის განცხადება ხ. მ-ნოვასათვის 2000 ლარისა და შემდგომ ყოველთვიურად 400 ლარის დაკისრებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 284-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. გ-აძის განცხადება ხ. მ-ნოვასათვის თანხის დაკისრებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.