Facebook Twitter

ას-271-601-07 19 ნოემბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს “თ...ს” ლიკვიდატორი რ.ც-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ნ...” (მოპასუხე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სს “თ...ს” სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს “თ...ს” ლიკვიდატორმა 2005 წლის სექტემბერში განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გამარტივებული წესით შპს “ნ...”-სათვის მის მიერ აღებული სესხის 41460 აშშ დოლარის დაკისრება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 ოქტომბრის გადახდის ბრძანებით სს “თ...ს” განცხადება დაკმაყოფილდა. შპს “ნ...”-ს გადახდა განმცხადებელ სს “თ...ს” დავალიანება 41460 აშშ დოლარი.

შპს “ნ...”-ის დირექტორმა შესაგებლით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გამარტივებული წარმოების წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ აღძრული მოთხოვნის განხილვა და გადაწყვეტა საერთო სასარჩელო წესით და მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 მარტის განჩინებით გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 ოქტომბრის გადახდის ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი; დადგინდა სს “თ...ს” მიერ შპს “ნ...”-ის მიმართ დავალიანების გადახდის შესახებ აღძრული მოთხოვნის განხილვა და გადაწყვეტა სასარჩელო წარმოების საერთო წესით.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით სს “თ...ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “თ...ს” ლიკვიდატორმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინებით სს “თ...ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადა დადგა თითოეულ ხელშეკრულებაზე შესაბამისად 1999 წლის მარტიდან ნოემბრის თვის ჩათვლით. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად აპელანტს მოთხოვნა უნდა წაეყენებინა უკანასკნელ ხელშეკრულებაზე 2002 წლის ნოემბრამდე. მან განცხადებით მიმართა სასამართლოს 2005 წლის სექტემბერში და აქედან გამომდინარე მისი მოთხოვნა ხანდაზმულია. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის მეორე ნაწილზე და ამავე კოდექსის 138-ე მუხლზე მითითებით ჩათვალა, რომ იმისათვის, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდეს, უფლებამოსილმა პირმა უნდა მიმართოს სასამართლოს და უნდა სცადოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება. იმისათვის, რომ არსებობდეს სასამართლოს მეშვეობით მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, სარჩელი ან განცხადება სასამართლოს წარმოებაში უნდა იყოს. ე.ი. ხანდაზმულობას წყვეტს უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი განცხადება, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 18 თებერვლის განჩინებით სს “თ...ს” სალიკვიდაციო კომისიის იურისტს უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების მიღებაზე. შესაბამისად, სასამართლოს ი.ზანთარაიას განცხადება წარმოებაში არ მიუღია. ამიტომ მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობაც არ არსებობდა. ამდენად ხანდაზმულობის ვადის დენაც არ შეწყვეტილა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 18 თებერვლის განჩინება არ გასაჩივრებულა და იგი კანონიერ ძალაშია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს “თ...ს” ლიკვიდატორმა რ.ც-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლოს დახმარებას გაუწევდა კანონიერი გადაწყვეტილების მიღებაში. გასაჩივრებული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს და გადაწყვეტილება ყოველთვის კანონის დარღვევით მიღებულად ჩაითვლება. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ შეამოწმა და არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (გადახდის ბრძანება, ვალის ნაწილის ჩამოწერის აქტი). კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არამარტო დაარღვია საპროცესო ნორმები და არ გაითვალისწინა სს “თ...ს” მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოსაზრებები და განმარტებები, არამედ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი და სწორად არ შეაფასა საქმის გარემოებები, რის გამოც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სასამართლომ დაარღვია პროცესუალური ნორმები და საქმეზე დადგენილი ხარვეზის განჩინება გააგზავნა არა იმ მისამართზე, რომელიც მოსარჩელის მიერ იყო მითითებული განცხადებაზე, არამედ თავისი ინიციატივით გზავნილი ჩააბარა ბანკის ფოთის ფილიალის მმართველს, რომელსაც შეწყვეტილი ჰქონდა უფლებამოსილება. სააპელაციო სასამართლომ კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის შესახებ მე-3 მუხლზე მითითებით ჩათვალა, რომ ლიკვიდატორის ხელთ არსებული ინფორმაციით

საქმეზე შეტანილი იყო განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ და შესაბამისად გამოტანილი უნდა ყოფილიყო გადახდის ბრძანება, ლიკვიდაციის პროცესში ლიკვიდატორის ამოცანას წარმოადგენს ბანკის აქტივების მოძიება, რეალიზაცია და შემოსული თანხებით ბანკის ვალდებულებების გასტუმრება. ლიკვიდატორის მიერ მოკითხული იქნა შპს “ნ...ის” საქმის მდგომარეობა და აღმოჩნდა, რომ საქმე განუხილველად იქნა დატოვებული. კასატორის მოსაზრებით, ფოთის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დარღვევით საქმის მასალები უკან დაუბრუნა არა სს “თ...ს”, არამედ კვლავ არაუფლებამოსილ პირს. აღნიშნულის გამო სს “თ...” და შპს “ნ...” სასამართლომ არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა. ბანკს არ მიეცა ხარვეზის შევსების საშუალება. ბანკს ასევე არ მიეცა საშუალება გაესაჩივრებინა სასამართლოს განჩინება საქმის განუხილველად დატოვების თაობაზე და ვინაიდან საქმის მდგომარეობა ბანკისათვის უცნობი იყო შესაბამისად ახალ სარჩელს 6 თვის ვადაში ვერ შეიტანდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ სს “თ...ს” ლიკვიდატორი რ.ც-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს კომერციული ბანკი “თ...სა”, როგორც კრედიტორსა და შპს “ნ...ს”, როგორც მსესხებელს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული იყო ვალდებულების შესრულების ვადა 1999 მარტიდან ნოემბრის ჩათვლით (ს.ფ. 5-34). საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სს “თ...ს” ლიკვიდატორმა მოპასუხე შპს “ნ...ის” მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით სასამართლოს მიმართა 2005 წლის 27 სექტემბერს (ს.ფ. 2-3). საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სს “თ...ს” ლიკვიდატორმა გაუშვა მოპასუხის მიმართ მოთხოვნის სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. ამ ნორმის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა _ ექვს წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს “თ...ს” ბოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების მოთხოვნით სასამართლოსათვის უნდა მიემართა 2002 წლის ნოემბრის ჩათვლით.

საკასაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ სს “თ...ს” 2002 წელს შეტანილი ჰქონდა განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომელიც სასამართლომ განუხილველად დატოვა ისე, რომ მათ არ მიეცათ ხარვეზის შევსების საშუალება. საკასაციო პალატა თვლის, რომ ეს გარემოება სააპელაციო სასამართლომ სწორად არ ჩათვალა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 138-ე მუხლის საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები. ამავე კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე ორგანიზაციამ 2002 წლის 14 თებერვალს განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს “ნ...-ის” მიმართ დავალიანების გადახდის შესახებ და მიუთითა თავისი მისამართი ქ.თბილისი, ... ქ. ¹2 (ს.ფ. 79). ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 18 თებერვლის განჩინებით სს “თ...ს” სალიკვიდაციო კომისიის იურისტს ი.ზ-ს უარი ეთქვა მოპასუხე შპს “ნ...ის” მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების მიღებაზე იმის გამო, რომ ეს განცხადება არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო შეტანილი და მისი შინაარსი არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 302-303 მუხლების მოთხოვნებს (ს.ფ. 77). ეს განჩინება გაეგზავნა სს “თ...ს” სალიკვიდაციო კომისიის იურისტრს ი.ზ-ს შემდეგ მისამართზე ქ.თბილისი, შ.დადიანის ¹2; ეს განჩინება ჩაიბარა გ.ხ-მა, როგორც სს “თ...ს” ლიკვიდატორის რწმუნებულმა 2002 წლის 18 მარტს და არა როგორც ბანკის ფოთის ფილიალის მმართველმა (ს.ფ. 76). საქმის ფურცელ 80-ზე წარმოდგენილია ფოთის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის გამგის 2002 წლის 2 აპრილის წერილი ქ.თბილისში, ... ქ. ¹2-ში გაგზავნილი სს “თ...ს” სალიკვიდაციო კომისიის იურისტი ი.ზ-ს სახელზე ფოთის საქალაქო სასამართლოში მათ მიერ შეტანილი სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების დაბრუნების შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის იმ მოსაზრებას, რომ სს “თ...ს” არ ჩაბარებია ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 18 თებერვლის განჩინება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ხანდაზმულობას წყვეტს უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი განცხადება, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს, ხოლო თუ სასამართლო უფლებამოსილი პირის განცხადებას ან სარჩელს არ მიიღებს, ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყდება. სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სს “თ...მა” მისი განცხადების განუხილველად დატოვების შემდგომ ექვსი თვის ვადაში ახალი სარჩელით მიმართა სასამართლოს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს “თ...ს” ლიკვიდატორი რ.ც-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.