¹ას-273-595-09 13 ნოემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლ. ლაზარაშვილი, ნ. კვანტალიანი
სხდომის მდივანი – ლ. სანიკიძე
კასატორი – შ. ხ. და ფ. ბ-ევები (მოპასუხე)
წარმომადგენელი – ა. გ-ია
მოწინააღმდეგე მხარე – ტ. და თ. დ-ოვები (მოსარჩელე)
დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 19 აპრილს ტ. და თ. დ-ოვებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შ. ხ. და ფ. ბ-ევების წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს, ქ. თბილისში, ... მე-3 შესახვევი, I ჩიხი, ¹13-ში მდებარე საცხოვრებელ სადგომზე, ასევე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნით. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ფართს, რომელიც მოიცავდა 177,78 მ2 სახლთმფლობელობასა და 600 მ2 მიწის ნაკვეთს, მათი დიდი პაპის სიტყვიერი განკარგულებლის საფუძველზე კეთილსინდისიერად ფლობდნენ. მოპასუხეები არ უარყოფდნენ საცხოვრებელი სადგომის ფლობის ფაქტს, თუმცა მასზე საკუთრების უფლების ცნობის წინააღმდეგი იყვნენ.
მოპასუხეებმა თავიანთ შესაგებელში აღიარეს, რომ მათსა და მოსარჩელეს შორის ნამდვილად არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მათ, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეებმა, მოსარჩელეებს დაუთმეს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება განუსაზღვრელი ვადით, თუმცა მიუთითეს, რომ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მიხედვით, მოსარგებლეს ურთიერთობის შეწყვეტის მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა, კანონით ამგვარი უფლება მხოლოდ მესაკუთრეს გააჩნდა.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელეებმა შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა და საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა მისი საბაზრო ღირებულების არა კანონით გათვალისწინებული 25%, არამედ 30%-ის (17 490 ლარის) სანაცვლოდ მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით ტ. და თ. დ-ოვების სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეებს მოპასუხეების – შ. ხ. და ფ. ბ-ევების სასარგებლოდ დაეკისრათ 17 490 ლარის გადახდა. ტ. და თ. დ-ოვები ცნობილ იქნენ ქ.თბილისში, ... მე-3 შესახვევი, I ჩიხი, ¹13-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 72,52 მ2 ფართის მესაკუთრეებად.
სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. თბილისში, ... მე-3 შესახვევი, I ჩიხი, ¹13-ში მდებარე უძრავი ქონება ვ. ბ-ევის სახელზეა რეგისტრირებული;
2. ვ. ბ-ევი 2003 წლის 11 მაისს გარდაიცვალა;
3. შ. ბ-ევი, ფ. და ხ. ბ-ევები ვ. ბ-ევის პირველი რიგის მემკვდრეები არიან, რომლებმაც სამკვდრო კანონით დადგენილ ვადაში მიიღეს;
4. მხარეებს შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ;
5. მოპასუხეებს საცხოვრებელი სახლის სამი ოთახი აქვთ დაკავებული, საერთო ფართობით 51,37 მ2, 4,37მ2 სამზარეულო და ეზოში მდებარე 16,78 მ2 სათავსო;
6. მოსარჩელეების მიერ დაკავებული სადგომის საბაზრო ღირებულება 58 300 ლარია;
აღნიშნული გადაწყვეტილება შ. ხ. და ფ. ბ-ევებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაცო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონით და ჩათვალა, რომ მხარეებს შორის არსებობდა გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ. პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება, რომ საქალაქო სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტების მტკიცება, რომ სპეციალისტს, სადავო მიწის ნაკვეთის ფასის განსაზღვრისას, ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის ¹1-7 გადაწყვეტილებით უნდა ეხელმძღვანელა, რადგანაც სპეციალისტის ცნობა 2008 წლის 6 მაისს მომზადდა, ზემოხსენებული ნორმატიული აქტი კი ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 19 ნოემბრის ¹12-67 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 თებერვლის განჩინება შ. ხ. და ფ. ბ-ევებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორები თვლიან, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ვინ არის უძრავი ნივთის მესაკუთრე, ასევე, მათი მითითებით, არსებობენ იმავე რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები, რომლებიც საქმეში ჩაბმული არ ყოფილან. კასატორი მხარე საჩივარში აფიქსირებს მზადყოფნას, ნებისმიერ დროს გადაუხადოს ტ. და თ. დ-ოვებს 30 000 აშშ დოლარი, იმის სანაცვლოდ, რომ მოსარჩელეები უარს იტყვიან თავიანთ მოთხოვნაზე დაიმტკიცონ საკუთრების უფლება სადავო ფართზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივლისის განჩინებით შ. ხ. და ფ. ბ-ევების საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა არსებითად განსახილველად.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას 2009 წლის 13 ნოემბერს მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი, შემდეგი პირობებით:
1. შ. ხ. და ფ. ბ-ევები კისრულობენ ვალდებულებას გადაიხადონ ტ. და თ. დ-ოვების სასარგებლოდ 45 000 აშშ დოლარი 2009 წლის 31 დეკემბრამდე, ქ თბილისში, ... მე-3 შესახვევი I ჩიხი, ¹13-ში მდებარე 72,52 კვ.მ. ფართზე მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ;
2. ტ. და თ. დ-ოვები ვალდებულნი არიან გაათავისუფლონ აღნიშნულო ფართი 2010 წლის 31 იანვრამდე;
3. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში დადგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით მიღებული შედეგი და მოხდება მისი აღსრულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების პირობებს, თვლის, რომ იგი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების მორიგებით დამთავრება მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს, რაც მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შ. ხ. და ფ. ბ-ევებს მხარეთა მორიგების გამო უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 884,50 ლარიდან 442,25 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 49-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:
1. შ. ხ. და ფ. ბ-ევები კისრულობენ ვალდებულებას გადაიხადონ ტ. და თ. დ-ოვების სასარგებლოდ 45 000 აშშ დოლარი 2009 წლის 31 დეკემბრამდე, ქ თბილისში, ... მე-3 შესახვევი I ჩიხი, ¹13-ში მდებარე 72,52 კვ.მ. ფართზე მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ;
2. ტ. და თ. დ-ოვები ვალდებულნი არიან გაათავისუფლონ აღნიშნულო ფართი 2010 წლის 31 იანვრამდე;
3. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში დადგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით მიღებული შედეგი და მოხდება მისი აღსრულება;
მხარეთა მორიგების გამო შეწყდეს საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე ტ. და თ. დ-ოვების სარჩელისა გამო შ. ხ. და ფ. ბ-ევების მიმართ მესაკუთრედ ცნობის შესახებ;
განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;
შ. ხ. და ფ. ბ-ევებს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 884,50 ლარის ნახევარი - 442,25 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.