ას-273-603-07 28 მაისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს “-- -- --”-ის დირექტორ ა. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 25 სექტემბერს ა. ხ-მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს “-- -- --”-ის მიმართ კუთვნილი ხელფასის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, 2002 წლის 5 იანვარს შპს “-- -- --”-სა და შპს “იმერეთის ე...ს” შორის დაიდო ხელშეკრულება აუდიტორული მომსახურების თაობაზე, რის გამოც შეიქმნა კომისია, რომლის ერთ-ერთი წევრი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე იყო ა. ხ-ე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სამუშაოები შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამი თვის ვადაში, თუმცა კუთვნილი ანაზღაურება მოპასუხისაგან არ მიუღია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ხ-მ მოითხოვა მოპასუხისათვის მის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების _1500 ლარის, სამივლინებო ხარჯის _150 ლარისა და საბოლოო ანგარიშის ანაზღაურების დაგვიანებისათვის საპროცენტო სარგებლის გადახდის დაკისრება.
მოპსაუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ შპს “იმერეთის ე...ს” მისთვის თანხები არ გადმოურიცხავს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ხ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ა. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
შპს “-- -- --”-ს ა. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1500 ლარის გადახდა, ხოლო სარჩელი სამივლინებო თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არასწორად მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ვინაიდან მოპასუხეს უარი ვალდებულების შესრულებაზე ხანდაზმულობის გამო არ განუცხადებია.
სააპელაცო სასამართლომ დაადგინა, რომ აუდიტკომპანიასა და ა. ხ-ს შორის ზეპირად დაიდო ნარდობის ხელშეკრულება და შესაბამისად იგი ვალდებული იყო ა. ხ-სათვის გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საზღაური.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე შპს “-- -- --”-ის დირექტორმა _ ა. ჯ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 2 მაისის განჩინებით, შპს “-- -- --”-ის დირექტორ ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “-- -- --”-ის დირექტორ ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება შრომით დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “-- -- --”-ის დირექტორ ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “-- -- --”-ის დირექტორ ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი საქართველოს ეროვნული ბანკის (კოდი:220101107) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033078 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.