ას-27-382-07 22 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:ნუნუ კვანტალიანი
(მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ. ჭ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ხარაგაულის ... გამგეობა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ჭ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ხარაგაულის ... გამგეობის მიმართ სამუშაოზე აღდგენის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე 1973 წლიდან მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში, საიდანაც გამგეობის 2006 წლის 6 ივლისის ¹3 ბრძანებით სამუშაოდან გათავისუფლდა ორგანიზაციის ლიკვიდაციის გამო. მოპასუხემ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 421 მუხლის მოთხოვნა, როდესაც მოსარჩელეს სხვა სამუშაო არ შესთავაზა, აგრეთვე, 36-ე მუხლის “ბ” და “დ” ქვეპუნქტები, რომლებიც ითვალისწინებდნენ სამუშაოზე მ.ჭ-ს უპირატესი დარჩენის უფლებას. ფაქტობრივად განხორციელდა ... არა ლიკვიდაცია, არამედ რეორგანიზაცია, ვინაიდან სახელმწიფოს გადაეცა ... ქონების მხოლოდ ნაწილი, დარჩენილ ნაწილში კი 5 მუშაკი მუშაობას განაგრძობს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 2006 წლის 31 მაისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებას გადაეცა საჯარო რეესტრში აღრიცხული ... უძრავი ქონება, ორგანიზაცია დარჩა შემოსავლის გარეშე, რის გამოც დღის წესრიგში დადგა მისი ლიკვიდაციის საკითხი. მუშაკები, მათ შორის, მოსარჩელეც, ერთი თვით ადრე გაფრთხილებულ იქნენ შესაძლო გათავისუფლების თაობაზე. მოპასუხეს სახელმწიფოსათვის არ გადაუცია უძრავი ქონების ის ნაწილი, რომელიც დაკანონებული არ ჰქონდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციის სრულ ლიკვიდაციამდე და ... ქონების სახელმწიფოსათვის სრულ გადაცემამდე მუშაობას აგრძელებს მხოლოდ 4 მუშაკი.
ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მ. ჭ-ი 1973 წლიდან მუშაობდა ხარაგაულის ... სავაჭრო ცენტრში. ... წევრთა გამგეობის სხდომის 2006 წლის 10 მარტისა და ... კრების 2006 წლის 19 მაისის დადგენილებებით გადაწყდა ორგანიზაციის ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულია, რაც სახელმწიფოსათვის 345000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების გადაცემაში გამოიხატა. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის მასალებში წარმოდგენილ ხარაგაულის ... გამგეობის თავმჯდომარის 2006 წლის 6 ივლისის ¹3 და 20 ივლისის ¹5 ბრძანებებზე, რომელთა მიხედვით შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლდა ... 8 მუშაკი, მათ შორის, მ. ჭ-ი. გათავისუფლების საფუძვლად აღინიშნა ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემა და მოსალოდნელი ლიკვიდაცია. სასამართლომ იხელმძღვანელა 2006 წლის 4 ივლისს ძალაში შესული შრომის კანონთა კოდექსით, რომლის 53-ე მუხლის თანახმად, იგი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე მათი წარმოშობის დროის მიუხედავად და მიიჩნია, რომ აღნიშნული კანონის მოთხოვნები მოპასუხეს არ დაურღვევია. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლზე და ჩათვალა, რომ მოპასუხის ადმინისტრაციის 2006 წლის 6 ივლისის ¹3 და 2006 წლის 20 ივლისის ¹5 ბრძანებების კანონიერების საკითხი მ.ჭ-მა დააყენა მხოლოდ სააპელაციო საჩივრით, რითაც მისი მოცულობა უკანონოდ გაზარდა. ამდენად, სასამართლო მითითებულ საკითხზე მსჯელობის შესაძლობას მოკლებულია. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სამუშაოზე მისი უპირატესი დარჩენის უფლების დარღვევის თაობაზე, რადგან სამუშაოზე უპირატესი დარჩენის წესი გამოიყენება საზოგადოების რეორგანიზაციისას მუშაკთა გათავისუფლების დროს, მოცემულ შემთხვევაში კი მ.ჭ-ი დათხოვნილ იქნა ორგანიზაციის ლიკვიდაციისა და არა რეორგანიზაციის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ჭ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლი, როდესაც მოსარჩელის მიერ ... 2006 წლის 6 ივლისის ¹3 ბრძანების გაუქმების შესახებ მოთხოვნის დაყენება სასარჩელო მოთხოვნის გაზრდად ჩათვალა. აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია ამავე კოდექსის 83-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, ვინაიდან მხარემ თავისი მოთხოვნა კი არ გაზარდა, არამედ დააზუსტა. მ.ჭ-ს სასარჩელო მოთხოვნის _ სამუშაოზე აღდგენის დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება თავისთავად გაუქმდებოდა. მოპასუხის 2006 წლის 20 ივლისის ¹5 ბრძანება ... დაგვიანებით წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რომელმაც მოსარჩელის თანხმობის გარეშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევით, უკანონოდ მიიღო მტკიცებულებად. სადავო ¹5 ბრძანება გამოიცა საქმის სასამართლოში განხილვის დროს, მას შემდეგ, რაც სასამართლომ განუმარტა მოპასუხეს, რომ ზემოთ მითითებული ¹3 ბრძანებაში მხარემ არასწორად გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა რა სამუშაოზე მხარის უპირატესი დარჩენის უფლების შესახებ, დაეყრდნო არარსებულ კანონს, ვინაიდან ზემოხსენებული უფლება გათვალისწინებული იყო ძველი რედაქციის შრომის კანონთა კოდექსით, ხოლო ამ კანონის ახალი რედაქცია მას არ იცნობს. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მხარეები მოპასუხე ორგანიზაციის ლიკვიდაციის დაწყების ფაქტს სადავოდ არ ხდიდნენ, აღნიშნული საკითხი მ.ჭ-მა სადავოდ გახადა როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოებში. სააპელაციო და რაიონულმა სასამართლოებმა დაარღვიეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლი, ვინაიდან ... თავისი შესაგებლები ორივე შემთხვევაში წარადგინა საქმის განხილვის დროს ისე, რომ კასატორს მათი ასლები არ ჩაბარებია. დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა მ.ჭ-ს სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერების შესახებ. ფაქტობრივად, კასატორის დათხოვნა მოხდა იმ გარემოების _ ორგანიზაციის ლიკვიდაციის დადგომამდე, რომლის გამო სამუშაოდან გათავისუფლებასაც მოპასუხის წინასწარი გაფრთხილება ითვალისწინებდა. ორგანიზაციის ლიკვიდაცია კი არ დაწყებულა, რადგან არ შესრულებულა ამ პროცესისათვის კანონით დადგენილი პროცედურა. ... ¹3 და ¹5 ბრძანებები უკანონოა, რადგან ¹3 ბრძანება ეყრდნობა შრომის კანონთა კოდექსის 42-ე მუხლის პირველ ნაწილს, ხოლო ¹5 ბრძანებაში ზოგადად მითითებულია ამავე კოდექსის 37-ე მუხლზე. სასამართლომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად ჩათვალა შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტი, თუმცა არ გაითვალისწინა, რომ მ.ჭ-ს გათავისუფლებიდან გავიდა 6 თვეზე მეტი, ხოლო ლიკვიდაციის პროცესი ჯერაც არ დაწყებულა. ამდენად, აღნიშნული დრო მითითებული ნორმით გათვალისწინებულ პერიოდად ვერ ჩაითველბა. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ.ჭ-ი მოსალოდნელი დათხოვნის თაობაზე გაფრთხილებულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის 42-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევით, გათავისუფლებიდან არა ორი, არამედ ერთი თვით ადრე, 2006 წლის 8 ივნისს. სააპელაციო სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ მ.ჭ-ს სამუშაოდან გათავისუფლებისას დაირღვა ზემოხსენებული კოდექსის 34-ე და 38-ე მუხლებით გათვალისწინებული მხარის უფლება 7 დღის ვადაში მიეღო საბოლოო ანგარიში და ერთი თვის შრომის ანაზღაურება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საკასაციო საჩივრით ზემოხსენებული სახის პრეტენზია ნაწილობრივ წარმოდგენილია, კერძოდ:
სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე მ. ჭ-ს სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მიუთითა საქმის მასალებში წარმოდგენილი ხარაგაულის ... გამგეობის თავმჯდომარის 2006 წლის 6 ივლისის ¹3 და 2006 წლის 20 ივლისის ¹5 ბრძანებები, რომელთა თანახმად სამუშაოდან გათავისუფლდა ... 8 თანამშრომელი, მათ შორის, მ. ჭ-ც. აღნიშნულის სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა საწარმოს ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემა და უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი ლიკვიდაცია.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ხარაგაულის ... გამგეობის ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულია. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად პალატამ მიუთითა ... მიერ სახელმწიფოსათვის 345 000 ლარის ღირებულების უძრავი ნივთის გადაცემაზე, რამაც გამოიწვია საწარმოს ლიკვიდაციის საკითხის განხილვის აუცილებლობა. აღნიშნულის გარდა, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულებას არ ეფუძნება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობას ან არარსებობას ადგენს წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მათი სათანადოდ გამოკვლევის საფუძველზე. ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. ამდენად, სამოტივაციო ნაწილი წარმოადგენს გადაწყვეტილების ფაქტობრივ და იურიდიულ დასაბუთებას, რომელშიც უნდა აისახოს თუ რომელი მტკიცებულების საფუძველზე მოხდა ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა, რის შემდეგაც სასამართლო მოახდენს ამ გარემოებათა სამართლებრივ შეფასებას.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ... ლიკვიდაციის დაწყების შესახებ ზედაპირულია და, ზემოხსენებული ნორმების მოთხოვნათა დარღვევით, სათანადო მტკიცებულებას არ ეყრდნობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების ფაქტის დასადასტურებლად მისი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის ფაქტი საკმარისად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან თავად ... წესდების 12.1 მუხლი განსაზღვრავს ლიკვიდაციის განხორციელების გარკვეულ წესს, კერძოდ, ... ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია (შერწყმა, მიერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით მეპაიეთა საერთო (წარმომადგენელთა) კრების ან სასამართლოს გადაწყვეტილებით. ფაქტობრივად, საქმის მასალებში არც ... საერთო კრების და არც სასამართლოს გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ წარმოდგენილი არ არის. ასევე დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მხარეებს აღნიშნული პროცესის დაწყება სადავოდ არ გაუხდიათ, ვინაიდან მოსარჩელე მ.ჭ-ი როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოში უთითებდა, რომ მისი სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი _ საწარმოს ლიკვიდაცია რეალურად არ განხორციელებულა.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოება უსაფუძვლოდ დაადგინა და საკასაციო საჩივარი მითითებულ ნაწილში დაუსაბუთებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. მოცემულ შემთხვევაში საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სათანადოდ უნდა გამოარკვიოს, რეალურად დაიწყო თუ არა ხარაგაულის ... ლიკვიდაციის პროცესი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.