საქმე №407აგ-15 23 მარტი, 2016 წელი
ს-ე ბ., 407აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ს-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის განაჩენით ბ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 273–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით; სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 აგვისტოს განაჩენით სსკ–ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი – 9 თვე, ხოლო სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. ს-ს განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 3 ნოემბრიდან.
2. 2015 წლის 6 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ბ. ს-მ, რომელმაც საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლში შეტანილი ცვლილების საფუძველზე ითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ბ. ს-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება: მსჯავრდებულ ბ. ს-ს ქმედება საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. მსჯავრდებული ბ. ს-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილებების გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
4. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ბ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე