საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-275-533-08 25 ივნისი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს “ბ.-ი”
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ს.-ი”
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება და დავალიანების გადახდა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “ს.-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ბ.-ის” წინააღმდეგ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხარეებს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელეს მოპასუხისათვის იჯარით უნდა გადაეცა 1997 წელს გამოშვებული ავტომანქანა “ტოიოტა ლანდკრუიზერი”. მოპასუხე კი ვალდებული იყო, გადაეხადა საიჯარო ქირა თვეში 9000 ლარი. შპს “ს.-მ” შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მოპასუხეს ხელშეკრულების მოქმედების მთელი დროის განმავლობაში ერთხელაც არ გადაუხდია საიჯარო ქირა. აღნიშნულის გამო მოსარჩელემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და 2004 წლის 1 ოქტომბრის წერილით მოპასუხეს მოსთხოვა ავტომანქანის დაბრუნება. მოპასუხე არც საიჯარო ქირას იხდის და არც ავტომანქანას აბრუნებს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ავტომანქანის ღირებულებიდან დარჩენილი - 15222 ლარის, საიჯარო ქირის - 9000 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 605,55 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯების - 1500 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “ს.-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა შპს “ს.-ის” სასარგებლოდ ავტომანქანის საფასურიდან გადახდილი - 15222 ლარის, ასევე მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო ქირის – 9000 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სს “ბ.-მ”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სს “ბ.-ის” გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა სს “ბ.-ის” ლიკვიდატორმა მ. ტ.-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 იანვრის განჩინებით სს “ბ.-ს” ლიკვიდატორ მ. ტ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს “ბ.-ის” ლიკვიდატორმა მ. ტ.-მა. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე დააგვიანდათ 15 წუთით, თუმცა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე განხილული დახვდათ და პროცესზე მისულს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოუცხადეს. მათ სასამართლო პროცესზე დააგვიანდათ სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების გამო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ სს “ბ.-ის” ლიკვიდატორ მ. ტ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ამ მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო, სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
დადგენილია, რომ მოცემული საქმის განხილვა დაინიშნა 2007 წლის 17 ოქტომბერს. მხარეები გაფრთხილებულ იქნენ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა აპელანტი სს “ბ.-ი”, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა სს “ბ.-ის” ლიკვიდატორმა მ. ტ.-მა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული ის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს. კასატორი არ უთითებს იმ გარემოებაზე, რაც შეიძლება მიჩნეულ იქნეს საპატიო მიზეზად, კერძოდ, გადატვირთული და შეფერხებული სატრანსპორტო მოძრაობის გამო პროცესზე გამოუცხადებლობა ვერ ჩაითვლება საპატიო მიზეზად.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ აპელანტის გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად და მის მიმართ მართებულად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სს “ბ.-ის” ლიკვიდატორი მ. ტ.-ი სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “ბ.-ის” ლიკვიდატორ მ. ტ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 იანვრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.