საქმე №254აგ-15 15 მარტი, 2016 წელი
თ-ე ა., 254აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. თ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ა. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (3 ეპიზოდი) – 6-6 თვით, ხოლო 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით დანაშაულთა ერთობლიობით ა. თ-ს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი – ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ასევე – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 500 ლარი და 5 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის, 11 თვისა და 27 დღის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი – ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 21 აგვისტოდან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 ნოემბრის განაჩენით ა. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 ნოემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 500 ლარი და 5 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის, 11 თვისა და 27 დღის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი – ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავების პერიოდი – 2013 წლის 8 აგვისტოდან იმავე წლის 9 აგვისტოს ჩათვლით და სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 21 აგვისტოდან.
3. 2015 წლის 3 აგვისტოს მსჯავრდებულმა ა. თ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვისა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 ნოემბრის, 2013 წლის 20 ნოემბრისა და იმავე წლის 11 ივნისის განაჩენები შეიცვალა: მსჯავრდებულ ა. თ-ს ქმედება (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განაჩენი) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე; მსჯავრდებულ ა. თ-ს ქმედება (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 ნოემბრის განაჩენი) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე; განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. მსჯავრდებული ა. თ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას და მისთვის განსაზღვრული სასჯელის შემცირებას, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილებების გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
4. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა. თ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე