Facebook Twitter

საქმე №131აგ-15 11 მარტი, 2016 წელი

ხ-ი დ., 131აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის განაჩენით დ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 12 წლით, ხოლო 273-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 16 ოქტომბრიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 20 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დ. ხ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2015 წლის 12 აგვისტოს მსჯავრდებულმა დ. ხ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვისა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული დ. ხ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მასთან ერთად დააკავეს გერმანელი გოგონა, რომელსაც იძულებით მიაცემინეს ჩვენება, რომ თითქოს ისინი ნარკოტიკულ საშუალებას აძლევდნენ თავიანთ მეგობრებს; თვითონ დ. ხ-საც შეჰპირდნენ, რომ აღიარების სანაცვლოდ გაუფორმებდნენ საპროცესო გარიგებას მინიმალური სასჯელითა და ჯარიმით, თუმცა მოატყუეს; განაჩენი საკასაციო წესით ვერ გაასაჩივრა, რადგან ნაცემი კარანტინში იჯდა და ამის გამო დაერღვა გასაჩივრების ვადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული დ. ხ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 20 აპრილის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის აღდგენას ან ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში გამართლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ დ. ხ-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებაში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რისთვისაც განსაზღვრული იყო შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2015 წლის 8 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისიდან, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა და გასაღება მუხლის სხვადასხვა ნაწილში მოექცა. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, მართალია, მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადავიდა, მაგრამ - გასაღება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ - რაშიც მსჯავრდებულს ასევე დაედო მსჯავრი, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) თანახმად, როგორც დანაშაულის კატეგორიის, ისე სანქციის ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ დ. ხ-ს მიმართ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა (ამნისტიის გათვალისწინებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა) სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (ახალი რედაქცია) სანქციის ფარგლებშია. ამდენად, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არც დანაშაულის კატეგორიის, არც სასჯელის თვალსაზრისით არ შემსუბუქებულა და არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვისათვის ახლად გამოვლენილ გარემოებას.

რაც შეეხება კასატორის პოზიციას ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში თავისი უდანაშაულობის შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მის მიერ საკასაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ისეთი გარემოება რაც განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ დ. ხ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ დ. ხ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე