ას-277-607-07 14 სექტემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ გ. ჯ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ... ცენტრი (მოპასუხე)
დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. ჯ-მა 2005 წლის თებერვალში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ... ცენტრის დირექტორის მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება 2005 წლის 15 იანვრიდან მის აღდგენამდე. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო განცხადება დაასაბუთა იმით, რომ 1974 წლის დეკემბრიდან იგი მუშაობდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უფროს ...ად და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა პირნათლად. მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორის 2005 წლის 15 იანვრის ბრძანებით შეუწყვიტეს შრომის ხელშეკრულება საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-18 და 30-ე მუხლების შესაბამისად. იგი 2005 წლის 15 იანვრიდან 25 იანვრამდე აგრძელებდა შრომით საქმიანობას. მოსარჩელის მითითებით, შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად. მისი შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი გადაწყდა პროფკავშირთან შეთანხმების გარეშე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ჯ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 მარტის განჩინებით გ. ჯ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 მარტის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. ჯ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, მიიჩნია, რომ გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის განჩინებით გ. ჯ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის ბოლო შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა 2004 წლის 15 იანვარს ერთი წლის ვადით - 2005 წლის 15 იანვრამდე. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იყო ვადიანი შრომის ხელშეკრულება შრომის კანონთა კოდექსის მე-18 მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად. ამავე კოდექსის 30-ე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ შრომის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა 2005 წლის 15 იანვარს, რაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლო ვალდებული იყო მოწმეთა ჩვენებების სახით მოეპოვებინა მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა 2005 წლის 15 იანვრის შემდეგ მისი მოპასუხესთან მუშაობის ფაქტს. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება, რომ მოპასუხე ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებული იყო, მოსარჩელის განთავისუფლება შეეთანხმებინა პროფკავშირებთან, რადგან შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროფკავშირებთან შეთანხმებით სამსახურიდან დათხოვნა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მუშაკს სამსახურიდან ანთავისუფლებს ადმინისტრაცია თავისი ინიციატივით. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში მუშაკი სამსახურიდან დათხოვნა მოხდა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო და არა ადმინისტრაციის ინიციატივით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. ჯ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, იგი მაინც აგრძელებდა მუშაობას, ასევე არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა, სასამართლო სხდომაზე წარმოედგინათ ყოველდღიური აღრიცხვიანობის ჟურნალი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით გ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ... ცენტრს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას გ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.