Facebook Twitter

¹ას-278-608-07 20 ივნისი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს “-- -- --”

წარმომადგენელი _ გ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ. კ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 7 ნოემბერს გ. კ-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სს “-- -- --” წინააღმდეგ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება სს “-- -- --” მიერ ხელფასის იმდენი პროცენტის ოდენობით, რამდენითაც დაკარგული ჰქონდა შრომის უნარი, კერძოდ, მოითხოვა სარჩოს გადახდა მოპასუხე საწარმოში მომუშავე სამუშაოს მწარმოებლის ხელფასის (150 ლარი) 80%-ის ოდენობით, რაც 120 ლარს შეადგენს, ასევე გ. კ-მ მოითხოვა მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება მთელი გასული პერიოდისათვის _ 1987 წლის 25 ნოემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით გ. კ-ს სარჩელი მოპასუხე სს “-- -- --” მიმართ საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით გ. კ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. კ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს “-- -- --” დაეკისრა 4320 ლარის გადახდა გ. კ-ს სასარგებლოდ, სს “-- -- --” გ. კ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2005 წლის 7 ნოემბრიდან ყოველთვიურად სარჩოს სახით _ 120 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასმართლომ 1987 წლის 25 ნოემბრის აქტის საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ 1987 წლის 25 ნოემბერს საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გ. კ-მ მიიღო საწარმოო ტრავმა, რის შედეგადაც უვადოდ დაკარგა შრომის უნარი 80%-ით. 1988 წლიდან არის პენსიონერი ინვალიდობის გამო და ამჟამად იღებს პენსიას _ 28 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ სს “-- -- --” “¹5 ... უბნის” უფლებამონაცვლე საწარმოა, სადაც მოსარჩელის სპეციალობის მუშაკის საშუალო ხელფასი შეადგენს 150 ლარს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ტრავმა საწარმოს ბრალით მიიღო.

სასამართლომ სარჩოს ოდენობა განსაზღვრა სასამართლოში სარჩელის შეტანის დღიდან თვეში 120 ლარის ოდენობით (შრომის უნარის დაკარგვის ხარისხის მიხედვით) და მისი სპეციალობის მუშაკის საშუალო ხელფასის გათვალისწინებით. ამასთან, იხელმძღვანელა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთლეობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” 51-ე მუხლით და მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე საწარმოს დააკისრა სამი წლის მიუღებელი სარჩო.

სააპელაციო სასამართლომ სარჩელი ხანდაზმულად არ მიიჩნია, ვინაიდან ჩათვალა, რომ ჯანმრთელობის დაზიანების გამო მისი უფლების დარღვევა დასრულებული არ არის და დღესაც გრძელდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “-- -- --”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. კასატორმა მიიჩნია, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერებას ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან მოთხოვნის უფლების განგრძობადობისა და დაუსრულებლობის გამო. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა “წესების” 51-ე მუხლი და არასწორად დააკისრა საწარმოს ერთდროულად სამი წლის მიუღებელი სარჩოს გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 1987 წლის 25 ნოემბერს საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გ. კ-მ მიიღო საწარმოო ტრავმა, რის შედეგადაც უვადოდ დაკარგა შრომის უნარი 80%-ით. 1988 წლიდან არის პენსიონერი ინვალიდობის გამო და ამჟამად იღებს პენსიას _ 28 ლარს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის უფლების დარღვევა დასრულებული არ არის და დღესაც გრძელდება, შესაბამისად, მოთხოვნა ხანდაზმულად არ მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის“ 51-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს დააკისრა ზიანის ანაზღაურება სარჩელის შეტანის დღიდან, ასევე მოპასუხეს დააკისრა სამი წლის მიუღებელი სარჩო.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის“ 51-ე მუხლის თანახმად, თუ განცხადება ზიანის ანაზღაურების შესახებ დამქირავებელთან შეტანილია შრომის უნარის ხარისხის დაკარგვიდან ან მარჩენალის გარდაცვალებიდან სამი წლის გასვლის შემდეგ, ზიანის ანაზღაურება ხდება განცხადების შეტანის დღიდან. განცხადების შეტანის დღედ ითვლება მისი ორგანიზაციაში მიღების დღე.

აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების შესახებ დაზარალებულის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და დამქირავებლის მიერ ზიანის ანაზღაურების შესახებ ვალდებულების შესრულების წესს, რომელზეც არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მუშაკის შრომის უნარის ხარისხის დაკარგვიდან გასულია სამი წელი, ზიანის ანაზღაურება ხდება განცხადების შეტანის დღიდან.

სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

ამდენად, ამ ნორმათა შორის დადგენილია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის სხვადასხვა წესი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ავსებენ კანონის ნორმებს. თუ ეს აქტები ეწინააღმდეგება კანონს, მოქმედებს კანონი.

სამართლის ნორმის კოლოზია შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთსა და იმავე იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივი აქტებით სხვადასხვაგვარად წესრიგდება ერთი და იგივე ურთიერთობა, ამ შემთხვევაში გამოიყენება სპეციალური და უფრო ახალი ნორმები.

მოცემულ შემთხვევაში სხვადასხვა იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივი ნორმები ერთსა და იმავე ურთიერთობას აწესრიგებენ სხვადასხვაგვარად, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებასთან შედარებით, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრისას სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი („ნორმატიული ექტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 25-ე მუხლის პირველი ნაწილი, 26-ე მუხლის პირველი ნაწილი).

სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლი არა მარტო ადგენს ხანდაზმულობის ვადას, არამედ განსაზღვრავს ამ ვადის ათვლის მომენტს. ხანდაზმულობის ვადის ათვლა უკავშირდება მომენტს, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო დელიქტით მიყენებული ზიანის ფაქტი ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ. კ-მ საწარმოო ტრავმა მიიღო 1987 წელს ანუ დაადგინა ზიანის მიყენების ფაქტის მომენტი. ასევე სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ გ.კ-ს უფლების დარღვევა დასრულებული არ არის და დღესაც გრძელდება. ამასთან, სასამართლომ არ მიუთითა, თუ რაში გამოიხატება დღეს გ.კ-ს უფლების დარღვევა და რა მტკიცებულებებს ემყარება სასამართლოს დასკვნა.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს მოპასუხე წარსულში უხდიდა თუ არა სარჩოს მოსარჩელეს, ხოლო შემდეგ ხომ არ შეუწყვიტა გადახდა. ასეთის დადგენის შემთხვევაში თითოეული შესრულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გამოიკვლიოს ხანდაზმულობის ვადის დენა ხომ არ შეწყვეტილა ან შეჩერებულა და, შესაბამისად, იმსჯელოს გ.კ-ს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „-- -- --“ წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.