Facebook Twitter

ას-280-610-07 26 სექტემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე მომხსენებელი),

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ... სამინისტრო (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ნ. პ-ი, დ. რ-ე

მოწინააღმდეგე მხარე –ს.ს. “ .. ..” (მომოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – აქტის საფუძველზე დარიცხული თანხის ჩამოწერა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 28 ნოემბერს ... სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე_ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს ს.ს. “.. .. ი. ი-ის წინააღმდეგ. ს.ს “ .. ..” მიმართ ხელშეკრულების დადების შესახებ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 1999 წლის 29 ივლისს ...მა თავისი ინიციატივით შეცვალა ძვეკლი მრიცხველი ახლით ¹..._ით, სადაც დაფიქსირებულია ბრუნვის კოეფიციენტი K=60, 2000წლის 11 ოქტომბერს ელექტრომეურნეობის შემოწმების ¹... აქტში დაფიქსირებულია კოეფიციენტი K=60; 2002 წლის 15 აპრილის ელექტრომეურნეობის შემოწმების ¹... აქტში დაფიქსირებულია აგრეთვე, კოეფიციენტი 60 და მხოლოდ ერთ ბაზაზეა აღნიშნული კოეფიციენტი K=80_ს.

მოსარჩელემ მოითხოვა: მოპასუხის დავალდებულება ... სამინისტროსთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, რომლითაც განისაზღვრება მხარეთა უფლებამოსილებანი, ანგარიშსწორების წესი და ფორმები, ანგარიშსწორების ვადები, რათა არ მოხდეს მის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.

მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მის მიმართ მოპასუხეებს აკრძალვოდათ ელექტრო ენერგიის გათიშვა.

მოსარჩელემ იმავე სასამართლოში 2003 წლის 26 აგვისტოს შეიტანა დამატებითი სარჩელი მოითხოვა ელექტრომეურნეობის შემოწმების 2002 წლის 15 აპრილის ¹... აქტის გაუქმება, რომლის საფუძველზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა დამატებით 16625,37 ლარის გადახდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2002 წლის 15 აპრილს პირველადი და მეორადი დენის მონაცემებში დაფიქსირებულია დენის შეუსაბამობა. ტრანსფორმატორების მონაცემების შემოწმება მოხდა ... სამინისტროს შიდა ტერიტორიაზე და მას ესწრებოდა სამინისტროს წარმომადგენელი ელ.მეურნეობის დარგში. ხოლო სარჩელი ხელშეკრულების გაფორმების ნაწილში მიიჩნია საფუძვლიანად.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 ივნისის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ს.ს. “ .. ..” მიერ 2002 წლის 15 აპრილს შედგენილი ¹... ელექტრომეურნეობის შემოწმების აქტი და ... სამინისტრო გათავისუფლდა ამ აქტის საფუძველზე მათზე დარიცხული თანხის 16255 ლარისა და 37 თეთრის გადახდისაგან.

ს.ს. “ .. ..” დაევალა ... სამინისტროსთან ელ.ენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით სამოხმარებლო ხელშეკრულების გაფორმება.

აღნიშნული გადაწყვეტილება 2004 წლის 11 აგვისტოს, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.ს. “ .. ..” თბილისის საოლქო სასამართლოში და მოითხოვა ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმებულ იქნა ს.ს. “ .. ..” მიერ 2002 წლის 15 აპრილს შედგენილი ¹06979 ელექტრომეურნეობის შემოწმების აქტი და .... სამინისტრო გათავისუფლდა ამ აქტის საფუძველზე მათზე დარიცხული 16625 ლარისა და 37 თეთრის გადახდისაგან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ს.ს .. .. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის დიდუბე_ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი. ... სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატა თვლის, რომ აქტის შედგენისას “...” 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილებით დამტკიცებული “ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკის” მე-4 მუხლის მოთხოვნა არ დარღვეულა. ელექტრო აღრიცხვიანობის შემოწმების ¹... სადაო აქტის შედგენას ობიექტის ხელმძღვანელი, რომ არ დასწრებია, აღნიშნული გარემოებას სააპელაციო სასამართლო არ მიიჩნია აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად.

პალატამ გაიზიარა აპელანტის ის მოსაზრება, რომ სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორად დაეყრდნო მტკიცებულების სახით სემეკის ლიცენზირების სამართველოს უფროსისა და საბითუმო ბაზრის მთავარი სპეციალისტის წერილს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია იმის თაობაზე, რომ სადავო აქტით არ დასტურდება ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარებაში მოსარჩელე ორგანიზაციის ბრალი.

პალატამ მიიჩნია, რომ აბონენტზე კვტსთ-ების დარიცხვა შესაძლებელია აბონენტისაგან დამოუკიდებლად, მისი ბრალის გარეშე, ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის დარღვევის შემთხვევაშიც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ... სამინისტრომ.

კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში

არ უმსჯელია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2006 წლის ... ივლისის ექსპერტიზის დასკვნასა და საქმის განხილვისას ექსპერტის მიერ მიცემულ ზეპირ ახსნა-განმარტებებზე. მტკიცებულებად არ მიიჩნია სემეკის დასკვნა და გაიზიარა მხოლოდ მოპასუხის არგუმენტები, რომ ელექტრო აღრიცხვიანობის შემოწმების ¹.. სადაო აქტის შედგენისას არ დარღვეულა “...” 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილებით დამტკიცებული “ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკის” მე-4 მუხლის მოთხოვნა და დაეყრდნო იმ ფაქტს, რომ აქტის შედგენას თითქოს ესწრებოდა აბონენტის ... სამინისტროს ელექტრიკოსი. რეალურად აქტზე ხელი მოაწერინეს არაუფლებამოსილ პირს, რომელიც არ დასწრებია ზემოაღნიშნული აქტის შედგენას.

კასატორის განმარტებით სასამართლომ არ გაითვალისწინა ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოება (რომელთა დასადგენადაც იყო საჭირო როგორც სემეკის სპეციალისტების, ასევე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის სპეციალური ცოდნა). კერძოდ, სადავო შემოწმების აქტში თელასის მიერ მითითებული ტექნიკური (რიცხობრივი) მონაცემების მიხედვით რამდენად სწორად მოხდა კვტსთ-ების გამოთვლა და დარიცხვა.

თელასის მიერ 1999 წლის 29 მარტის ¹... აქტში მოცემული ... სამინისტროს ელექტრო-მეურნეობის შემოწმების შედეგების მიხედვით დგინდება რომ მრიცხველი მუშაობდა მიახლოებით 20,4%-ით უფრო მეტ ელექტრო ენერგიას ვიდრე სინამდვილეში მოიხმარებოდა. 2000 წლის 11 ოქტომბრის ¹... შემოწმების აქტიდან ჩანს რომ მრიცხველი ასევე აჩქარებულია 16,6%-ით. 2002 წლის 15 აპრილის ¹... სადავო აქტში მოცემული მონაცემების მიხედვით თელასმა დაადგინა რომ მრიცხველი მუშაობს შენელებით (თუმცა სამინისტროს ელექტრო-მეურნეობაში საერთოდ არაფერი არ შეცვლილა) და ... სამინისტროს დაარიცხა აღურიცხავი ელექტროენერგია წინა შემოწმების პერიოდიდან, ანუ 2000 წლის 20 ნოემბრიდან, როცა მრიცხველი პირიქით იყო 16,6%-ით აჩქარებული.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ იმსჯელა იმაზე, რომ ... 2002 წლის 15 აპრილის ¹... სადავო შემოწმების აქტის მონაცემების მიხედვით არ უნდა განეხორციელებინა კვტსთ-ების დარიცხვა, რადგან აქტში მითითებული მონაცემები არის აბსურდული და არასრულყოფილი და შესაბამისად იმის მიხედვით განხორციელებული დაანგარიშება ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა არასწორი. კერძოდ, ... სამინისტრო ელექტრომეურნეობაში მოიხმარს სამ ფაზას. სადავო შემოწმების აქტში ნაჩვენებია შემდეგი მონაცემები (რასაც სრული სიზუსტით მაგრამ ყოველგვარი შეფასების გარეშე უთითებს სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში):

„A“ ფაზაზე I-ადი დენი 224 ამპერი, II_დი 2,8 ამპერი კ=80

„B“ ფაზაზე I-ადი დენი 256 ამპერი, II-დი 4,27 ამპერი, კ=60.

„ჩ“ ფაზაზე I-ადი დენი 232 ამპერი II-დი 1,64 ამპერი . . . . . .

შემოწმების აქტში არ არის მითითებული „ჩ“ ფაზაზე კოეფიციანტი „K=?. რაც უფრო ნაკლებია ტრანსფორმატორის კოეფიციანტი, მით უფრო სწრაფად აბძრუნებს მრიცხველს მომხმარებლის ტვირთი ანუ ფაქტიურად მოხმარებული ელექტროენერგია. კოეფიციანტის გამოთვლა შესაძლებელია პირველად და მეორადი დენების შეფარდებით და თუ „ჩ“ ფაზის ტრანსფორმატორის კოეფიციანტს გავაანგარიშებთ მისი პირველადი დენის - 232 ამპერის შეფარდებით მეორად დენთან - 1,64 ამპერთან, კოეფიციენტს მივიღებთ 141-ს. შემოწმების აქტში მოცემული მონაცემების მიხედვით, მრიცხველის მიერ აღრიცხული მოხმარებული ელექტროენერგიის გაანგარიშება (შენელება) თელასმა მოახდინა უხეში დარღვევით, კერძოდ: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ტრანსპფორმატორების კოეფიციანტები სამივე ფაზის შემთხვევაში მიუთითა - 60. თუმცა, მათივე აქტში მოცემული მონაცემების მიხედვით კოეფიციენტები „A“ ფაზაზე არის 80, „B“ ფაზაზე - 60, ხოლო „ჩ“ ფაზაზე პირველადი და მეორადი დენების შეფარდებით (რადგან აქტში „ჩ“ ფაზის კოეფიციენტი მითითებული საერთოდ არ არის) კოეფიციენტი გამოდის 141 და სამივე ფაზის ტრანსფორმატორების კოეფიციენტების საშუალო არითმეტიკული შეადგენს 93-ს, თუ თელასი დარიცხვის აქტში გაანგარიშებისას ტრანსფორმატორის კოეფიციენტს ნაცვლად დარღვევით მითითებული 60-ისა, მიუთითებდა რეალურ კოეფიციენტს 93-ს, მიიღებდა მრიცხველს არა შენელებას, არამედ - პირიქით 16^-ით აჩქარებას, რაც სრულიად ემთხვევა წინა შემოწმების (2000 წლის 20 ნოემბრის) შედეგად მიღებულ შედეგს მრიცჟხველის 16,6%-ით აჩქარებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ... სამინისტროს წარმომადგენელმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით ... სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი ფორმით დადებული სტანდარტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად სს „ .. ..“ წარმოეშვა ელექტროენერგიის მიწოდების ვალდებულება და მოწინააღმდეგე მხარის საქართველოს ... სამინისტროსათვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის მოთხოვნის უფლება.

სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის დავის დაწყებისას .... სამინისტროს შორის დავის საფუძველი გახდა აბონენტის - ..... სამინისტროს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის არასწორად აღრიცხვის გამო სს „ .. ..“ მიერ 2002 წლის 15 აპრილს შედგენილი ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტის შესაბამისად თანხის დარიცხვა.

.. .. სამინისტროს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმება მოხდა 2002 წლის 15 აპრილს და შედგა აქტი. .. .. სამინისტრო აღნიშნულ აქტს სადავოდ ხდიდა იმ საფუძვლით, რომ მისი ბრალი აღრიცხვიანობის დარღვევისას არ არსებობდა. აგრეთვე აღნიშნული აქტის შედგენისას ელექტროენერგიის ბრუნვის კოეფიციანტი 0,3 გამოყვანილი იყო არასწორად და ფაზაზე ბრუნვის კოეფიციენტი 80 დადგინდა 2002 წლის 8 ივნისს შედგენილი აქტით. ამასთან „.. ..“ არ დაუფიქსირებია ჯარიმის მიზეზი და ა.შ.

სააპელაციო სასამართლომ იმის დასადგენად, შეესაბამებოდა თუ არა სადავო აქტით დაფიქსირებული გაზომვის შედეგების საფუძველზე შესაბამისი საფასურის დარიცხვა ელექტროენერგეტიკულ სფეროში სემეკის მიერ დადგენილ წესებს, ჩაატარა ელექტრო-ტექნიკური ექსპერტიზა. ექსპერტიზის წინაშე დაისვა ის საკითხიც თუ რომელი მეთოდით ჩატარებულა გაზომვა იძლეოდა მოხმარებული ელექტროენერგიის სიდიდის დასადგენად უფრო ზუსტ მონაცემებს. ამავე სასამართლოს მიერ ჩატარებული იქნა ექსპერტიზა იმ საკითხის გასარკვევადაც, იყო თუ არა შესწორების კოეფიციენტი სწორად დაანგარიშებული და სხვადასხვა კოეფიციენტების არსებობის შემთხვევაში რა წესით უნდა მომხდარიყო დაანგარიშება. ექსპერტიზის მიერ ორივე შემთხვევაში მიღებული დასკვნა შეუფასებელი დარჩა სასამართლოს მიერ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსაზრებები რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლომ, რომელმაც მისივე განჩინებით დანიშნა ექსპერტიზა საერთოდ არ იმსჯელა ამ მტკიცებულებების თაობაზე, მითუმეტეს, რომ ექსპერტიზის დასკვნა აშკარად არ შეესაბამება სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა მოეხდინა ექსპერტის დასკვნაში მითითებულ დებულებათა შეფასება და უარყოფა.

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ობიექტის შემოწმების დროს მოხმარებული ელექტროენერგიის სიმძლავრის მრიცხველის მიერ აღწერილ სიმძლავრის და შესწორების კოეფიციენტის შეფასებისას მხოლოდ და მხოლოდ უარყო სემეკის ლიცენზირების სამმართველოს უფროსის და საბითუმო ბაზრის მთავარი სპეციალისტის წერილი, მაგრამ თვითონ არ იმსჯელა იმის თაობაზე მითითებული მონაცემები სწორად იყო თუ არა დადგენილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ უნდა დაადგინოს ... სამინისტროს მიერ სადავოდ გახდილი ელექტროენერგიის შემოწმების აქტის სისწორე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

... სამინისტროს სკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.