Facebook Twitter

¹ას-281-603-09 1 ოქტომბერი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ს. ხ-იდი

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 იანვრის განჩინება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 28 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ს. ხ-იდის მიმართ და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის 30 მარტს, ს. ხ-იდიმ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა კონტრაქტი 4 წლის ვადით. კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, მხარეებს ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაწეული საქმიანობისათვის გასამრჯელო, კონტრაქტის მოქმედების ვადა და მისი ვადამდე შეწყვეტის პირობები განისაზღვრა კონტრაქტის ძალაში შესვლის დღიდან. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხე ს. ხ-იდიმ დაარღვია რა კონტრაქტის პირობები, იგი ვალდებულია, ხელშეკრულების 7.3 მუხლის თანახმად, აუნაზღაუროს თავდაცვის სამინისტროს მასზე დაკისრებული თანხა, რომელიც შეადგენს 5128,60 ლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებით, საქმე განსჯადობით გადაეცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

2007 წლის 7 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე - ს. ხ-იდის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაკისრებოდა მიყენებული ზიანის სახით 4902,33 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხე ს. ხ-იდიმ სასარჩელოგანცხადება არ ცნო და მოითხოვა მოარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2005 წლის 30 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ს. ხ-იდის შორის დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვეგანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. 2006 წლის 21 თებერვალს ს. ხ-იდი პირადი განცხადების საფუძველზე, მძიმე ოჯახური პირობების გამო, დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო ასევე, რომ ს. ხ-იდიზე სამხედრო სამსახურის გავლის დროს ხელფასის სახით 2005 წლის 1 აპრილიდან 2006 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაცემულია 5128 ლარი და 60 თეთრი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ს. ხ-იდის შორის დადებული 2005 წლის 30 მარტის ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვეგანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, არ ითვალისწინებს მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ერთი წლის გასვლამდე კონტრაქტის მოშლისას პასუხისმგებლობას.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინსტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება, არ განსაზღვრავდა პასუხისმგებლობას მოსამსახურის მხრიდან ერთი წლის გასვლამდე კონტრაქტის შეწყვეტის პირობებში, რისი გათვალისწინებითაც, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლოს წარმოადგენდა და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი წინამძღვრები.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების დაზუსტების აუცილებლობაზე და განმარტა, რომ თუ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ემყარებოდა სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებს, ამ შემთხვევაში სასამართლო მსჯელობის საგნად უნდა გამხდარიყო მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა იძლეოდა თუ არა სამართალდარღვევის შემადგენლობის ყველა იმ მახასიათებელ აუცილებელ ელემენტს, როგორიცაა მართასაწინააღმდეგობა ზიანი და მიზეზობრივი კავშირი, ამასთან ანაზღაურდებოდა მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენდა ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ხოლო, თუ არ არსებობდა ზიანი, არ შეიძლებოდა დამდგარიყო ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

ქუთაისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების დადებიდან მის შეწყვეტამდე პერიოდის განმავლობაში ს.ხ-იდიზე, როგორც სამხედრო მოსამსახურისათვის, გაწეული ხარჯები, რაც მოიცავდა აღჭურვილობის, კვებისა და სწავლების ხარჯებს, წარმოადგენს ზიანს, ვინაიდან მიიჩნია, რომ ამ ხარჯების გაწევა სამინისტროს ევალებოდა, რომლის სანაცვლოდაც ს.ხ-იდი, როგორც სამხედრო მოსამსახურე, იმყოფებოდა მუდმივ მზადყოფნაში.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ ს. ხ-იდის მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით გამოწვეული ზიანი შეადგენს ახალი სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე გასაწევ ხარჯებს და ამ მოქმედებით გამოწვეული ქონებრივი დანაკლისის არსებობას, ვინაიდან მიიჩნია, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელეს არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, მართალია, განსახილველ შემთხვევაში ს. ხ-იდიმ კონტრაქტი ვადაზე ადრე შეწყვიტა, მაგრამ ამ მოქმედებას არ გამოუწვევია ზიანი, რაც გამოიწვევდა მის ქონებრივ პასუხისმგებლობას.

ვაინაიდან თავდაცვის სამინისტრომ, თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად მიუთითა 2006 წლის 21 მარტის ¹99 ცნობაზე, სადაც დაფიქსირდებულია ს.ხ-იდის მიერ შრომის ანაზღაურების სახით აღებული თანხები, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულება არ შეიძლება ჩაითვალოს იმის დასადასტურებლად, რომ ეს თანხები წარმოადგენენ კონტრაქტის შეწყვეტით მიყენებულ ზიანს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი. კასატორის მოსაზრებით, მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი სავარაუდო ზიანი, ვინაიდან კონტრაქტის 8.2, 8.3 და 8.4 მუხლებს, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ზიანის მოთხოვნის შესაძლებლობაზე, იგი იცნობდა.

კასატორის მოსაზრებით, საგულისხმოა, რომ კონტრაქტის დადებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტერესი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინებული, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით უზრუნველყოფა. მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის დარღვევით ვერ მიაღწიეს შედეგს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ფაქტობრივად უშედეგოდ დაიხარჯა. როდესაც სამხედრო მოსამსახურე ვადაზე ადრე შეწყვეტს კონტრაქტს, აუცილებელია მოხდეს გათავისუფლებული ადგილის შევსება, ხოლო ამ ყველაფერს დამატებით თანხები ესაჭიროება, თუნდაც ეს იყოს ხელფასი და სხვა სახის დანამატები. სწორედ აქედან გამომდინარეობს თავდაცვის სამინისტროსადმი მიყენებული ზიანი, რადგან ახალი სამხედრო მოსამსახურის გაწრთვნა დამატებით და ახალ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავა არ განეკუთვნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის დავის საგანია ს. ხ-იდის, როგორც სამხედრო მოსამსახურის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თავდაცვის სამინისტროსა და ს. ხ-იდის შორის სადავო ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი, რომლის 3.1 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად იმსახუროს სამინისტროს ქვედანაყოფებში, ხოლო სამინისტრო ვალდებულია, გადაუხადოს სამხედრო მოსამსახურეს შეთანხმებული ხელფასი და უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. სადავო არ არის, რომ აღნიშნული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რამდენადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დადებულია თავისი საჯარო უფლებამოსილების განხორციელების _ სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით.

საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ს. ხ-იდის შორის 2005 წლის 30 მარტს დაიდო ხელშეკრულება (კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. ხელშერულების 3.1 მუხლის თანახმად, ს. ხ-იდის, როგორც სამხედრო მოსამსახურის სამსახურის ვადა შეადგენდა 4 წელს, რომელიც აითვლებოდა ხელეკრულების გაფორმების თარიღიდან ანუ 2005 წლის 30 მარტიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ¹882 ბრძანებით სერჟანტი ს. ხ-იდი 2006 წლის 21 თებერვლიდან დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა გამომდინარეობს სწორედ კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობიდან, კერძოდ, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის დადებული 4-წლიანი კონტრაქტი მოპასუხის სურვილით შეწყდა. ამდენად, მოსარჩელე სადავოდ ხდის ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობების შესრულებას, რაც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტისა და 251 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული დავის საგანია.

ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ემყარება სამოქალაქო კოდექსის ნორმებს, არ ნიშნავს, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ამის გამო კერძოსამართლებრივ შინაარსს იძენს. დავის არსის გათვალისწინებით სადავო ურთიერთობის სამართლებრივი საფუძვლების სწორად განსაზღვრა სასამართლოს ვალდებულებაა და ამ შემთხვევაში სასამართლო მხარის მიერ დასახელებული სამართლის ნორმებით არ არის შებოჭილი. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის V თავი (“ადმინისტრაციული ხელშეკრულება”) სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენებას ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ სრულიად დასაშვებად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში მოთხოვნის საფუძვლიანობის განსასაზღვრად ძირითადი და გადამწყვეტია, პირველ რიგში შეფასდეს სწორედ მხარეთა შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობები, ასევე ადმინისტრაციული კანონმდებლობის _ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის, “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების მოთხოვნები. მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნორმების გამოყენების შემდეგ არის შესაძლებელი, გაირკვეს მოთხოვნის სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან შესაბამისობა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმე განხილულია საგნობრივი განსჯადობის წესების დარღვევით და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 იანვრის განჩინება;

საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.