Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-282-611-07 22 თებერვალი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

სხდომის მდივანი _ ეკატერინე ხაჩიძე

კასატორი – სს “ს-ის” ლიკვიდატორი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ს. რ.” (მოსარჩელე)

დავის საგანი – თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს “ს. რ-ის” გენერალურმა დირექტორმა 2005 წლის თებერვალში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს “ს-ის” მიმართ და მოითხოვა შპს “ს. რ-ის” ბათუმის ტერიტორიულ სამმართველოსა და სს “ს-ს” შორის 2002 წლის 28 ივნისს დადებული ¹353-ა ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის 150000 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ სს “ს-სა” და შპს “ა-ს” შორის 2002 წლის 28 ივნისს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს “ა-მა” სს “ს-დან” აიღო კრედიტი სს “უ-ში” ინვესტიციის განხორციელების მიზნით. სს “ს-სა” და შპს “ს. რ-ის” ბათუმის ტერიტორიულ სამმართველოს შორის 2002 წლის 28 ივნისს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით შპს “ს. რ-ის” ბათუმის ტერიტორიულმა სამმართველომ იკისრა ვალდებულება სს “ს-ის” წინაშე, რომ შეასრულებდა შპს “ა-ის” 2002 წლის 28 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ყველა ვალდებულებას. მოსარჩელის მითითებით, ზემოაღნიშნული თავდებობის ხელშეკრულება უკანონოა და შეუძლებელია ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს “ს. რ-ს” წარმოეშვას რაიმე ვალდებულება სს “ს-ის” მიმართ. მოსარჩელის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლისა და საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-2 მუხლის “ჭ” პუნქტის შესაბამისად იურიდიულ პირს წარმოადგენს შპს “ს. რ.” და არა შპს “ს. რ-ის” ბათუმის ტერიტორიული სამმართველო და შესაბამისად ნ. ვ-ის მიერ შპს “ს. რ-ის” ბათუმის ტერიტორიულ სამმართველოს სახელით დადებული გარიგება, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ დადებული გარიგება, არის ბათილი. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ შპს “ს. რ-ის” მართვის ერთ-ერთი ორგანო არის სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო “მეწარმეთა შესახებ” კანონის 55.9 მუხლის “ზ” პუნქტის თანახმად დაუშვებელია სესხებისა და კრედიტების უზრუნველყოფა სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის გარეშე. მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული გარიგება დადებულია არაუფლებამოსილ პირთან, მოსაჩვენებლად იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა და თავიდანვე გამიზნული იყო რ-ის თანხების მითვისებისაკენ, რაც გამოიხატება იმაში, რომ ბანკი პირველივე თვეებიდან იწყებს რ-ის ტერიტორიული სამმართველოს ანგარიშებიდან ძირითადი ხელშეკრულების საპროცენტო თანხების თვითნებურად ჩამოჭრას და წაღებას ისე, რომ ძირითად მოვალეს შპს “ა-ს” ერთხელაც არ უყენებს პრეტენზიას. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხე ორგანიზაციამ ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, თვითნებურად მიითვისა ს. რ-ის კუთვნილი 150000 ლარი, რომელიც უნდა აანაზღაუროს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისათვის.

სს “ს-ის” ლიკვიდატორმა 2005 წლის ივლისში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს “ს. რ-ის” ბათუმის ტერიტორიულ სამმართველოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 833515 აშშ დოლარის გადახდა სს “ს-ის” სასარგებლოდ. მოსარჩელის მითითებით, სს “ს-სა” და შპს “ა-ს” შორის 2002 წლის 28 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად მსესხებელმა მიიღო სესხად 700000 აშშ დოლარი, სესხის უზრუნველყოფის მიზნით სს “ს-სა” და შპს “ს. რ-ის” ბათუმის ტერიტორიულ სამმართველოს შორის გაფორმდა ¹353-ა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა აიღო ვალდებულება კრედიტორის წინაშე შპს “ა-ის” 2002 წლის 28 ივნისის ¹535 საკრედიტო ხელშეკრულებიდან ყველა ვალდებულების შესრულების თაობაზე. შპს “ა.” კი არ ასრულებს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ზემოთმითითებული სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “ს. რ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სს “ს-სა” და შპს “ს. რ-ის ბათუმის ტერიტორიულ სამმართველოს შორის 2002 წლის 28 ივნისს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულება. მოპასუხე სს “ს-ს” შპს “ს. რ-ის” სასარგებლოდ გადახდა 150000 ლარი. სს “ს-ს” სარჩელში შპს “ს. რ-ის” ბათუმის ტერიტორიული სამმართველოს მიმართ თავდებობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულების სახით 833515 აშშ დოლარის გადახდევინების შესახებ ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ს-ის” ლიკვიდატორმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებით სს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ 2002 წლის 28 ივნისს სს “ს-სა” და შპს “ა-ს” შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება. იმავდროულად სს “ს-სა” და შპს “ს.რ-ის” ბათუმის ტერიტორიულ სამმართველოს” შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება ზემოთმითითებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. ს. რ-ის ბათუმის ტერიტორიული სამმართველო არ წარმოადგენდა იურიდიულ პირს და იგი იყო შპს “ს. რ-ის” სტრუქტურული ერთეული. შპს “ს. რ-ის” ბათუმის ტერიტორიული სამმართველო სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა ფილიალადაც. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება იმის თაობაზე, რომ დამოუკიდებელი ანგარიშისა და საიდენტიფიკაციო ნომრის არსებობის გამო ტერიტორიული სამმართველო სამართლის სუბიექტს წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია იმის შესახებ, რომ შპს “ს. რ-ის” ბათუმის ტერიტორიული სამმართველო, რომელიც თავდებობის ხელშეკრულების დადების დღისთვის, 2002 წლის 28 ივნისისათვის ფილიალადაც კი არ იყო რეგისტრირებული “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით, მოკლებული იყო უფლებამოსილებას საკუთარი სახელით აეღო ვალდებულებები კრედიტების უზრუნველყოფის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 1995 წლის 13 იანვარს ს. რ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული წესდების 1.5 პუნქტის თანახმად სამმართველო წარმოადგენდა იურიდიულ პირს და იგი იყო სხვა საწარმოს დამფუძნებელი, აღნიშნული ვერ გახდება იმის მტკიცების საფუძველი, რომ 2002 წლის 28 ივნისს სამმართველო ისევ იურიდიული პირი იყო. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 1995 წლის 13 იანვარს ს. რ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ დამტკიცებულ წესდებაში სამმართველო იურიდიულ პირად იყო მოხსენიებული და სასამართლო დადგენილების თანახმადაც შპს “ა-ის” დამფუძნებლად მითითებული იყო ს. რ-ის დეპარტამენტის ბათუმის ტერიტორიული სამმართველო, იგი მაინც არ იყო იურიდიული პირი, ანუ კერძო სამართლის სუბიექტი და არ ჰქონდა საკუთარი სახელით სამართლებრივ ურთიერთობებში შესვლის უფლებამოსილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2002 წლის 28 ივნისს სამართლებრივ ურთიერთობებში შესვლის უფლება ჰქონდა შპს “ს. რ-ს”, რომელიც სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა ქ.თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 21 დეკემბრის დადგენილებით. შპს “ს. რ-ს” კი თავისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისათვის ნ. ვ-სათვის შპს “ს. რ-ზის” სახელით კრედიტის უზრუნველყოფის ხელშეკრულებების დადების უფლებამოსილება არ მიუნიჭებია. ასეთი უფლებამოსილების არსებობის შესახებ არცერთ მხარეს სასამართლოსათვის არ მიუთითებია, ამდენად მისი არსებობა სადავო არ არის. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ თანხა, რომელიც სს “ს-მა” უაქცეპტო წესით, ე.ი. წინასწარი თანხმობის გარეშე ჩამოწერა ბათუმის რ-ის სამმართველოს ანგარიშიდან არ წარმოადგენდა შპს “ს. რ-ის” საკუთრებას. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ბათუმის ტერიტორიული სამმართველო ეკუთვნოდა ს. რ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის ¹929 განკარგულების “საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციური მოწყობის შესახებ” და საქართველოს ქონების მართვის სამინიტროს 1998 წლის 21 დეკემბვრის ¹1-3/769 ბრძანების თანახმად სარკინიგზო ტრასპორტის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონება მთლიანად შევიდა შპს “ს. რ-ის” საწესდებო კაპიტალში, ე.ი. მას შემდეგ სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტის ყველა ტრუქტურული ერთეულის საბანკო ანგარიშზე არსებული ფული ეკუთვნოდა შპს “ს. რ-ს”. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პრაქტიკულად სს “ს-მა” შპს “ს. რ-ს” თანხა ჩამოაწერა იმ ვალდებულების შესასრულებლად, რომელც არ აუღია ბათუმის ტერიტორიულ სამმართველოსაც კი. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად ცნო ბათილად სადავო ხელშეკრულება, თუმცა შეცდომით გამოიყენა ამ ურთიერთობის დასარეგულირებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში დაიდო გარიგება არაუფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი ნებართვის გარეშე და ასეთი გარიგება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ასეთ^დარღვევას არ გამოუწვევია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ეს არ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია გარიგების ბათილად ცნობის შემდეგ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა უსაფუძვლო გამდიდრებად და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე; სწორად დააკისრა სს “ს-ს” შპს “ს. რ-ის” სასარგებლოდ 150000 ლარის გადახდა. სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა აპელანტის პოზიცია შპს “ს. რ-ის” მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რადგან სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შპს “ს. რ-ის” მოთხოვნა არ არის ხანდაზმული. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია სს “ს-ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილსა და სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ რადგანაც სადავო ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი, შპს “ს. რ-ს” აღარ ჰქონდა არც სახელშეკრულებო და არც კანონისმიერი ვალდებულებები სს “ს-ის” მიმართ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს “ს-ის” ლიკვიდატორმა ო. ბ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო “საქართველოს სარკინიგზო კოდექსს”, რომელიც მიღებულია 2002 წლის 28 დეკემბერს. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება დაყრდნობოდა ამ კოდექსს, რადგან გარიგების დადების დროს იგი არ არსებობდა. თავის მხრივ არსებული სამოქალაქო გარიგება დაიდო 2002 წლის 28 ივნისს ანუ მაშინ როცა ჯერ კიდევ მოქმედებდა “საქართველოს სარკინიგზო კოდექსის” 65-ე მუხლით გაუქმებული “სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ” კანონი, რომლის მიხედვითაც არსებობდა ს. რ-ის დეპარტამენტის ბათუმის ტერიტორიული სამმართველო. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე და საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს დებულების 1.5 პუნქტზე მითითებით კასატორმა განმარტა, რომ ეს სამმართველო წარმოადგენს იურიდიულ პირს, რაც ასევე დასტურდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციის და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობებით. კასატორის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაკმაყოფილდა მათი შუამდგომლობა შპს “ს. რ-ის” მიერ ნ.ვარშანიძის დანიშვნა-განთავისუფლების ბრძანებისა და ასევე იმ დოკუმენტაციის, თუ რა უფლებამოსილებით სარგებლობდა შპს “ს. რ-ის” ბათუმის ტერიტორიული სამმართველო, წარმოდგენის თაობაზე. მაგრამ შპს “ს. რ-მ” არ წარმოადგინა დოკუმენტაცია არც 2007 წლის 25 იანვრის და არც 2007 წლის 1 თებერვლის სასამართლო სხდომაზე. ამის გამო მათ სასამართლოს სთხოვეს გაენთავისუფლებინა ისინი მტკიცების ტვირთისაგან. კასატორისათვის გაურკვეველია სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, თუ რის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ, რომ შპს “ს. რ-ის” ტერიტორიული სამმართველოს სს “ს-ში” გახსნილი ჰქონდა ანგარიში და ის საკუთარი ქონების ორგანიზაციულ-სამართლებრივ წარმონაქმს არ წარმოადგენდა და დამოუკიდებლად, თავისი ქონებით და საკუთარი სახელით არ აგებდა პასუხს. კასატორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ჰქონდა თუ არა ნ.ვარშანიძეს ხელშეკრულებების დადების უფლებამოსილება, უნდა დაემტკიცებინა ს. რ-ის წარმომადგენელს, რადგან აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიიღო განჩინება და ეს განჩინება არ შეასრულა რ-მ. მათ სხვაგვარად ვერ შეძლეს ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის მოძიება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც გარიგების წარმოშობის დროს არ არსებობდა, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ სს “ს-ის” ლიკვიდატორის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს “ს-სა” და შპს “ა-ს” შორის 2002 წლის 28 ივნისს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს “ს-სა” და შპს “ს. რ-ის ბათუმის ტერიტორიულ სამმართველოს” შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად თავდები შპს “ს. რ-ის ბათუმის ტერიტორიული სამმართველო” იღებდა ვალდებულებას შეესრულებინა 2002 წლის 28 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ყველა ვალდებულება (ს.ფ. 6-7).

სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის და “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-2 მუხლის შინაარსი მიუთითებს იმაზე, რომ იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეწარმეო საქმიანობა, აგრეთვე მისი ფილიალი უნდა შეიქმნას “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს “ს. რ.”, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 1998 წელს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მხოლოდ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული საწარმო წარმოადგენს იურიდიულ პირს და სამართლებრივ ურთიერთობებში გამოდის როგორც კერძო სამართლის სუბიექტი. საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ “ს. რ-ის ბათუმის ტერიტორიული სამმართველო” იურიდიულ პირად რეგისტრირებული არ ყოფილა “მეწარმეთა შესახებ” კანონის მოთხოვნათა დაცვით, იგი არ იყო რეგისტრირებული არც საწარმოს ფილიალად “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საწარმოს შეუძლია დაარსოს ფილიალები, რომლებიც იურიდიულ პირს არ წარმოადგენენ. ფილიალის შექმნის შესახებ ეცნობება საწარმოს ადგილსამყოფლის მიხედვით არსებულ სასამართლოს, რომელიც რეგისტრაციისათვის საბუთებს უგზავნის ფილიალის ადგილსამყოფლის მიხედვით არსებულ სასამართლოს. ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ “ს. რ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტის ბათუმის ტერიტორიული სამმართველო” მისი წესდების 1.5 პუნქტის თანახმად წარმოადგენს იურიდიულ პირს, უსაფუძვლოა და მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც სამოქალაქო კოდექსი, ასევე “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი ცალსახად განსაზღვრავს, რომ მხოლოდ კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული საწარმო წარმოადგენს იურიდიულ პირს. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 2.5 მუხლის თანახმად საწარმოს რეგისტრაცია სავალდებულოა. საწარმო, როგორც ამ კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, ამასთან, მხოლოდ ამავე კანონის 2.1 მუხლით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. სხვა არც ერთი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა სამეწარმეო საქმიანობის სფეროში არ ჩაითვლება იურიდიულ პირად.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მათ ვერ მოიძიეს დოკუმენტაცია შპს “ს. რ-ის” ბათუმის ტერიტორიული სამმართველოს უფლებამოსილების შესახებ და სასამართლოს მიმართეს თხოვნით მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლების თაობაზე. კასატორის ეს მოტივიც მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი განამტკიცებს სამეწარმეო რეესტრის საჯაროობას. სადავო თავდებობის ხელშეკრულებისчდადების დროს _ 2002 წლის 28 ივნისისათვის მოქმედი “მეწარმეთა შესახებ”удკანონის 4.4 მუხლის თანახმად ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს სამეწარმეო რეესტრს და მიიღოს რეესტრის ამონაწერები. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდრე კერძო პირი ან საწარმო რაიმე ხელშეკრულებას დადებს სხვა საწარმოსთან, მას შეუძლია მიიღოს კონტრაჰენტის საწარმოს შესახებ სრული ინფორმაცია.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად სწორად მიუთითა, რომ იგი როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ დადებული გარიგება ბათილია.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმების, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე. ამ ნორმის თანახმად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. სააპელაციო სასამართლომ ამ ნორმის შესაბამისად სწორად ჩათვალა საფუძვლიანად სს “ს-სათვის” შპს “ს. რ-ის” სასარგებლოდ 150000 ლარის გადახდის დაკისრება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს “ს-ის” ლიკვიდატორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.