¹ას-284-606-09 1 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ. ს-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ს-ძემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2007 წლის 9 ივლისის ¹657-კ ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინებით ნ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2007 წლის 20 მარტის ¹348-კ ბრძანებით ნ. ს-ძე დაინიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში იურისტის თანამდებობაზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2007 წლის 9 ივლისის ¹657-კ ბრძანებით ნ. ს-ძე 2007 წლის 6 ივლისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
ნ. ს-ძე გათავისუფლდა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹835 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
2007 წლის 6 ივლისიდან ნ. ს-ძეს თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება არ განუხორციელებია.
ნ. ს-ძეს მიღებული აქვს ერთი თვის შრომის ანაზღაურება დამსაქმებლისაგან.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის ის მოსაზრება, რომ მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია, რადგან სშკ მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პირთა განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან და მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაწომიერი და აუცილებელი საშუალება. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტის გათავისუფლება სამუშაოდან მის დისცრიმინაციად არ ჩაითვლება, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ განხორციელდა შრომითი ხელშეკრულების მოშლა, რაც განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, აღნიშნული კი დამსაქმებლისათვის არ ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებზე მითითებას. შესაბამისად, პალატის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ იყო ვალდებული, მიეთითებინა გათავისუფლების საფუძვლებზე.
აპელანტის ის მოსაზრება, რომ საქალაქო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა შრომის კოდექსის 52.2 მუხლის ანალოგიით, პალატამ არ გაიზიარა, რადგან აღნიშნული ნორმა შეეხება ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შემთხვევაში, დასაქმებულის შრომით გარანტიებს, კერძოდ, მის სამუშაოზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას. განსახილველ შემთხვევაში კი დასაქმებულთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა ადმინისტრაციის მხრიდან შრომის ხელშეკრულების მოშლით, რასაც პირდაპირ ითვალიმსწინებს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი, რის გამოც პალატის განმარტებით, არ არსებობს კანონის ანალოგიის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ს-ძემ.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რადგან მან დასაბუთებაში მიუთითა, რომ არ იყო ვალდებული დამსაქმებელი მისთვის დაესაბუთებინა განთავისუფლების მიზეზები, როდესაც საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილი ამბობს – „შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“.
კასატორი მიიჩნევს რომ, საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის პრაქტიკულად ასეთი დამკვიდრება დასაბუთების გარეშე სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე არ არის კანონიერი და წარმოადგენს ამ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველს.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ ფაქტობრივი თვალსაზრისით შემოწმებისას არ გაითვალისწინა ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ სააგენტოს თავმჯდომარემ განთავისუფლების ბრძანებაში მითითება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება ¹835 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების მე-5 მუხლის „დ“ და „მ“ ქვეპუნქტები. „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულების დადებას და განსაზღვრავს მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობას.
კასატორის განმარტებით, მისი განთავისუფლების მომენტისათვის არსებობდა და დღესაც არსებობს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში იურისტის ერთი შტატი, რომელზეც სხვა პიროვნება აგრძელებს მუშაობას.
კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. ს-ძე 2007 წლის 20 მარტს დაინიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში იურისტის თანამდებობაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2007 წლის 9 ივლისის ბრძანებით იგი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ამ დღიდან მას სამსახურებრივი უფლებამოსილება აღარ განუხორცელებია.
უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებაში ნ. ს-ძის განთავისუფლების საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი. ამ ნორმის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება. პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმა არეგულირებს არა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებს, არამედ მასში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცედურაზე, რაც უნდა შესრულდეს დამსაქმებლის ინიციატივით ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში. აღნიშნული ნორმის საფუძველზე შეუძლებელია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
ყველა ის პირობა, რაც შეიძლება საფუძველი გახდეს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისა, მოცემულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლში. მითითებულ ნორმა განსაზღვრავს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებს და ნებისმიერ შემთხვევაში დასაქმებულის გათავისუფლება უნდა მოხდეს ამ ნორმაში მითითებული რომელიმე საფუძვლით. სადავო ბრძანებიდან კი არ ირკვევა, თუ კანონმდებელობით გათვალისწინებული, რომელი საფუძვლით იქნა გათავისუფლებული ნ. ს-ძე სამსახურიდან. აღნიშნული გარემოების თაობაზე არ უმსჯელია სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია შეფასდეს ნ. ს-ძის განთავისუფლების ფაქტის კანონთან შესაბამისობის საკითხი. პალატა მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების დასაბუთება არასრულია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს ნ. ს-ძის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ს-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის გაიგზავნოს იმავე სამართლოში.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.