ას-285-614-07 14 მაისი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შ. დ-ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში _ მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. მ-იEE(ძირითადი სარჩელში _ მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება, შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. მ-ს მიმართ და მოითხოვა განქორწინების დღიდან შვილის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ალიმენტის _ მისი ხელფასის 25%-ის ყოველთვიურად დაკისრება და ადვოკატის მომსახურების ხარჯების _ 150 ლარის ანაზღაურება.
ი. მ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. დ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. მ-ს ა. მა-ს სასარგებლოდ 2006 წლის 27 ნოემბრიდან დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის _ შემოსავლის 25%-ის გადახდა, ი. მ-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, მას ა. მ-თან ურთიერთობისათვის განესაზღვრა დრო ყოველი შაბათი დღის 18 საათიდან კვირა დღის 18 საათამდე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შ. დ-მა ნაწილობრივ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის განჩინებით შ. დ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაზეც ამ უკანასკნელმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით შ. დ-ს საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადა მის გამოსასწორებლად, სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოსადგენად. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყებით დასტურდება, რომ ხარვეზის განჩინება შ. დ-მა ჩაიბარა 2007 წლის 18 აპრილს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მას ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შ. დ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით შ. დ-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და კასატორს მიეცა ხარვეზის განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა მის გამოსასწორებლად.
საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, შ. დ-ს საკასაციო სასამართლოს გზავნილი ჩაბარდა 2007 წლის 18 აპრილს. აღნიშნულის მიუხედავად, მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ. დ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ. დ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.