საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-286-543-08 29 ოქტომბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “პ” (მოსარჩელე)
დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს “პ-ს” სახელით ა. ს-ემ გადახდის ბრძანების მიღების შესახებ მოთხოვნით განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ 2002 წლის 3 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარ სამმართველოსა და შპს “პ-ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე ვალდებული იყო, სამხედრო ნაწილების პირადი შემადგენლობისათვის გაეწია აბანო-სამრეცხაო მომსახურება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ შპს “პ-მ” შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რაც დადასტურდა 2006 წლის 28 თებერვლის მხარეთა შორის შედარების აქტით, რომლითაც აღიარებული იყო, რომ 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით თავდაცვის სამინისტროს გააჩნდა შპს “პ-ს” დავალიანება 8053,11 ლარის ოდენობით, მაგრამ, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხე თავს არიდებდა დავალიანების გადახდას.
2007 წლის 21 მაისის გადახდის ბრძანებით შპს “პ-ს” განცხადება დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაეკისრა 8053,11 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის – 242 ლარის გადახდა.
გადახდის ბრძანებაზე შესაგებელი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელშიც მოთხოვნა არ ცნო და მოითხოვა მისი სასარჩელო წესით განხილვა იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, იგი ძალაში შედიოდა მხარეთა ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საზახინო სამსახურში რეგისტრაციის დღიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ივნისის განჩინებით გადახდის ბრძანება გაუქმდა და დადგინდა შპს “პ-ს” მოთხოვნის საერთო სასარჩელო წესით განხილვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „პ-ს“ (დირექტორ ავთანდილ გვარჯალაძის) სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 8053.11 ლარის გადახდა შპს „პ-ს“ სასარგებლოდ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 341.1 მუხლის საფუძველზე არასწორად ჩათვალა ვალის აღიარებად 2006 წლის 28 თებერვლის შედარების აქტი და სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2007 წლის 4 აპრილისა და 2007 წლის 4 ივლისის წერილები, ამდენად დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 102.3-ე მუხლები.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 129.2-ე მუხლი, არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სადავო ურთიერთობა განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ, ვინაიდან სადავო ურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან, ხოლო მოთხოვნას შეადგენს ხელშეკრულების შესრულება, კერძოდ, თანხის გადახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, კერძოდ, დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (დამკვეთი) და შპს “პ-ს” (შემსრულებელი) შორის 2002 წლის 3 იანვარს დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს “პ” იღებდა სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის აბანო-სამრეცხაო მომსახურების ვალდებულებას. შესრულებული სამუშაოს ღირებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა გადაეხადა უნაღდო ანგარიშსწორების წესით ანგარიშფაქტურის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2002 წლის 31 დეკემბრამდე.
აღნიშნული ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა ორჯერ. პირველად 2003 წლის 1 ივლისამდე, მეორედ 2003 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მხრიდან სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ შპს “პ-ს” შესრულებული აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო.
კასატორი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფროსის 2007 წლის 4 აპრილის და 4 ივლისის წერილები არ წარმოადგენენ ვალის აღიარებას.
ამასთან ერთად კასატორი აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან საქმეში მოიპოვება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ¹18-01-12/265/2589 03.07.2007 წლის წერილი დანართებით, საიდანაც დგინდება, რომ მას შპს “პ-სთან” დაფარული აქვს ვალდებულება.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ საქმე განიხილა არაკანონიერმა შემადგენლობამ, რადგან აღნიშნული საქმე წარმოადგენს ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯად საქმეს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, ვალის არსებობის აღიარება წარმოადგენს ცალმხრივ, აბსტრაქტულ ხელშეკრულებას, ამდენად ვალის აღიარებას ახასიათებს ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულების ყველა ნიშანთვისება იმ თავისებურების გათვალისწინებით, რაც მოცემულია განსახილველ ნორმაში.
ამდენად, კონკრეტული სამართალურთიერთობიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ ვალის არსებობის აღიარებისათვის არ არის საკმარისი სამართალურთიერთობის მხარეთა მიერ მხოლოდ მათ შორის წარსულში წარმოშობილი ვალდებულების კონსტანტაცია, უნდა არსებობდეს ისეთი წინაპირობები, რომლებიც მიუთითებენ მომავალში კონკრეტულ შემთხვევაში უკვე არსებული სამართალურთიერთობის მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რადგან კასატორი უთითებს იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რაც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფროსის 2007 წლის 4 აპრილისა და 4 ივლისის წერილების შეუფასებლობაში, რამაც გამოიწვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის არასწორად გამოყენება და განმარტება.
ამასთან ერთად საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა შეფასებული საქმეში წარმოდგენილი და კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ¹18-01-12/265/2589 03.07.2007 წლის წერილი დანართებით, საიდანაც, კასატორის მოსაზრებით დგინდება, რომ მას შპს “პ-სთან” დაფარული აქვს ვალდებულება.
აღნიშნული წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, კერძოდ, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა შეაფასოს და გამოარკვიოს დგინდება თუ არა საქართველოს დავდაცვის სამინისტროს შპს “პ-ს” მიმართ არა მხოლოდ წარსულში წარმოშობილი ვალდებულების, არამედ მომავალში მოვალის მიერ ამ ვალდებულების შესრულების ფაქტი.
ამასთან ერთად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმეში არსებული და საკასაციო საჩივარში მითითებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ¹18-01-12/265/2589 03.07.2007 წლის წერილი დანართებით და გამოარკვიოს შესრულებული აქვს თუ არა კასატორს შპს “პ-ს” მიმართ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.