¹ას-286-608-09 22 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ თ. ე-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “საქგაზმშენსერვისი” (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დმანისის რაიონის გამგეობამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „საქგაზმშენსერვისის“ მიმართ და აღნიშნა, რომ დმანისის რაიონის გამგეობასა და შპს „საქგაზმშენსერვისს“Eშორის 2005 წლის 11 ოქტომბერს დაიდო ¹97 ხელშეკრულება, რომლის თანახმად უნდა შესრულებულიყო სოფლების_ განთიადისა და ჯავახეთის გაზიფიკაციის სამუშაოები. გამგეობის მიერ 2005 წლის 31 აგვისტოს გამოცხადებული ღია ტენდერის შესაბამისად, სამუშაოების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 480.904 ლარს. აღნიშნული სამუშაოები უნდა დამთავრებულიყო 2005 წლის 31 დეკემბერს. ხელშეკრულების 12.5 მუხლის თანახმად, შეთანხმებულ ვადაში (2005 წლის 30 დეკემბერს) სამუშაოების დაუმთავრებლობის შემთხვევაში, მოპასუხე ვალდებულებას კისრულობდა, გადაეხადა პირგასამტეხლო საერთო თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს დღეში 480 ლარს. მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 12 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ ამ დროისათვის შესრულებული იყო სამუშაოების მხოლოდ 75%, ხოლო მთლიანად სამუშაოები დასრულდა 2006 წლის 30 ივნისისათვის, ანუ ვადა გადაცილდა 180 დღით. შესრულებული სამუშაოებისათვის დაიხარჯა 86.400 ლარი.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ტენდერში წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით გაზმომარაგების სამუშაოები შპს „საქგაზმშენსერვისს“ უნდა შეესრულებინა 480,9 ლარად, კერძოდ, სოფელ განთიადის გაზმომარაგების სამუშაოები – 320,4 ათას ლარად, ხოლო სოფელ ჯავახეთის – 160,5 ათას ლარად; შესრულებული სამუშაოების (ფორმა ¹2) აქტების მიხედვით სოფელ განთიადის გაზმომარაგებაზე შესრულებულია 256,4 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები და – 268,9 ლარის სამუშაოები. მოსარჩელემ ასევე მიუთითა საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 28 ივნისის ¹279/47 აქტზე და განმარტა, რომ აღნიშნულითაც დასტურდება წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებში თანხების ხელოვნურად – 23.900 ლარით გაზრდა.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულებაში შეტანილია 34.100 ლარის ღირებულების მილები, რომლებიც მოპასუხეს უფასოდ გადაეცა სოფელ განთიადის საკრებულოს მიერ 2005 წლის 20 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით და იგი, შპს „საქგაზმშენსერვისის“ 2005 წლის 12 დეკემბრის წერილის თანახმად, შესრულებული სამუშაოების აქტში უნდა ასახულიყო ფასის გარეშე ან მასალის უკან დაბრუნებით.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ მოპასუხის – შპს „საქგაზმშენსერვისის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებლად, დმანისის რაიონის გამგეობის მიერ გადასახდელია – 90.904 (480.904-390.000=90.904) ლარი.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელე დმანისის რაიონის გამგეობამ, აღნიშნა, რომ მოპასუხე ვალდებულია, გადაიხადოს პირგასამტეხლო – 86.400 ლარი, ფორმა ¹2-ში ზედმეტად ასახული თანხები – 23.900 ლარის ოდენობით და მილების ღირებულება – 34.100 ლარი. აღნიშნული თანხების ჯამი შეადგენს 144.400 ლარს, რომელსაც. მოსარჩელის განცხადებით, უნდა გამოაკლდეს საწარმოს მიერ შესრულებული სამუშაოებისათვის გადასახდელი, გამგეობის მიერ ჯერ კიდევ აუნაზღაურებელი – 90.904 ლარი და საბოლოოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 53.496 ლარის გადახდა.
ამ გარემოებებზე მითითებით, მოსარჩელემ მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხე შპს „საქგაზმშენსერვისს“ დაეკისროს 53.496 ლარის გადახდა.
მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი შესრულებული სამუშოების ღირებულების დროულად გადახდის ვალდებულება. ამის გარდა, გამგეობის დადგენილებით, ექსტრემალური კლიმატური პირობების გამო, დაკონსერვდა სამშენებლო სამუშაოები, არ არსებობს შპს “საქგაზმშენმრეწვსერვისის” მიმართ ხელშეკრულების 12.5 მუხლით გათვალისწინებული სანქციის (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის სახით 0,1%-ის დაისრების) გამოყენების საფუძველი და, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდესის 417-ე, 419-ე მუხლებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძვლები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით დმანისის რაიონის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მის სასარგებლოდ შპს „საქგაზმშენსერვისს“ დაეკისრა 34.100 ლარის გადახდა, შპს „საქგაზმშენსერვისს“ ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 1023 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და შპს “საქგაზმშენსერვისმა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შპს “საქგაზმშენსერვისის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება დმანისის რაიონის გამგეობის სარჩელის დაკმაყოფილების - შპს საქგაზმშენსერვისისათვის“ 34.100 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დმანისის რაიონის გამგეობის მიერ 2005 წლის 31 აგვისტოს გამოცხადებულ ღია ტენდერზე სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით გაიმარჯვა შპს „საქგაზმშენსერვისმა“, აღნიშნულის შედეგად დმანისის რაიონის გამგეობასა და შპს „საქგაზმშენსერვისს“ შორის 2005 წლის 11 ოქტომბერს დაიდო ¹97 ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „საქგაზმშენსერვისს“ უნდა ჩაეტარებინა დმანისის რაიონის სოფლების – განთიადისა და ჯავახეთის გაზიფიკაციის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები; ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 480.904 ლარით; ხელშეკრულების 6.1 დუნქტის მიხედვით, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები თანამიმდევრულად უნდა შესრულებულიყო და ამ სამუშაოთა შესრულების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2005 წლის 30 დეკემბერი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ დმანისის რაიონის სოფლების – განთიადისა და ჯავახეთის, გაზიფიკაციის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში – 2005 წლის 30 დეკემბრისათვის არ დასრულებულა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება დმანისის რაიონის გამგეობის სარჩელის – შპს „საქგაზმშენსერვისისათვის“, ვალდებულების ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს სახით – 86.400 ლარის დაკისრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიუთითა, რომ მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები ნარდობის შესახებ; სააპელაციო პალატამ განმარტა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ შპს “საქგაზმშენსერვისის” მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების - სოფლების, განთიადისა და ჯავახეთის გაზიფიკაციის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მოსახლეობის გარკვეული ნაწილის წინააღმდეგობით მათ საცხოვრებელ სახლებთან გაყვანილობის მონტაჟის დროს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვალდებულების შეთანხმებულ ვადაში შეუსრულებლობა ასევე განპირობებული იყო კრედიტორის – დმანისის რაიონის გამგეობის მიზეზით, რომ მან არ შეასრულა ხელშეკრულების 9.4.1 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება შპს “საქგაზმშენსერვისისათვის” შესრულებულ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოთა ღირებულების დადგენილ ვადებში ანაზღაურების თაობაზე, კერძოდ, დადასტურებულად ცნო, რომ 2005 წლის 29 დეკემბრისათვის, სამუშაოთა დასაწყისიდან საანგარიშო თვის ჩათვლით, შესრულებული იყო 363.000 ლარის ღირებულების სამუშაოები; გამგეობის მიერ საანგარიშო თვეში საწარმოსათვის გადასახდელი 85.000 ლარი გადახდილ იქნა მხოლოდ 2006 წლის 2 მარტს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შპს „საქგაზმშენსერვისის“ მიერ სამუშაოთა დაუსრულებლობა გამოწვეული იყო ასევე კლიმატური პირობების გამო, რამაც ხანგრძლივი დროით შეაფერხა სამუშაოები. საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 28 ივნისის 3279/47 აქტი წარმოადგენს 2003 წლის 1 მაისიდან 2006 წლის 1 აპრილამდე პერიოდის კომპლექსური რევიზიის შედეგად მაკონტროლებელი ორგანოს მიერ დმანისის რაიონის გამგეობაში და საფინანსო განყოფილებაში ჩატარებული რაიონული ბიუჯეტის შედგენა-შესრულების მდგომარეობის ამსახველ დასკვნას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად ცნო, რომ შპს „საქგაზმშენსერვისს“ გაზიფიკაციის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოებისათვის სოფელ განთიადის თემის საკრებულოს მიერ, 2005 წლის 20 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცა 100 მმ დიამეტრის 369 გრძივი მეტრის, 80 მმ დიამეტრის 474 გრძივი მეტრისა და 50 მმ დიამეტრის 3177 გრძივი მეტრის მილები ღირებული 34.117 ლარად. აღნიშნული მილები გადაეცა შესაბამისი ანაზღაურებით იმ პირობით, რომ მითითებული თანხა მხარეთა შორის საბოლოო ანგარიშსწორებისას უნდა გამოკლებოდა დმანისის რაიონის გამგეობის მიერ შპს „საქგაზმშენსერვისისათვის“ შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით ასანაზღაურებელ თანხას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, ვინაიდან მხარეებს შორის არ შემდგარა საბოლოო ანგარიშსწორება და, შესაბამისად, დმანისის რაიონის გამგეობას ასანაზღაურებელი აქვს შპს „საქგაზმშენსერვისისათვის“ ამ უკანასკნელის მიერ შესრულებულ სამუშაოთა დარჩენილი ნაწილის ღირებულება, მხარეთა წინასწარ შეთანხმების მიხედვით, საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელებისას აღნიშნულ თანხას უნდა გამოაკლდეს შპს „საქგაზმშენსერვისისათვის“ სამუშაოთა წარმოებისას გადაცემული მილების ღირებულება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლი. ამასთან, არასწორად განმარტა კანონი მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას, კერძოდ, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დმანისის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებით მოპასუხეს გადაეცა მილები, რომელთა ღირებულებაც შემდგომში უნდა ანაზღაურებულიყო. აქედან გამომდინარე, მოპასუხის მხრიდან არსებობს ვალდებულება მილების ანაზღაურების შესახებ, რაც სასამართლომ არ გაიზიარა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დადგენილ ვადებში სამუშაოების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ბუნებრივი პირობების, დიდთოვლობის გამო, რასაც ითვალისწინებს 2005 წლის 11 ოქტომბრის ¹97 ხელშეკრულების 14.1 მუხლი, მაგრამ სასამართლოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია იმავე ხელშეკრულების 14.3 მუხლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “საქგაზმშენსერვისისათვის” მილების ღირებულების ასანაზღაურებლად 34100 ლარის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “საქგაზმშენსერვისს”, გაზიფიკაციის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოებისათვის, სოფელ განთიადის თემის საკრებულოს მიერ, 2005 წლის 20 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცა 100 მმ დიამეტრის 369 გრძივი მეტრის, 80 მმ დიამეტრიც 474 გრძივი მეტრისა და 50 მმ დიამეტრის 3177 გრძივი მეტრის მილები მთლიანი ღირებულებით 34 117 ლარი. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე აქტით დადგენილია ის გარემოება, რომ შპს “საქგაზმშენსერვისს” აღნიშნული მილები გადაეცა შესაბამისი ანაზღაურებით იმ პირობით, რომ მითითებული თანხა მხარეთა შორის საბოლოო ანგარიშწორებისას უნდა გამოკლებოდა დმანისის რაიონის გამგეობის მიერ შპს “საქგაზმშენსერვისისათვის” შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით ასანაზღაურებელ თანხას. ამ შეთანხმებას მხარეები სადავოდ არ ხდიან.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მონაწილეთა შორის საბოლოო ანგარიშსწორება არ განხორციელებულა და, მოსარჩელის განმარტებით, მას შესრულებული სამუშაოებისათვის მოპასუხისათვის გადასახდელი აქვს 90.904 ლარი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის პირველი ნაწილი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ამდენად, განსახილველი ნორმის თანახმად, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისას უნდა არსებობდეს ორი აუცილებელი წინაპირობა: ორივე პირი ერთმანეთისათვის ერთდროულად კრედიტორიც უნდა იყოს და მოვალეც, ე.ი. ორივეს ერთმანეთის მიმართ უნდა ეკისრებოდეს ვალდებულების შესრულება და ასევე დამდგარი უნდა იყოს ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. აღნიშნული ნორმის თანახმად, ეს ორი წინაპირობა უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ განხორციელდეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა. ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულების გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტულ დავაზე არ ვრცელდება ეს უკანასკნელი ნორმის დანაწესი (442-ე მუხლის მე-2 ნაწილი), რადგან მოპასუხე მხარს არ უჭერს გაქვითვას, ე.ი. არ არსებობს მისი ნება შესრულების ვადის დადგომამდე ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის შესახებ, რაც აუცილებელი პირობაა ამ ნორმით ურთიერთობის მოწესრიგებისათვის.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მილების ღირებულების დაკისრების შესახებ, დამოკიდებულია თვით მის მიერ მოპასუხისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების დარჩენილი ნაწილის გადახდაზე. მითითებული თანხა მხარეთა შორის საბოლოო ანგარიშწორებისას უნდა გამოკლებოდა დმანისის რაიონის გამგეობის მიერ შპს “საქგაზმშენსერვისისათვის” შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით ასანაზღაურებელ თანხას, ხოლო საბოლოო ანგარიშსწორება ჯერ არ შემდგარა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ კასატორი არ აყენებს საკასაციო პრეტენზიას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ხოლო, რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოპასუხის შესაგებლით დასტურდება მილების ანაზღაურების ვალდებულება, აღნიშნული არ ნიშნავს ვალდებულების შესრულების დროის დადგომას, კერძოდ, მოპასუხის შესაგებელში აღნიშნულია, რომ მილების ღირებულების თანხა შეტანილი იქნება საბოლოო ანგარიშწორების აქტში. ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ 34 117 ლარის ოდენობის მილების ღირებულების მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, რადგან ამ მოთხოვნის შესრულებას მხარეები უკავშირებდნენ საბოლოო ანგარიშსწორებას, რაც ჯერ არ განხორციელებულა.
კასატორი დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა ასევე აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა უსაფუძვლოა, რადგან სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 14.3 მუხლის შესახებ, რომლის თანახმად “დაუძლეველი გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება აღწერილობით გარემოებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ”. კასატორი აღნიშნავს, რომ ასეთი შეტყობინა საქმეში არ არსებობს. ამასთან ერთად კასატორი აღნიშნავს, რომ სამუშაოების შესრულების ვადამ 180 დღით გადააცილა, ამდენი ხნის მანძილზე არ შეიძლება სამუშაოების დაყოვნების მიზეზი გამხდარიყო დიდთოვლობა.
ამასთან მიმართებაში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობისას მოპასუხის ბრალეულობის არარსებობის მიზეზად სააპელაციო სასამართლო უთითებს არა მარტო კლიმატური პირობების არსებობას, რამაც ხანგრძლივი დროით შეაფერხა სამუშაოები, არამედ, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის წინააღმდეგობის ფაქტს, კერძოდ, სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ შპს “საქგაზმშენსერვისის” მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების - სოფლების, განთიადისა და ჯავახეთის გაზიფიკაციის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მოსახლეობის გარკვეული ნაწილის წინააღმდეგობით მათ საცხოვრებელ სახლებთან გაყვანილობის მონტაჟის დროს. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ცნო დმანისის რაიონის გამგეობის მიერ შექმნილი მაკონტროლებელი სპეციალური ინსპექტორების ჯგუფის 2006 წლის 12 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით. ხელშეკრულების 9.12. პუნქტის თანახმად, დმანისის რაიონის გამგეობის ვალდებულებას წარმოადგენდა მოპასუხისათვის გაზიფიკაციის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოთა წარმოებისათვის საჭირო ფრონტის მოწყობა, რაც მან ვერ უზრუნველყო.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვალდებულების შეთანხმებულ ვადაში შეუსრულებლობა ასევე განპირობებული იყო კრედიტორის - დმანისის რაიონის გამგეობის მიზეზით, რომ მან არ შეასრულა ხელშეკრულების 9.4.1 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება შპს “საქგაზმშენსერვისისათვის” შესრულებულ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოთა ღირებულების დადგენილ ვადებში ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ცნო 2005 წლის 29 დეკემბრის ცნობისა და 2006 წლის 2 მარტის ¹72 საგადასახადო დავალების საფუძველზე.
ამის გარდა მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად სააპელაციო პალატამ მიიჩნია ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შპს „საქგაზმშენსერვისის“ მიერ სამუშაოთა დაუსრულებლობა გამოწვეული იყო ასევე კლიმატური პირობების გამო, რამაც ხანგრძლივი დროით შეაფერხა სამუშაოები. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოებები დადგენილად მიიჩნია დმანისის რაიონის გამგეობის 2006 წლის 18 იანვრის ¹5 დადგენილების, დმანისის რაიონის გამგეობის მიერ შექმნილი მაკონტროლებელი სპეციალური ინსპექტორების ჯგუფის 2006 წლის 12 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტისა და საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 28 ივნისის ¹279/47 აქტის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა არ იყო გამოწვეული მისი ბრალით. ხოლო სამუშაოთა შესრულების დაყოვნების მიზეზების შეუტყობინებლობა არ შეიძლება გახდეს მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისას მისი ბრალის არსებობის და, შესაბამისად, ვადაგადაცილებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. ამდენად, გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხის არაბრალეულობას ადასტურებს არა მარტო კლიმატური პირობების არსებობის, არამედ, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის წინააღმდეგობის ფაქტიც, რაც დაადგინა სააპელაციო სასამართლომ და რომლის წინააღმდეგ არ არის მითითებული საკასაციო საჩივარში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.
კასატორი ვერ უთითებს ისეთ გარებოებებზე, რომლებიც კონკრეტული სადავო ურთიერთობის ზემოაღნიშნული თავისებურებებიდან გამომდინარე, გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ მითითებული კანონი არ დარღვეულა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.