Facebook Twitter

საქმე №390აგ-15 31 მარტი, 2016 წელი

ა-ი ვ., 390აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის განაჩენით ვ. ა-ი., - დაბადებული 19... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ვ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2013 წლის 28 ივნისიდან.

მასვე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით - „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული დანარჩენი უფლებები.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 ივნისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. 2015 წლის 21 სექტემბერს მსჯავრდებულმა ვ. ა-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვა და მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 მარტისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 ივნისის განაჩენებში შევიდა შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ვ. ა-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2013 წლის 28 ივნისიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 მარტისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 ივნისის განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. მსჯავრდებული ვ. ა-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მისთვის განსაზღვრული სასჯელი არ შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და იმის გათვალისწინებით, რომ ხასიათდება დადებითად, ჰყავს მცირეწლოვანი შვილები, ავადმყოფი მშობლები, ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

4. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენით ვ. ა-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და დანიშნული სასჯელი შეუმცირდა - 2 წლით, 8 წლიდან - 6 წლამდე, ახალი რედაქციის სანქციის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე, დანიშნული სასჯელის მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან შესაბამისობის თაობაზე და შეამციროს მისი ზომა.

5. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, მას უნდა შეუმცირდეს სასჯელი.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ვ. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი