ას-288-617-07 14 სექტემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “.. ..” თავმჯდომარე ზ.ნ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ე. კ-ე (მოპასუხე)
დავის საგანი _ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ .. ..“ თავმჯდომარე ზ. ნ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ე. კ-ის მიმართ და მოითხოვა 1624,4 აშშ დოლარის დაკისრება ლარებში. მოსარჩელის განმარტებით, ე. კ-ს დანგრეული ბინის სანაცვლოდ ამხანაგობის მიერ აშენებულ სახლში გადაეცა 85.5 კვადრატული მეტრი საერთო ფართის საცხოვრებელი ბინა. მოპასუხეს არ გადაუხდია ამხანაგობისათვის ამ უკანასკნელის მიერ გაწეული ხარჯები, კერძოდ: ფაქტობრივად აშენებულ და აღმასკომის გადაწყვეტილებით კუთვნილ ფართთა შორის სხვაობის ღირებულება 860 აშშ დოლარი, ავტონომიური გათბობისათვის 194,4 აშშ დოლარი, წყალმომარაგების მაგისტრალის კორპუსში შეყვანისათვის წილობრივი გადასახადი 80 აშშ დოლარი, ეზოს კეთილმოწყობის ხარჯი 40 აშშ დოლარი, ლიფტის მოწყობისათვის 125 აშშ დოლარი, გაზმომარაგების მაგისტრალის გაყვანის ხარჯი 85 აშშ დოლარი, ხარჯები სადარბაზოს ხმოვანი დაცვისათვის - 95 აშშ დოლარი.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ე. კ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 860 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში და 533 ლარის, სულ 2253 ლარის გადახდა. ეზოს კეთილმოწყობის, ავტონომიური გათბობის, ბინის ექსპლუატაციაში მიღებისა და ხმოვანი დაცვისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. კ-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა ძალაში იმ ცვლილებით, რომ სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტიდან ამოირიცხა ბოლო წინადადება „სულ (860 აშშ დოლარი = 1720 ლარს) 1720 + 533,3 = 2253,3 (ორი ათას ორას ორმოცდაცამეტი) ლარი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. კ-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწამრეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 12 ივლისის განჩინებით ე. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველა დაუბრუნდა იმავე პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ .. ..” სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ .. ..” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მის სასარგებლოდ ე. კ-ს დაეკისრა 300 ლარის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილბაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ .. ..” თავმჯდომარე ზ.ნ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლით: კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, კერძოდ, არ იმსჯელა ამხანაგობა “ .. ..”-ის წევრთა საერთო კრების 1992 წლის 15 სექტემბრის ოქმის თაობაზე. ამასათან, არასწორად განმარტა თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1993 წლის დადგენილებით დამტკიცებული “ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგური და კომერციული საბინაო მშენებლობის შესახებ” 9 ივლისის ¹... დებულება. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ასევე თბილისის მერიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტის 1996 წლის 27 მარტის ¹... განკარგულება. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი და უარყო ისეთი გარემოება, როგორიცაა ამხანაგობის უფლება მოითხოვოს ეზოს კეთილმოწყობაზე, გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის შეყვანაზე, ლიფტისა და სადარბაზოს საერთო კარის მოწყობაზე და ყველა სხვა სამუშაოზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მაისის განჩინებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ .. ..“ თავმჯდომარე ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ე. კ-მ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე წარმოადგინა თავისი მოსაზრება და მიუთითა, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ .. ..“ თავმჯდომარე ზ.ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ .. ..“ თავმჯდომარე ზ.ნ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ .. ..“ თავმჯდომარე ზ.ნ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (372 ლარის) 70% _ 260 ლარი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.