Facebook Twitter

ას-291-619-07 20 ივლისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

მ. ცისკაძე, რ. ნადირიანი

კასატორი _ ბ. გ-ე (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ქ. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. პ-ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ კ. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ ალიმენტის გადახდევინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. პ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. გ-ის მიმართ არასრულწლოვანი შვილების სარჩენად ერთჯერადად 1000 ლარისა და თითოეულ ბავშვზე ალიმენტის ოდენობის 400 ლარამდე გაზრდის შესახებ შემდეგი საფუძვლით: მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ შვილები _ გ. და კ. გ-ები. ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის სახით თითოეულ ბავშვზე 50 ლარის გადახდა. 2006 წლის იანვრიდან ბ.გ-ს ხელფასის ოდენობა გაეზარდა, რის შესაბამისად უნდა გაზრდილიყო ალიმენტის ოდენობაც.

ლანჩხუთის რაიონულმა სასამართლომ 2006 წლის 24 აგვისტოს, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ლ.პ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, ბ. გ-ს არასრულწლოვანი შვილების სარჩენად, ალიმენტის სახით 50 ლარის ნაცვლად, დაეკისრა თითოეულისათვის ყოველთვიურად 150 ლარის, ერთჯერადად კი _ 1000 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ლ. პ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. პ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, ბ. გ-ს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა თითოეულისათვის ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ბ. გ-მ შეიტანა საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება გარდა იმ ნაწილისა, რომლითაც მას ალიმენტის სახით თითოეულ ბავშვზე დაეკისრა 150 ლარის გადახდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განჩინებით ბ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა, ხოლო ამავე პალატის 2007 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. პ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2006 წლის 24 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა, ლ. პ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბ. გ-ს არასრულწლოვანი შვილების _ გ. და კ. გ-ების სასარგებლოდ დაეკისრა 300-300 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მოპასუხესვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 288 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბ. გ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე მისი დამტკიცების შესახებ შემდეგი პირობებით:

1. ბ. გ-ე კისრულობს ვალდებულებას, რომ შვილების _ გ. და კ. გ-ების სასარგებლოდ გადაიხდის ალიმენტს თვეში 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სასამართლოს მიერ მორიგების დამტკიცების დღიდან;

2. ბ. გ-ე ვალდებულია, რომ სასამართლოს მიერ მორიგების დამტკიცებიდან ათი თვის განმავლობაში დამატებით გადაიხადოს ალიმენტის დავალიანება 1250 (ათას ორას ორმოცდაათი) ლარი, თვეში 125 (ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით.

მხარეები გაეცნენ მორიგების პირობებს, ეთანხმებიან და აწერენ ხელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. მხარეებს განემარტათ, რომ, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. გ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 180 ლარის ოდენობით, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამასთან, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსახილველი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მხარეთა მორიგების შემთხვევაში, მხარეებს თანაბარწილად დაეკისრებათ სახელმწიფო ბაჟის კანონით გათვალისწინებული ოდენობის ნახევარი. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა ბ. გ-მ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 360 ლარი, რის ნახევარს შეადგენს 180 ლარი, რომელიც თანაბარწილად უნდა განაწილებულიყო მხარეთა შორის, თუმცა, ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ლ. პ-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ. გ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი _ 180 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება ბ. გ-სა და ლ. პ-ს შორის შემდეგი პირობებით:

1. ბ. გ-ე კისრულობს ვალდებულებას, რომ შვილების _ გ. და კ. გ-ების სასარგებლოდ გადაიხდის ალიმენტს თვეში 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სასამართლოს მიერ მორიგების დამტკიცების დღიდან;

2. ბ. გ-ე ვალდებულია, რომ სასამართლოს მიერ მორიგების დამტკიცებიდან ათი თვის განმავლობაში დამატებით გადაიხადოს ალიმენტის დავალიანება 1250 (ათას ორას ორმოცდაათი) ლარი, თვეში 125 (ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით.

გაუქმდეს ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებები.

შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება ლ. პ-ის სარჩელის გამო ბ. გ-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

სახელმწიფო ბაჟი განახევრდეს და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 180 ლარის ოდენობით დაუბრუნდეს ბ. გ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.