Facebook Twitter

საქმე №340აგ-15 15 მარტი, 2016 წელი

ჩ-ე თ.- 340აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 აგვისტოს განაჩენით თ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50–ე მუხლის გამოყენებით 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის განაჩენით თ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 აგვისტოს განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ მას განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. თ. ჩ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 22 დეკემბრიდან.

მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული უფლებები.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 ნოემბრის განაჩენით თ. ჩ-ის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ჩ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, კერძოდ:

მსჯავრდებულ თ. ჩ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 აგვისტოს განაჩენით დანიშნული 4 წელი - პირობითი მსჯავრი, ასევე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით და საბოლოოდ, სსკ-ის 59-ე და 67-ე მუხლების თანახმად, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განჩინებით შეიცვალა, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ თ. ჩ-ეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ თ. ჩ-ეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით;

საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 6 წლის ვადით - დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 7 თვე და 15 დღე და მსჯავრდებულ თ. ჩ-ეს მოსახდელად განესაზღვრა - 8 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 22 დეკემბრიდან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით დაკმაყოფილდა თ. ჩ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, კერძოდ:

თ. ჩ-ისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული (მოუხდელი), ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და თ. ჩ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 22 დეკემბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განჩინება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 21 იანვრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. 2015 წლის 31 ივლისს მსჯავრდებულმა თ. ჩ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვა და მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 ნოემბრისა და იმავე სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენებში შევიდა შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ თ. ჩ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

10. მსჯავრდებული თ. ჩ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენით ცვლილება შეეხო მხოლოდ ქმედების კვალიფიკაციის ნაწილს, რასაც არ ეთანხმება და ითხოვს ხსენებული განაჩენის გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.

5. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ თ. ჩ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

ზ. მეიშვილი