ას-294-616-09 24 სექტემბერი , 2009 წელი
¹
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილება (მოპასუხე)
კასატორის წარმომადგენელი _ ზ. ქ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. დ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შუახევის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. დ-ძემ, მოპასუხედ შუახევის სატყეო მეურნეობა დაასახელა და განმარტა: 1993 წლიდან მუშაობდა შუახევის რაიონის აგროსატყეო მეურნეობაში. 2005 წლის 18 ივნისიდან 22 სექტემბრამდე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. 2005 წლის აგვისტოში განხორციელდა აგროსატყეო მეურნეობის გაერთიანება, სახელმწიფო სატყეო მეურნეობასთან, რის შესახებაც იგი კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული არ ყოფილა, სატყეო მეურნეობის დირექციამ კი სამსახურში დაბრუნებაზე უარი უთხრა. გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელემ მისი მუშაობის პერიოდში – 1998-2005 წლებში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება და სამუშაოზე აღდგენა მოითხოვა.
შუახევის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით პირველი ინსტანციის მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის შუახევის რაიონულ სასამართლოს დაუბრუნდა.
შუახევის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მარტის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმული იქნენ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ხოლო ამავე სასამართლოს 2007 წლის 22 მაისის განჩინებით საქმეში ასევე მესამე პირად ჩაბმული იქნა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნ. დ-ძეს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენაზე, მესამე პირს აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაეკისრა კომპენსაციის სახით 120 ლარის და ერთი თვის ხელფასის 60 ლარის ანაზღაურება, მისი სამსახურის ლიკვიდაციის გამო შესაძლო გათავისუფლების შესახებ გაუფრთხილებლობის გამო; ნ. დ-ძის სარჩელი 1998-2002 წლების პერიოდისათვის მიუღებელი ხელფასის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, მესამე პირს აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1580 ლარისა და 275 ლარის ოდენობით, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა ნ. დ-ძის შრომისუუნარობის ფურცელზე ყოფნის გამო, 2005 წლის 18 ივლისიდან 22 სექტემბრამდე პერიოდისათვის, შრომისუუნარობის ფურცელთა წარდგენა შესაბამისი დოკუმენტაციით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შუახევის რაიონულ განყოფილებაში.
შუახევის რაიონული სასამართლოს, 2007 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ორი თვის თანამდებობრივი სარგოს კომპენსაციის 120 ლარის და ერთი თვის ხელფასის 60 ლარის ოდენობით გადახდა, 1998-2005 წლებში მიუღებელი ხელფასის 1580 ლარისა და 275 ლარის დაკისრება და შრომისუუნარობის ფურცელზე ყოფნის გამო 2005 წლის 18 ივნისიდან 22 სექტემბრამდე პერიოდისათვის შრომისუუნარობის ფურცელთა წარდგენა შესაბამისი დოკუმენტაციით, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შუახევის რაიონულ განყოფილებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ნ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სატყეო მეურნეობის მართვის შუახევის რაიონულ განყოფილებას ნ. დ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1507 ლარის გადახდა.
საპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე მუშაობდა შუახევის აგროსატყეო მეურნეობაში.
ს.ფ. 50-ზე განთავსებულია აჭარის ა/რ მთავრობის ¹24 განკარგულება 2005 წლის 5 ივლისისა – ყოფილი საკომეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების ტყის ფონდის მიწების აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გამგებლობაში გადაცემის შესახებ.
განკარგულების მე-4 პუნქტის თანახმად „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონებში არსებული შუახევის აგროსატყეო მეურნეობის ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული და სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება დაევალა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს“.
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა და მესამე პირთა წარმომადგენლებმა დაადასტურეს და სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საკოლმეურნეო ტყეები, რომლის მართვა-გამგეობასაც ახორციელებდა შუახევის აგროსატყეო მეურნეობა აჭარის ა/რ სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილებას გადაეცა.
დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ საწარმო, სადაც ნ. დ-ძე მუშაობდა ანუ შუახევის აგროსატყეო მეურნეობა, ფაქტობრივად კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით შექმნილ საწარმოს წარმოადგენდა, მაგრამ არ იყო რეგისტრირებული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნთა შესაბამისად.
პალატის განმარტებით, მართალია, საქმეში წარმოდგენილი აჭარის ა/რ მთავრობის 205 წლის 5 ივლისის განკარგულების თანახმად უნდა მომხდარიყო შუახევის რაიონის აგროსატყეო მეურნეობის ლიკვიდაცია, მაგრამ როგორც ირკვევა, ფაქტობრივად მოხდა არა ლიკვიდაცია, არამედ რეორგანიზაცია საწარმოსი, რაც გამოიხატა იმაში, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით მოუწესრიგებელი საწარმოს საქმიანობა სამართლებრივ რეჟიმში მოიქცა. იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ იმ საწარმოს უფლება-მოვალეობები სადაც მოსარჩელე მუშაობდა, (საკოლმეურნეო ტყეების მართვა-გამგეობა), მთლიანად გადაეცა მოპასუხე ორგანიზაციას, აჭარის ა/რ სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილებას, პალატა მიიჩნევს, რომ არანაირ ლიკვიდაციას ადგილი არ ჰქონია, არამედ მოხდა რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც შუახევის რაიონის აგროსატყეო მეურნეობის ქონება სამართავად გადაეცა შუახევის სატყეო მეურნეობას.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელმა დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მაშინ როცა იგი მუშაობდა მოსარჩელესთან ერთად შუახევის აგროსატყეო მეურნეობაში 1998 წელს, რამდენადაც ახსოვს, დ-ძის ხელფასი დაახლოებით 20 ლარს შეადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ დადგენილად ჩათვალა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დ-ძის ხელფასი ხელზე ასაღებ 23 ლარს შეადგენდა. საკითხზე _ აქვს თუ არა მიუღებელი მოსარჩელეს 1998-2005 წლების ხელფასი, მოპასუხემ განმარტა, რომ მათი ორგანიზაცია ამ დავაში არ არის სათანადო მხარე, ამდენად მას არც იმ მტკიცებულებების წარმოდგენა შეუძლია სასამართლოში, რომელიც აღნიშნულ გარემოებას უარყოფს, ხოლო რაკი მოსარჩელემ ვერ შეძლო ამ გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
პალატის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, მოსარჩელეს მიღებული აქვს თუ არა განვლილი წლების ნამუშევარი კუთვნილი ხელფასი – აწევს მოპასუხე მხარეს. რადგან ამის დამადასტურებელ კანონშესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა, (კონკრეტულად კი სახელფასო უწყისებისა რომლითაც უტყუარად დასტურდება მართლაც აღებული აქვს თუ არა მოსარჩელეს კუთვნილი გასარმჯელო), სწორედ ორგანიზაციის წარმოსადგენია, ანუ მისი მტკიცების ტვირთია.
რაც შეეხება საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 423 მუხლით გათვალისწინებულ გათავისუფლებული მუშაკის კომპენსაციებსა და შეღავათებს, პალატის განმარტებით, მოსარჩელის ეს მოთხოვნა უკანონოა, რადგან მისი სამუშაოდან დათხოვნის დროისათვის 2005 წლის 18 ივნისისათვის – აღნიშნული ნორმა შრომის კანონთა კოდექსისა აღარ მოქმედებდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილებამ.
კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლომ სათანადო მოპასუხეობის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობისას მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სწორად იქნა შერჩეული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველოს ტერიტორიული ორგანო – სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილების სახით, რადგან საკოლმეურნეო ტყეები, რომლის მართვა-გამგეობასაც ახორციელებდა შუახევის აგროსატყეო მეურნეობა აჭარის ა/რ სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილებას გადაეცა. აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ, კასატორის წარმომადგენელი განმარტავს, რომ „აგროსატყეო მეურნეობა“, წარმოადგენდა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების – სახით არსებულ იურიდიულ პირს 100%-იანი წილის სახელმწიფო საკუთრებით. მისი განმარტებით „საქართველოს ტყის კოდექსის“ 115-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 სექტემბრის ¹404 ბრძანებულების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის ¹24 განკარგულების თანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გამგებლობაში გადმოეცა მხოლოდ აჭარის ა/რ ტერიტორიაზე არსებული ყოფილი საკოლმეურნეო ტყეები და საბჭოთა მეურნეობის ტყის ფონდის მიწები. (შ.პ.ს.-ს) ქონება აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს არ გადმოცემია.
კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მოცემული მსჯელობით შეიძლება იმ დასკვნამდე მივიდეთ, რომ სახელმწფიო ქონების გამგებლობის განმახორციელებელი კერძო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, მითითებული ქონების ნორმატიული აქტით სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის გამგებლობაში გადაცემა წარმოშობს და ითვალისწინებს ამ კერძო სამართლის იურიდიული პირის ვალდებულებების შესრულებას. კასატორის წარმომადგენელს მოცემული მსჯელობა ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებულად მიაჩნია და შესაბამისად მითითებული საფუძვლით სატყეო რესურსების მართვის განყოფილების დავალდებულებას და თანხის დაკისრებასაც უკანონოდ მიიჩნევს.
კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული თუ რომელი სამართლებრვი და საქმეში არსებული მტკიცებულების საფუძველზე მივიდა სასამართლო იმ დასკვნამდე, რომ განხორციელდა აგროსატყეო მეურნეობის რეორგანიზაცია და არა ლიკვიდაცია.
კასატორის წარმომადგენელმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ფაქტობრივად მოხდა შპს ,,შუახევის რაიონის აგროსატყეო მეურნეობის” არა ლიკვიდაცია, არამედ რეორგანიზაცია, რაც გამოიხატა იმაში, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით მოუწესრიგებელი საწარმოს საქმიანობა სამართლებრივ რეჟიმში მოიქცა, რომლის შედეგადაც შუახევის რაიონის აგროსატყეო მეურნეობის ქონება სამართავად გადაეცა სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილებას, შესაბამისად მოსარჩელის მიერ სწორად შეირჩა მოპასუხე მხარე.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის ¹24 განკარგულება, რომლის თანახმად „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონებში არსებული შუახევის აგროსატყეო მეურნეობის ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული და სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება დაევალა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს“, შესაბამისად გაურკვეველია სააპელაციო სასამართლო რომელი მტკიცებულებების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოხდა შპს ,,შუახევის რაიონის აგროსატყეო მეურნეობის” არა ლიკვიდაცია, არამედ რეორგანიზაცია. საქმიდან არ ირკვევა გატარდა თუ არა რაიმე სახის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიება და აგრეთვე გაფორმდა თუ არა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის ¹24 განკარგულების 1-ლი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული მიღება-ჩაბარების აქტი.
ამასთან საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად არასწორად მიიჩნია კასატორი __ შპს ,,შუახევის რაიონის აგროსატყეო მეურნეობის” სამართალმემკვიდრედ და მოპასუხე მხარედ.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეზე არ არის სრულად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ხელახლა განიხილოს სასამართლომ.
საქარველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს თუ არა სარჩელი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობის მქონეა ის გარემოება, მოხდა თუ არა ლიკვიდაცია; მხოლოდ ამ გარემოების დადგენის შემდეგ უნდა მომხდარიყო სარჩელის დაკმაყოფილება ან არდაკმაყოფილება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს მხარეთა სათანადობის საკითხი, ასევე გამოიკვლიოს უზრუნველყო თუ არა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის ¹24 განკარგულებით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების გატარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.