საქმე №347აგ-15 15 მარტი, 2016 წელი
ე-ი გ.- 347აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ე-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მარტის განაჩენით გ. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 1000 ლარი; სსკ-ის 273-ე მუხლით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, გ. ე-ს განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით გაუქმდა გ. ე-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მსჯავრდებულს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი. გ. ე-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2014 წლის 26 იანვრიდან.
მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული უფლებები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის განაჩენით გ. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 8 ივნისის ეპიზოდი) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი) - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, გ. ე-ს განესაზღვრა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა - შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მარტის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო - 2014 წლის 25 დეკემბრიდან.
მასვე 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული უფლებები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის განაჩენში აღმოიფხვრა უზუსტობა, კერძოდ: გ. ე-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მარტის განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2014 წლის 26 იანვრიდან იმავე წლის 25 დეკემბრამდე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. 2015 წლის 3 აგვისტოს მსჯავრდებულმა გ. ე-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვა და მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მარტისა და იმავე სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის განაჩენებში შევიდა შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ გ. ე-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მარტისა და იმავე სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. მსჯავრდებული გ. ე-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის განაჩენს და ითხოვს საქმის ხელახალ განხილვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ. ე-სათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელი არათუ ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, არამედ იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით შეფარდებული აქვს უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
5. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ე-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
ზ. მეიშვილი