¹ას-295-617-09 23 ივნისი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ მ. მ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 იანვრის განჩინება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 28 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოპასუხე მ. მ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო მოპასუხისათვის 3 160.07 ლარისა და 19.30 აშშ დოლარის დაკისრება.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მ. მ-ძესთან 2005 წლის 30 მარტს გააფორმა კონტრაქტი ოთხი წლის ვადით. მხარეებს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გაწეული საქმიანობის გასამრჯელო, კონტრაქტის მოქმედების ვადა და მისი ვადამდე შეწყვეტის პირობები განისაზღვრა კონტრაქტის ძალაში შესვლის დღიდან. კონტრაქტის 7.3 მუხლის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდება შეუწყვიტოს ოთხწლიანი კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს კონტრაქტით მასზე დახარჯული ფულადი თანხები.
მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ რამდენადაც მ. მ-ძემ დაარღვია კონტრაქტის პირობები, კონტრაქტის 7.3 მუხლიდან გამომდინარე, იგი ვალდებული იყო თავდაცვის სამინისტროსათვის აენაზღაურებინა მასზე დახარჯული თანხა, რაც შეადგენდა 3 160.07 ლარსა და 19.30 აშშ დოლარს (ს.ფ. 1-2).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს _ ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას (ს.ფ. 55-57).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს (ს.ფ. 64-65).
ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მ. მ-ძემ 19.30 აშშ დოლარის მოთხოვნის მასზე დაკისრების ნაწილში სარჩელი ცნო, ხოლო დანარჩენ თანხასთან (3 160.07 ლარი) მიმართებით აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა (ს.ფ. 76-80).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. მ-ძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 19.30 აშშ დოლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის 3 160.07 ლარის დაკისრების შესახებ სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, რადგან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 7.3 მუხლის «ა» პუნქტიდან გამომდინარე, კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში სამინისტროსათვის სამხედრო მოსამსახურეს ფულადი თანხა უნდა აენაზღაურებინა მხოლოდ ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მოპასუხემ კი მხოლოდ რვა თვე იმსახურა. ამდენად, კონტრაქტის მითითებული მუხლის მოთხოვნა მ. მ-ძეზე ვერ გავრცელდებოდა იმ მიზეზით, რომ მას ვალდებულება არ დაურღვევია.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა სანივთე ქონების დავალიანების ანაზღაურების შესახებ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რამდენადაც საქმეში არსებული ცნობით დგინდებოდა, რომ მ. მ-ძეს გააჩნდა აღნიშნული სახის დავალიანება 19.30 აშშ დოლარის ოდენობით (ს.ფ. 81).
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ს.ფ. 85-87).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 154-158).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ს.ფ. 166-175).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ. 204-210).
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და აღნიშნა, რომ ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის შეუსრულებლობის გამო მოპასუხისათვის 3 160.07 ლარის დაკისრებას სამოქალაქო კოდექსით ზიანის ანაზღაურებისათვის დადგენილი ნორმების შესაბამისად (ს.ფ. 227-230).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სადავოდ არ გაუხდია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. მ-ძეს შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, მაგრამ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ადმინისტრაციული ორგანო _ თავდაცვის სამინისტრო, ფიზიკური პირისაგან _ სამხედრო მოსამსახურისაგან ითხოვდა ზიანის ანაზღაურების თაობაზე სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ საქმეზე შესამოწმებელი იყო მოთხოვნის სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან შესაბამისობა, რაც სამოქალაქო საქმეთა პალატის კომპეტენციას წარმოადგენდა. ასეთ დასკვნას განაპირობებდა სასამართლო წესით (დავის წარმოების გზით) დასაცავი უფლების მატერიალური შინაარსი, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა და უფლებები, რომელთა დასაცავადაც აღიძრა სარჩელი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავა სამოქალაქო ხასიათის იყო, რის შესაბამისადაც არ არსებობდა დავის გადაწყვეტისათვის ადმინისტრაციული კანონმდებლობის გამოყენების საჭიროება (ს.ფ. 231-235).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2005 წლის 30 მარტს მ. მ-ძესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2005 წლის 2 დეკემბრის ¹3126 ბრძანებით უმცროსი სერჟანტი მ. მ-ძე 2005 წლის 10 ნოემბრიდან დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან;
მ. მ-ძის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ვადა შეადგენდა 8 თვეს;
მ. მ-ძეს ხელფასის სახით ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიღებული აქვს 3 160.07 ლარი;
კონტრაქტის მეოთხე მუხლის 4.1 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მიეცემა ანაზღაურება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით დადგენილი 1 ა) კატეგორიის ხელფასის სახით თვეში 447 ლარის ოდენობით, ხოლო 5.1.2 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო ვალდებულია სამხედრო მოსამსახურეს გადაუხადოს 4.1 მუხლში აღნიშნული ხელფასი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამხედრო მოსამსახურე მ. მ-ძე კონტრაქტის გაფორმებიდან, მათ შორის, მომზადების პერიოდშიც უზრუნველყოფილი იყო სათანადო ანაზღაურებით ანუ ხელფასით.
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებიდან ირკვეოდა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა მ. მ-ძის მიერ 8 თვის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული 3 160.07 ლარი, ანუ აღნიშნული ოდენობის თანხა წარმოადგენდა ახალი სამხედრო მოსამსახურის მომზადებისათვის დამატებით დახარჯულ თანხას, რამაც სამინისტროს მიაყენა ზიანი.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ზემომითითებული მსჯელობა არამართებულად მიიჩნია იმ მიზეზით, რომ აღნიშნული მოსაზრება არ იყო დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სახეზე არ იყო ზიანი, რაც გამოიწვევდა მ. მ-ძის ქონებრივ პასუხისმგებლობას.
სააპელაციო სასამართლომ მოსაზრება იმის შესახებ, რომ მ. მ-ძის მომზადების პერიოდში ხელფასის სახით გაცემული თანხა წარმოადგენდა ზიანს, რომლის ანაზღაურებასაც მოსარჩელე მოითხოვდა, ასევე არასწორად მიიჩნია, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:
საქმეზე დგინდებოდა, რომ მ. მ-ძის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ვადა შეადგენდა 8 თვეს, რის სანაცვლოდაც მან მიიღო ანაზღაურება 3 160.07 ლარის ოდენობით. მოპასუხე ამ დროის განმავლობაში დასაქმებული იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ასრულებდა სამუშაოს, რისთვისაც დამსაქმებლის მიერ ანაზღაურების, ხელფასის სახით გადახდილ იქნა 3 160.07 ლარი. ზიანის სახით აღნიშნული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა ეწინააღმდეგებოდა როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის სამართლიანი ანაზღაურების პრინციპს, ისე მოქმედ შრომით კანონმდებლობას. სამხედრო მოსამსახურისათვის ხელფასის სახით მიცემული თანხა არ შეიძლებოდა განხილულიყო როგორც ზიანი, რამდენადაც მითითებული თანხა წარმოადგენდა გაწეული შრომის კომპენსაციას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვერ ამტკიცებდა, თუ რა თანხა იქნა დახარჯული მ. მ-ძის, როგორც სამხედრო მოსამსახურის მომზადებაში, კონტრაქტის დარღვევის შემდეგ მოამზადა თუ არა ახალი სამხედრო მოსამსახურე, რა თანხა დაიხარჯა მის მომზადებაში და საერთოდ, კონტრაქტის დარღვევით მიიღო თუ არა თავდაცვის სამინისტრომ მატერიალური (ქონებრივი) ზიანი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა (ს.ფ. 254-261).
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განჩინებით საქმე გადასცა განსჯად სასამართლოს _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, ე.ი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა პირველი ინსტანციით საქმის არაგანსჯადი სასამართლოს მიერ განხილვა. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად გაეუქმებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც არაკანონიერი შემადგენლობის მიერ მიღებული.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი. გასაჩივრებულ განჩინებაში მჯელობა იმის შესახებ, რომ მოვალისათვის წინასწარ არ იყო ცნობილი სავარაუდო ზიანი, უსაფუძვლოა, რადგან მოთხოვნილი ზიანის შინაარსზე მიუთითებს კონტრაქტის 8.3 და 8.4 მუხლები, საიდანაც ცალსახაა, რომ კონტრაქტორმა იცოდა იმ სავარაუდო ზიანის მოთხოვნის შესახებ, რომელიც შესაძლოა სამინისტროს მოეთხოვა, როგორც მის მომზადებაზე დახარჯული თანხა.
კონტრაქტის დადებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტერესი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინირებული, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით უზრუნველყოფა, რაც მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის დარღვევით ვერ იქნა მიღწეული. სწორედ კონტრქტის დარღვევა წარმოადგენდა ზიანის გამომწვევ მოქმედებას, რადგან კონტრაქტის დასრულების შემდგომ, თავდაცვის სამინისტრო მიიღებდა ჩამოყალიბებულ სამხედრო მოსამსახურეს.
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის მიერ, ხოლო შეიარაღებული ძალების ყოველგვარი უზრუნველყოფისათვის გამოიყოფა შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნებები. იმ ვითარებაში, როდესაც სამხედრო მოსამსახურე ვადაზე ადრე შეწყვეტს კონტრაქტს, აუცილებელია მოხდეს გათავისუფლებული ადგილის შევსება, რასაც დამატებითი თანხები ესაჭიროება, შეიძლება ეს იყოს ხელფასი, ან სხვა სახის დანამატები. თავდაცვის სამინისტროსადმი მიყენებული ზიანი იმაში მდგომარეობს, რომ ახალი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთნა დამატებით და ახალ ხარჯებთანაა დაკავშირებული (ს.ფ. 268-275).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავა არ განეკუთვნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის დავის საგანია მ. მ-ძის, როგორც სამხედრო მოსამსახურის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თავდაცვის სამინისტროსა და მ. მ-ძეს შორის სადავო ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი, რომლის 1.1 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად იმსახუროს სამინისტროს ქვედანაყოფებში, ხოლო სამინისტრო ვალდებულია, სამხედრო მოსამსახურეს გადაუხადოს შეთანხმებული ხელფასი და უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურით და შესაბამისი პირობებით. სადავო არ არის, რომ აღნიშნული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რამდენადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დადებულია თავისი საჯარო უფლებამოსილების განხორციელების _ სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით.
საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 2 დეკემბრის ¹3126 ბრძანებით სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის სამედიცინო ოცეულის საევაკუაციო ჯგუფის სანინსტრუქტორი, უმცროსი სერჟანტი მ. მ-ძე 2005 წლის 10 ნოემბრიდან დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «თ» ქვეპუნქტის საფუძველზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა გამომდინარეობს სწორედ კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობიდან, კერძოდ, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის დადებული 4-წლიანი კონტრაქტი მოპასუხის სურვილით შეწყდა. ამდენად, მოსარჩელე სადავოდ ხდის ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობების შესრულებას, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტისა და 251 მუხლის თანახმად ადმინისტრაციული დავის საგანია.
ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ემყარება სამოქალაქო კოდექსის ნორმებს, არ ნიშნავს, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ამის გამო კერძოსამართლებრივ შინაარსს იძენს. დავის არსის გათვალისწინებით სადავო ურთიერთობის სამართლებრივი საფუძვლების სწორად განსაზღვრა სასამართლოს ვალდებულებაა და ამ შემთხვევაში სასამართლო მხარის მიერ დასახელებული სამართლის ნორმებით არ არის შებოჭილი. ამასთან, გასათვალისწინებელია ასევე, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის V თავი («ადმინისტრაციული ხელშეკრულება») სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენებას ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ სრულიად დასაშვებად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში მოთხოვნის საფუძვლიანობის განსასაზღვრად ძირითადი და გადამწყვეტია, პირველ რიგში შეფასდეს სწორედ მხარეთა შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობები, ასევე ადმინისტრაციული კანონმდებლობის _ «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის, «სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ» კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების მოთხოვნები. მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნორმების გამოყენების შემდეგ არის შესაძლებელი, გაირკვეს მოთხოვნის სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან შესაბამისობა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმე განხილულია საგნობრივი განსჯადობის წესების დარღვევით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 იანვრის განჩინება;
საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.