¹ას-295-623-07 22 ივნისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ზ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთA პალატის 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 7 აგვისტოს ნ. ზ-მა სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გ. ზ-ს მიმართ და მოითხოვა შვილების _ 1990 წლის 31 ივლისს დაბადებული მ. გ. ძე ზ-ს (დაავადებული “ოლიგოფრენიით”) სარჩოდ ალიმენტის დაკისრება 100 ლარის ოდენობით, ხოლო 1996 წლის 13 მარტს დაბადებული ლ. გ. ასული ზ-ს სარჩოდ _ 30 ლარის. ასევე მოითხოვა, მ. ზ-ს უძიმესი ავადმყოფობით გამოწვეული დამატებითი ხარჯის, კერძოდ 2000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ზ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე გ. ზ-ს არასრულწლოვანი შვილების სარჩოდ ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად მ. ზ-სათვის _ 100 ლარის, ხოლო ლ. ზ-სათვის _30 ლარის გადახდა მათი სრულწლოვანების მიღწევამდე.
გ. ზ-ს შვილის _ მ. ზ-ს სასარგებლოდ დაეკისრა დამატებითი ხარჯების სახით _1500 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე გ. ზ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის სახით შვილების სასარგებლოდ მისთვის 60 ლარის დაკისრება, თითოეულზე 30-30 ლარის ოდენობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ზ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება მ. ზ-ს სასარგებლოდ 100 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. ზ-ს არასრულწლოვანი შვილის _ მ. ზ-ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 60 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები ერთანაირ მატერიალურ მდგომარეობაში იმყოფებიან, არიან უმუშევრები და არ გააჩნიათ დამატებითი შემოსავლის წყარო. ხოლო მ. ზ-ი, რომელიც დაბადებიდან ინვალიდია და საჭიროებს ყოველდღიურ სარეაბილიტაციო პროცედურებს, იმყოფება დედასთან. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან ორივე მშობელს ერთნაირი ვალდებულება აკისრია შვილის რჩენისათვის, შესაბამისად მოპასუხე გ. ზ-ს მ. ზ-ს სასარგებლოდ, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს 60 ლარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ზ-მა და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით მისთვის ალიმენტის სახით მ. ზ-ს სასარგებლოდ 30 ლარის დაკისრება მის სრულწლოვანებამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მაისის განჩინებით გ. ზ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ზ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას გ. ზ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ზ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი საქართველოს ეროვნული ბანკის (კოდი:220101107) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033078 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.